სტელა მაკარტნის ნიუ-იორკის ფილიალი, მედისონ ავენიუზე, 2016 წლიდან ფუნქციონირებს. სტელას კომპანიამ ტერიტორია Mallett Inc.-სგან იქირავა, რომელიც ახლა დიზაინერს ქირის გადაუხდელობის გამო უჩივის. გამქირავებელი კომპანიის განცხადებით, მაკარტნიმ ქირის გადახდა მარტში შეწყვიტა, როდესაც დაავადებულთა მზარდი რიცხვის გამო, ქალაქში ყველა არააუცილებელი ბიზნესი დაიხურა.

სარჩელის მიხედვით, მაკარტნის აქვს ვალდებულება 1 მილიონი დოლარის ოდენობით. მან ასევე უნდა დაფაროს კონტრაქტით გათვალისწინებული 9 მილიონი დოლარი, რომელიც 2027 წლამდეა გაწერილი.

სტელა მაკარტნიმ სასამართლოში საპასუხო სარჩელი შეიტანა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თავის კომპანიას არანაირი ვალდებულება არ აქვს. სტელას განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ ნიუ-იორკში ტანსაცმლის მაღაზიები მარტიდან ივლისამდე დაკეტილი იყო, პანდემიის გამო, გაფორმებული ხელშეკრულება ვალიდურად არ ითვლება.

Stella McCartney Flagship Store, Madison Av. / WWD

მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქებისა, მედისონ ავენიუზე მდებარე სტელა მაკარტნის ფილიალი მარტის შემდეგ არ გახსნილა. მიზეზად მაკარტნიმ ქალაქში ხალხის მოძრაობის ნაკლებობა და შეზღუდვები დაასახელა. პარალელურად, პანდემიის გამო კომპანიაში გაყიდვების სისტემის სრული რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობდა. მაკარტნის სარჩელში აღნიშნულია, რომ კონტრაქტის მიხედვით მედისონ ავენიუს მაღაზია უნდა ყოფილიყო “მსოფლიო დონის” სავაჭრო ობიექტი, რაც არსებულ რეალობაში შეუძლებელია. “კოვიდ პანდემიამ იმდენად შეცვალა კონტრაქტით გათვალისწინებული წინაპირობა, რომ მისი აქტუალურობა ახლა ფაქტობრივად გაუქმებულია.”

მაკარტნის სარჩელში ასევე არის მოთხოვნები 675 ათასი დოლარის ოდენობით გადახდილი დეპოზიტის დაბრუნებასთან და Mallett-ის მიერ საადვოკატო თანხების დაფარვასთან დაკავშირებით.

სტელა მაკარტნი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა პანდემიის გამო. 2020 წელს ინდუსტრიაში სავაჭრო ობიექტების დაახლოებით 50%-მა ისარგებლა შემსუბუქებული გადახდის სისტემით.