სნეჟანა ონოპკა 1986 წელს სევეროდონეცკში, უკრაინაში დაიბადა. მისი საერთაშორისო კარიერა 2001 წელს კიევში გადასვლის შემდეგ დაიწყო. პირველი სამუშაო კონტრაქტით იაპონიაში გაემგზავრა, თუმცა იქ სამუშაო გამოცდილება საკმაოდ ნეგატიური აღმოჩნდა. დამწყებ მოდელს ჰონორარი არ გადაუხადეს და მან ძლივს შეძლო სამშობლოში დაბრუნება. როგორც ხშირად უთქვამს, ამ ფაქტის შემდეგ, მოდელობა აღარ სურდა, თუმცა მეგობრების დაჟინებით, მისი პოლაროიდები წამყვან სააგენტოში, DNA-ში გადააგზავნეს და სნეჟანასთვის მოულოდენად, ნიუ-იორკიდან მოწვევა მოუვიდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მიწვევისა, უკრაინელს კვლავ არ სურდა მოდელობა, მაგრამ ნიუ-იორკელ აგენტებს მასთან შეხვედრა იმდენად სურდათ, რომ კიევში ჩააკითხეს, გაიცნეს მისი მშობლები და სნეჟანაც დაიყოლიეს. აქედან დაიწყო სნეჟანას თავბრუდამხვევი კარიერა.
“17 წლის ვიყავი ნიუ-იორკში რომ ჩავედი. პირველი 2 თვის განმავლობაში, საკმაოდ წარმატებული სატესტო გადაღებები მქონდა, თუმცა მაინც არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, რომ მოდელობა მინდოდა, ამიტომ დაბრუნება გადავწყვიტე, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ პასპორტი დავკარგე, ვიზას კი 1 თვეში ვადა გასდიოდა. დავიწყე დოკუმენტის მომზადება, რის მეშვეობითაც სამშობლოში ჩაფრენას შევძლებდი. ამ დროს ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ სტივენ მეიზელის ასისტენტს სურდა ჩემთან შეხვედრა. გამაფრთხილეს, რომ ძალიან რთული ქალია და მასთან კომუნიკაცია ყველას უჭირს, მაგრამ მე არ შემშინებია. შეხვედრაზე ძალიან კარგ ხასიათზე მივედი, მახსოვს შანელის ჩანთა მქონდა, განსხვავებული იყო, დიდი ჯიბეებით წინა მხარეს, აღმოჩნდა რომ მასაც ზუსტად ასეთი ჩანთა ჰქონდა. არ ვიცი, თუ რა მოხდა იმ შეხვედრაზე, მაგრამ სასწაულებრივად მე და მეიზელის ასისტენტმა საერთო ენა ვიპოვეთ და ძალიან კარგი ურთიერთობა ავაწყეთ. მეორე დღეს გვითხრეს, რომ მეიზელს ჩემი გადაღება სურდა იტალიური ვოგის ყდისთვის და ასევე პრადასა და D&G-ს კამპანიებში. ძლივს შევძელით ვიზის გაგრძელება, ასეთი რაღაცები არ ხდება, თუმცა მაშინ მოხდა.”





1 წელიწადში, 18 წლის სნეჟანამ შისეიდოსთან კონტრაქტი გააფორმა, დეკორატიული კოსმეტიკის ხაზის სახე გახდა და პირველი მილიონი დოლარიც გამოიმუშავა. პარალელურად ის მონაწილეობას იღებდა ყველა წამყვანი ბრენდის ჩვენებაში, იყო ყველა წამყვანი ბრენდის კამპანიაში – პრადადან მაქს მარამდე. კარიერის დაწყებიდან 3 წელიწადში, 21 წლის სნეჟანამ მანჰეტენზე, ქალაქის ცენტრში, ბინა იყიდა. “მახსოვს, მე და დედაჩემი ნიუ-იორკში მაღაზიებში დავდიოდით, ვყიდულობდით ყველაფერს, რაც გვსურდა.” სნეჟანა კარიერის განმავლობაში გახდა ისეთი ბრენდების სახე, როგორებიცაა: Calvin Klein, Saint Laurent, Louis Vuitton, Gucci, Hugo Boss, Emilio Pucci, Tom Ford, იყო ისეთი ჟურნალების ყდებზე, როგორებიცაა ფრანგული, იტალიური, პორტუგალიური და რუსული ვოგი, თუმცა სნეჟანას ყველაზე დიდი წარმატება პოდიუმმა მოუტანა: მანერულმა სიარულმა ის პოდიუმის კერპად აქცია, რომელიც ყველა დიზაინერს სურდა.







მიუხედავად წარმატებული კარიერისა, 2011 წელს, კერძოდ ქორწინების შემდეგ, სნეჟანამ სააგენტო დატოვა (როგორც ახლა ცნობილი გახდა, მან თავისი კონტრაქტი გამოისყიდა) და მოდის სამყაროდან ფაქტობრივად გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან სნეჟანას ჰქონდა გამოჩენები უმნიშვნელო ჩვენებებსა თუ ყდებზე, ეს მის წარსულ კარიერასთან არანაირ კავშირში არ ყოფილა. ასეთი შემთხვევები იშვიათობა არაა, თუმცა ონოპკას მოდიდან გაუჩინარება ინდუსტრიისთვის მაინც განსაკუთრებულად საწყენი აღმოჩნდა.





2020 წლის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ სნეჟანამ 9 წლიანი ქორწინების შემდეგ, ქმართან დაშორება გადაწყვიტა, ხოლო ზაფხულში მისი ვრცელი ინტერვიუ გავრცელდა ონლაინ პლატფორმისთვის, სადაც სნეჟანამ ისაუბრა სირთულეებზე, რომელიც მას ოჯახში ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ქორწილიდან რამდენიმე კვირაში, ქმარმა სნეჟანაზე პირველად იძალადა და მომდევნო 9 წლის განმავლობაში ამას სისტემატიური სახე მიეცა.
“მეშინოდა, როდესაც სახლში მოდიოდა ვლოცულობდი, კარგ ხასიათზე ყოფილიყო, როგორც კი ვნახავდი, მაშინვე მეორე სართულზე ავდიოდი და ხმას არ ვცემდი, რადგან ნებისმიერ სიტყვას ჩემს მხრიდან შეეძლო მასში უდიდესი აგრესია გამოეწვია … ერთხელ მონაკოში დასვენებისას თავი გამიტეხა, მთელი დროის განმავლობაში ქუდით მიწევდა სიარული … მას შემდეგ, რაც ის ორჯერ გამოვიჭირე ტყუილსა და ღალატში, ვუთხარი, რომ განქორწინება მსურდა, დედაჩემი მოვიდა ჩვენთან სახლში, ყოფილმა ქმარმა გვთხოვა დაგველაპარაკა, თუმცა დედაჩემმა უარი უთხრა ჩვენს ურთიერთობაში ჩარევაზე. ამ დროს მან დედაჩემის და ჩემი ცემა დაიწყო, დედაჩემს საავადმყოფოში ნეკნების მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინეს. ამ დროს აბაზანაში ჩავიკეტე და მსურდა ვენები გადამეჭრა, თუმცა გონს მოვეგე და მივხვდი, რომ ეს ძალიან არასწორი იქნებოდა და მე მქონდა მიზეზები, რისთვისაც უნდა მეცხოვრა … ყოველ ჯერზე, როდესაც ქმარს ვეუბნებოდი, რომ განქორწინება მსურდა მისი პასუხი იყო “დაივიწყე, მე ვიქნები ქორწინებაში, ან ქვრივი.” ძალიან მიჭირდა, აღარ ვიღიმოდი, აღარ ვტიროდი, არანაირი ემოცია აღარ მქონდა. ქმართან არანაირი ინტიმური ურთიერთობა არ მქონდა, ბოლო წვეთი კი გაუპატიურება იყო, საშინელებაა, როდესაც გძინავს და ვიღაც გაღვიძებს და შენზე სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობს.”
სნეჟანას თქმით, მან სახლის დატოვება გაბედა, როდესაც მისი მეუღლე მივლინებაში იყო და ქვეყანაში არ იმყოფებოდა, მან პატარა ჩანთაში მინიმალური ნივთები ჩაალაგა, თავიდან ატყუებდა მეუღლეს, რომ დასასვენებლად იყო, თუმცა მოგვიანებით ადვოკატი აიყვანა და განქორწინებაზე შეიტანა საბუთები. მისი თქმით, ახლა არაფერი გააჩნია, უძრავი ქონება და მანქანები, რომლებიც მან თავისი ფულით იყიდა, ქმრის საკუთრებაშია და დაბრუნებაზე უარს აცხადებს. მიუხედავად ყველაფრისა, სნეჟანას თქმით, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი: “მომავლის იმედი მაქვს, მსურს მუშაობის გაგრძელება და ამისთვის უკვე ყველა წინაპირობა მაქვს, როგორც კი საზღვრები გაიხსნება საზღვარგარეთ მივდივარ. მთავარია, რომ დავიბრუნე ცხოვრების ხალისი, ვიცინი და ცხოვრების სურვილი მაქვს”.