3 სექტემბერს ლეგენდარული გერმანელი ფოტოგრაფი, პიტერ ლინდბერგი გარდაიცვალა. 1990 წლის ბრიტანული ვოგის იანვრის ნომერი ლეგენდარული მოდური მომენტია, რომელმაც თაობები შთააგონა. გადაღებისთვის პიტერ ლინდბერგმა სინდი კროუფორდი, ნაომი ქემბელი, ლინდა ევანჯელისტა, კრისტი ტორლინგტონი და ტატიანა პატიცი გააერთიანა. ეს გარეკანი 90-იანების სუპერმოდელების ერის ტრამპლინი აღმოჩნდა. ბრიტანული ვოგის 100 წლის იუბილის აღსანიშნავ 2016 წლის ივნისის ნომერში, სინდი კროუფორდმა ლინდბერგის გადაღებული საკულტო გარეკანი გაიხსენა:

“როდესაც მეკითხებიან, რა იყო ჩემი დიდი სუპერმოდელის მომენტი, ყოველთვის ვოგის ეს გარეკანი და ვერსაჩეს შემოდგომა/ზამთრის 1991 წლის ჩვენება მახსენდება, როდესაც ჯორჯ მაიკლის “Freedom” ვიმღერეთ პოდიუმზე გამოსვლისას, მაგრამ ვერსაჩეს შოუ არ მოხდებოდა ჩვენ რომ ჯორჯ მაიკლის მუსიკალურ ვიდეოში არ მიგვეღო მონაწილეობა და ჯორჯ მაიკლი თავისი ვიდეოსთვის მსახიობებს აირჩევდა ვოგის ეს გარეკანი რომ არ ენახა. ამიტომ ყველაფერი ისევ გარეკანთან გვაბრუნებს.

იმ მომენტში არ მეგონა, რომ ლეგენდარულად იქცეოდა. ვოგის რედაქტორმა, ლიზ თილბერისმა სთხოვა პიტერ ლინდბერგს, რომ 90-იანების ახალი ქალი გადაეღო. პიტერის პასუხი იყო, რომ ამას მხოლოდ ერთი ქალით ვერ შეძლებდა. სილამაზის იდეა გაფართოვდა. მას ვერ შეაფასებდი ვერც ქერა, ცისფერთვალება გოგოთი და ვერც სექსუალური შავგრემნით, ეს სიტყვები პიტერმა ლიზს უთხრა. სიახლე ჰაერში ტრიალებდა და პიტერი და ლიზი ამას ჩაეჭიდნენ. ჩვენ განსაკუთრებული თმის ვარცხნილობითა და მაკიაჟით არ გადავუღივართ, პირიქით, მომზადებულები არც ვიყავით. 80-იანების შემდეგ, როდესაც ყველაფერი დიდი მოცულობის ვარცხნილობებსა და მაღალ მკერდზე იყო, ეს გამომაცოცხლებელი და ახლებური იყო.

მახსოვს ამ დღეს ნიუ-იორკში როგორ ცხელოდა. ჩვენ მითფექინგის უბნის ქუჩებში ვიყავით. ყველა ჩვენგანი ვმეგობრობდით, ზოგი უფრო ახლოს იყო ერთმანეთთან, ვიდრე სხვები, მაგრამ ეს მობილურ ტელეფონებამდე იყო, მაშინ, როდესაც ერთად ვიყავით მართლა ვსაუბრობდით, მესიჯები ყურადღებას არ გვიფანტავდა. 5 ქალის სწორად განლაგება მარტივი არ იყო, მაგრამ პიტერთან მუშაობა საოცნებოა, მან იცოდა, როგორ გავეკონტროლებინეთ.”