სახის კანის მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენების კულტურას იმაზე დიდი ისტორია აქვს, ვიდრე ეს ინდუსტრია კომერციულ სახეს მიიღებდა. დეკადებთან ერთად იცვლებოდა იდეალური გარეგნობის აღქმა და შესაბამისად, იცვლებოდა ვარცხნილობის, მოგვიანებით კი უკვე მაკიაჟის სტილიც. 

თვალი გადავავლოთ Vogue-ის არქივს, რომელიც სილამაზის სტანდარტების ცვალებად სახეს უფრო მეტად თვალსაჩინოს ხდის.

1910-იანი დეკადა

ე.წ. “გიბსონის გოგონა” ( The Gibson Girl) – ქალის ვიზუალი, რომელიც ამ ეპოქაში სრულყოფილი სილამაზის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. 

1920-იანი დეკადა

ამ დეკადასაც, სხვა ათწლეულების მსგავსად, საკმაოდ დამახასიათებელი სტილი ჰქონდა. იდეალური გარეგნობა და იმიჯი სწორედ ასე გამოიყურებოდა  – შავგვრემანი მოდელი პროპორციული მოკლე ვარცხნოილობით და მკვეთრი ფერის ტუჩსაცხით. 

1930-იანი დეკადა

ამ ათწლეულში პოპულარული ხდება საგანგებოდ დახვეული ქერა თმა და ხავერდოვანი, სრულყოფილი კანი. 

1940-იანი დეკადა

ლორენ ბეკოლი ერთ-ერთი ის მოდელი და მსახიობი იყო, რომელიც ამ პერიოდში იდეალურად მიჩნეულ გარეგნობას ზუსტად ასახავდა. 

1950-იანი დეკადა

50-იან წლებში სილამაზის სტანდარტებზე გარდამტეხი გავლენა მოახდინა კრისტიან დიორმა 1947 წლის კოლექციის წარდგენით. ამ დროიდან, სტილის ერთგვარი  სტანდარტი დაწესდა. დეკადის იდეალური ვიზუალის ილუსტრაციისათვის სუპერმოდელი სუზი პარკერის გარეგნობა ზუსტი მაგალითია. 

1960-იანი დეკადა

ამ პერიოდიდან მაკიაჟი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ის არტისტულობის გამოხატვის საშუალებად იქცევა. მკრთალი ტუჩები და მის კონტრასტულად მკვეთრად შეღებილი თვალები – სწორედ ეს მიიჩნევა გასული საუკუნის 60-იანი წლების მაკიაჟის მთავარ ტრენდად.

1970-იანი დეკადა

მას შემდეგ, რაც მსოფლომ სილამაზის სტერეოტიპული აღქმის ჩარჩოებიდან დაიწყო გამოსვლა, იდეალური გარეგნობა უფრო მრავალფეროვანი ცნება გახდა. 1974 წელს, ამერიკული Vouge-ის გარეკანზე პირველი აფრო-ამერიკელი მოდელი გამოჩნდა – ეს იყო ბევერლი ჯონსონი. მისი გარეგნობა და კონკრეტულად ეს გარეკანი კარგად მიანიშნებდა სილამაზის სტანდარტების ტრანსფორმირებაზე. განსაკუთრებით პოპულარული ხდება გამოყვანილი, კონტურული ღაწვები და ე.წ.  Frosted თვალის ჩრდილი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდის პოპულარულ სტილზე უდიდესი გავლენა ჰქონდა დიზაინერ როი ჰალსტონს.

1980-იანი დეკადა

80-იანი წლების დეკადა განსაკუთრებულად ექსპრესიული მაკიაჟით და თმის ვარცხნილობით გამოირჩევა. ეს იყო დეკადა, როცა ცნება “გადამეტებული” თითქოს არ არსებობდა. პარალელურად, მოდის ინდუსტრიაში ამ პერიოდიდან განსაკუთრებით ექცევა ყურადღება  ჯანსაღ, სხეულის სექსუალურ ფორმებს. ასეთი გარეგნობის მოდელები თითქმის ყველა პროდუქტის სარეკლამო სახედ იქცევა.  აღსანიშნავია, რომ მოდის ინდუსტრიაში სწორედ ამ პერიოდიდან გამოჩნდნენ სახეები, რომლებმაც მალევე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრეს.

1990-იანი დეკადა

90-იანების სტილი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა გრანჟ ესთეტიკამ. ამ პერიოდის იდეალური გარეგნობის ხატად კი, ქეით მოსი იქცა. 

2000-იანი დეკადა

21-ე საუკუნის პირველი დეკადა საკმაოდ მრაფალფეროვანი იყო. ამ პერიოდის წითელი ხალიჩის ფოტოებმა შეუძლებელია კარგ ხასიათზე არ დაგვაყენოს. თუმცა, რაც შეეხევა ჟურნალ Vouge-ის არქივს, ამ პერიოდის ფოტო სესიები შედარებით დახვეწილ სურათს გვთავაზობს. გამოყვანილი სხეული, გარუჯული კანი, სწორი თმა – 2000-იანი დეკადის ერთ-ერთი პოპულარული ტრენდი იყო. 

2010-იანი დეკადა

გასული ათწლეული შესაძლია სოციალური ქსელების პერიოდად მივიჩნიოთ. ფოტოების გაზიარების პლატფორმებმა განსაკუთრებით შეცვალა სილამაზის აღქმა. ამ პერიოდში ცნობილი ადამიანების და მათ შორის, მოდელების წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს Instagram-ზე მათი გამომწერების რაოდენობა. შესაბამისად, დიდი პოპულარობით სარგებლობს მაკიაჟის და თმის ვარცხნილობის ის ტრენდები, რომლებიც ფოტოებზე ეფექტურია.

Tags :