სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, Gucci-მ ჩვენების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

იტევონის პოპულარულ რაიონში ჰელოუინის დღესასწაულის დროს 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, არაერთი დაშავდა, ასობით კი დაიკარგა. პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა ქვეყანაში გლოვა გამოაცხადა. ამ სამწუხარო ფაქტს Gucci სოციალურ ქსელებშიც გამოეხმაურა.

იტალიური მოდის სახლის ჩვენების გამართვა 1 ნოემბერს იგეგმებოდა. “ჩვენი გულები სავსეა მწუხარებით იმ ადამიანების გამო, რომლებიც სიცოცხლეს გამოემშვიდობნენ ან დაშავდნენ სეულში მომხდარი ამ ტრაგიკული შემთხვევის დროს,” – აღნიშნულია Gucci-ის განცხადებაში. “ეროვნული გლოვის პერიოდში, კორეის კულტურული მემკვიდრეობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, გიონგბოკგუნგის სასახლეში Gucci-ის ღონისძიება აღარ მოეწყობა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამ საშინელი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებისა და მეგობრების მიმართ.”

სეულში Gucci-ის “Cosmogonie” კოლექციის ჩვენება უნდა გამართულიყო, რომელიც მაისში, აპულიაში ვიხილეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს კორეაში ამჟამინდელი კრეატიული დირექტორის, ალესანდრო მიკელეს, კოლექციის პირველი პრეზენტაცია უნდა ყოფილიყო, სხვა ქვეყანაში უკვე ნანახ სამოსთან და აქსესუარებთან ერთად, დამატებით ახალი პროდუქტების ჩვენებაც იგეგმებოდა.