მოდის მოყვარულებს კარგად ემახსოვრებათ გასულ ათწლეულში ბენჯამინ კლემენტაინისა და Burberry-ის თანამშრომლობა – 2014 და 2016 წლებში ცოცხალი მუსიკით გაფორმებული ჩვენებები. ასევე ბრიტანული მოდის სახლის მიერ გამოყენებული მისი მუსიკა სხვადასხვა შემთხვევებისთვის, რომელთა შორისაც იყო Mr. Burberry-ის კამპანიაც. 31 ივლისს მერკურის პრიზის მფლობელი არტისტი ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგა. ის რაჭაში გამართული მუსიკალური ფესტივალის, ROKVA-ს, ბოლო დღის ჰედლაინერი იყო.
გარდა ბენჯამინისა, ფესტივალზე უცხოელი და ქართველი შემსრულებლების სხვა დასამახსოვრებელი გამოსვლებიც ვიხილეთ. მათ შორის იყვნენ: Nouvelle Vague, მიშელ გურევიჩი, Bedford Falls, Eko & Vinda Folio, თამადა და ა.შ.

შოვის თვალწარმტაც მთებს შორის მუსიკალური დღესასწაული სამი დღის განმავლობაში მოეწყო. თუ აქამდე საქართველოში ამ ტიპის მასშტაბური ღონისძიებები თბილისისა და ბათუმის გარეთ იშვიათად იმართებოდა, როკვამ მრავალ ადამიანს ქვეყნის სხვა მხარეს, უმშვენიერეს ბუნებაში მოუყარა თავი და უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი კონცეფციით ფესტივალები მომავალში კიდევ უფრო გახშირდება.
ROKVA თავდაპირველად 2019 წელს გაიმართა. მაშინ ღონისძიებას ერთი დღე დაეთმო და მასში მონაწილეობა მხოლოდ ქართველმა არტისტებმა მიიღეს. დროის მოკლე პერიოდში როკვას მასშტაბები გაიზარდა და უკვე 2022 წელს, მის მესამე ვერსიაში, წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი საერთაშორისი და ადგილობრივი პროექტი.
ფესტივალზე მისული სტუმრების უმეტესობას კომფორტული, ოვესაიზ ტანსაცმელი ეცვა. დღისით თვალში მოგხვდებოდათ საზაფხულო, ფერადი სამოსი, ხოლო საღამოს მთის სიგრილეში ბევრს შენიშნავდით თბილ ჰუდებსა და ქურთუკებში შემოსილებს. სტილის გადასახალისებლად გამოყენებული უჩვეულო აქსესუარებიც მრავლად შეგვხვდებოდათ. საფესტივალო განწყობა კი ყველაზე უკვეთ დამსწრეთა დიდი ნაწილის მკვეთრ, მბზინავ მაკიაჟში ვლინდებოდა.
როკვას წლევანდელ ფესტივალზე მისული სტუმრების ფოტოები © Facebook / ROKVA Festival














