ვოგის ბრიტანულმა გამოცემამ ნოემბრის ნომერი გაავრცელა. ჟურნალმა გააგრძელა საუკუნოვანი ტრადიცია და გარდაცვლილი მონარქის პატივსაცემად იისფერი გამოიყენა.

ბრიტანული ვოგის ისტორია 106 წელს ითვლის. ამ დროში, გაერთიანებულმა სამეფომ 3 მონარქი დაკარგა. 1936 წელს, გარდაიცვალა დედოფალ ელიზაბედ მეორეს ბაბუა, მეფე ჯორჯ V. ვოგში სწორედ მაშინ შეიქმნა იისფერი გარეკანის პრეცედენტი. რაც გაგრძელდა 1952 წელს, დედოფლის მამის, მეფე ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგაც.

იისფერს სამეფო ოჯახში ყოველთვის გამორჩეულად უყვარდათ. ეს იყო სილამაზისა და სიმდიდრის ფერი, რომლის ტარების უფლებაც, ხშირად, მხოლოდ მონარქებს და მათთან დაახლოებულ პირებს შეეძლოთ. ცნობილი ფაქტია, რომ მეთექვსმეტე საუკუნეში, დედოფალი ელიზაბედ პირველი, თავისი ახლო გარემოცვის გარდა, იისფერის ტარების უფლებას არავის აძლევდა.

1947 წელი

უნდა ითქვას ისიც, რომ 1947 წელს, ელიზაბედ მეორის და ფილიპ მაუნტბატენის სამეფო ქორწილის საზეიმო ნომრის ყდაც ვოგმა მეტწილად იისფერ ტონალობაში გადაწყვიტა.

Vogue დიდი ბრიტანეთი – 2022 წლის ნოემბერი