ქეით მოსის 18 წლის ქალიშვილის, ლაილა მოსის იტალიური Vogue -ს ყდაზე დაბეჭდვიდან ერთ კვირაში, მოდის ბიბლიის კიდევ ერთი გამოცემა გვთავაზობს გარეკანს, რომელზეც სუპერმოდელის თინეიჯერ შვილს ვხედავთ. გერმანული ვოგის 2021 წლის იანვრის და თებერვლის ნომრის გარეკანზე, Victoria’s Secret -ის ლეგენდარული ანგელოზი, ჰაიდი კლუმია წარმოდგენილი, თავის 16 წლის ქალიშვილთან, ლენი კლუმთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ ცნობილი მოდელის პორტრეტი შვილთან ერთად. როგორც კლუმების ინტერვიუში ვკითხულობთ, ლენი სამოდელო კარიერით ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში დაინტერესდა და აპირებს, მომავალი რამდენიმე წელი, ამ საქმით სერიოზულად დაკავდეს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სამოდელო ბიზნესში „მორიგი მდიდარი ბავშვი“ გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მოდაში, როგორც ბევრ სხვა სფეროში. ნეპოტიზმი სიახლეს არ წარმოადგენს, ცნობილი მშობლების შვილების სამოდელო ინდუსტრიაში აქტიურად გამოჩენა გასული ათწლეულის მონაპოვარია.

„მხოლოდ დროის საკითხი იყო, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი. ჩემთვის ეს ძალიან ბუნებრივია, რადგან დედაჩემის გადაღებებზე გავიზარდე. რაც მახსოვს, ქუჩაში პაპარაცები მუდმივად დაგვყვებოდნენ და ფოტოებს გვიღებდნენ. ბევრს უთქვამს, რომ ამის გამო ნორმალური ბავშვობა არ მქონდა, მაგრამ მე არ ვეთანხმები. დედაჩემმა თავისი საქმე ძალიან კარგად შეასრულა. ალბათ , ამიტომ, ვფიქრობ, რომ ახლა მზად ვარ ცდისთვის“, ამბობს ლენი კლუმი.

სოციალურ ქსელში გამოჩნდა ლენის ოფიციალური გვერდებიც. თინეიჯერის ინსტაგრამზე ჯერ 10 პოსტიც არ დევს, თუმცა მას უკვე 300,000 გამომწერი ადევნებს თვალს.