მოდის სამყაროში სახელგანთქმული სამკაულის დიზაინერი – ელსა პერეტი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. პერეტი ცნობილი იყო თავისი ბიომორფული დიზაინის ხელწერით. ძვირფასი ნაკეთობების შექმნისას, ინსპირაციას ბუნებიდან – ძვლებისა და კენჭების ბუნებრივი ფორმებიდან იღებდა. სამკაულის მიმართულებით, ელსა პერეტი ყველაზე აღიარებული დიზაინერი ქალი იყო. როგორც Vogue აფასებს, ის აქსესუარებს ისე უდგებოდა, როგორც სკულპტურას.
ელსა პერეტის სახელი სამკაულის ყველაზე ცნობილ და გავლენიან ბრენდს- Tiffany&Co.-ს უკავშირდება. კომპანიისათვის მუშაობა მან 1974 წელს დაიწყო. მალევე, ბრენდის გაყიდვების 10% სწორედ პერეტის ნაკეთობებე მოდიოდა. გარდა დიზაინერობისა, ის გასული საუკუნის 70-იანი წლების სტილის ერთ-ერთ სიმბოლოდაც მიიჩნევა.
პერეტი ფლორენციაში დაიბადა. ცხოვრების გარკვეული პერიოდი ესპანეთში გაატარა, მოგვიანებით კი, ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც მალევე დაიმკვიდრა თავი იმდროინდელ სახელოვნებო წამყვან წრეში. ის ენდი უორჰოლისა და დიზაინერ ჰალსტონის (Halston) საზოგადოების მიღებული წევრი იყო და ხშირად ჩნდებოდა საკულტო კლუბ Studio 54-ში, რომლის კარი ყველასთვის ღია ნამდვილად არ იყო.
სწორედ დიზაინერი ჰალსტონი იყო ის ადამიანი, რომელმაც პერეტი ნიუ იორკის მოდის ინდუსტრიის ნაწილად აქცია. თავდაპირველად, პერეტი ჰალსტონის ბრენდისათვის ქმნიდა სამკაულებს და სუნამოს ფლაკონებს, მოგვიანებით კი დიზაინერმა მისი კანდიდატურა წარუდგინა Tiffany-ის, რომელთან თანამშრომლობა პერეტის მომდევნო 50 წლის განმავლობაში არ შეუწყვიტავს.
მისი მასკულინური და ამავდროულად სექსუალური გარეგნობით, პერეტიმ მარტივად შეძლო ჰელმუტ ნიუტონიც მოეხიბლა. სწორედ ელსაა გამოსახული ფოტოგრაფის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ფოტოზე.
შეიძლება ითქვას, რომ გარდა ვიზუალისა და შესრულების ტექნიკისა, ელსა პერეტიმ ძვირფასი სამკაულების შექმნის იდეა და მომხმარებლის სამიზნე აუდიტორიის ხედვაც შეცვალა – პერეტი ნაკეთობებს ქმნიდა ქალებისათვის, რომლებიც მათ საკუთარი თავისთვის ყიდულობდნენ და არა კაცებისათვის, რომლებიც ამ აქსესუარებს ქალებისათვის საჩუქრად არჩევდნენ.