2020 წლის იანვარში, გლენდა ბეილიმ Harper’s Bazaar – ის მთავარი რედაქტორის თანამდებობა დატოვა. გლენდა Harper’s Bazaar – ის მთავარ რედაქტორად 19 წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი გადაწყვეტილება ამერიკული მასმედიის გავლენიან კონგლომერატში, Hearst -ში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ლოგიკური შედეგი იყო. 2 წლის წინ, ჰერსტის მეორე პოპულარული ჟურნალის, ელის მთავარი რედაქტორი, რობი მეიერსიც გადადგა. იანვრიდან დღემდე არ წყდებოდა ჭორები ახალი მთავარი რედაქტორის ვინაობაზე. განიხილებოდა რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, მათ შორის : WSJ – ს ქრისტინა ო’ნეილი და InStyle – ს ლაურა ბრაუნი, თუმცა რამდენიმე საათის წინ, Hearst -ში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ 153 წლიანი ჟურნალის მთავარი რედაქტორი Vanity Fair – ის სამირა ნასრი გახდა.

სამირა კანადაში დაბადებული ჟურნალისტი და სტილისტია, რომლის პორტფოლიო არა ერთ მნიშვნელოვან გამოცემას აერთიანებს. მოდაში მისი კარიერა ჟურნალ ვოგში დაიწყო, სადაც ასისტენტად მუშაობდა, სანამ გრეის კოდინგტონის გუნდში გადაინაცვლებდა. გრეისთან 3 წლიანი სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ, სამირა ჰარპერს ბაზარის მოდის ჟურნალისტი გახდა. ამ პოზიციაზე 2012 წლამდე მუშაობდა. 2012 წელს ნასრი ჰარპერს ბაზარს გამოეყო და თავი სტილისტის ამპლუაში გამოსცადა. ჟურნალში მისი პირველი ნამუშევარი, როგორც სტილისტის, InStyle Magazine -ს 2012 წლის მარტის ნომერი იყო. ჰარპერს ბაზარიდან წამოსვლის მიუხედავად, სამირას Hearst – თან თანამშრომლობა არ შეუწყვიტავს. Harper’s Bazaar – ის შემდეგ, ნასრი 5 წელი ELLE – ს მოდის რედაქტორი გახლდათ. პარალელურად სამირამ სელებრითების სტილისტის როლიც შეითავსა. ის ზრუნავდა კერი ვაშინგტონის და ტრეისი ელის როსის ჩაცმულობაზე. ამჟამად ნასრი Vanity Fair – ის მოდის რედაქტორია, ხოლო 6 ივლისიდან ისტორიაში შევა, როგორც ჰარპერს ბაზარის 153 წლიან ისტორიაში პირველი ფერადკანიანი მთავარი რედაქტორი.

ჰარპერს ბაზარი ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და კითხვადი ჟურნალია, რაც სამირას სტატუსს და ხმას საგრძნობლად ამაღლებს. დღეიდან ის მოდის ინდუსტრიის და ამერიკული მასმედიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, თუმცა დიდ თანამდებობას თან ახლავს პასუხისმგებლობა და წნეხი. განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსოფლიო კვლავ ებრძვის ახალ კორონავირუსს.