MTV-ს რევოლუციამდეც კი, ადამიანები აქტიურად ადევნებდნენ თვალს თავიანთ საყვარელ შემსრულებლებს, ისინი მათთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდნენ. ახლა ჩვენ MTV-ს ერაც გამოვიარეთ და ფავორიტ მუსიკალურ ვიდეოებს Youtube-ზე ვუყურებთ, თუმცა ერთი რამ უცვლელი დარჩა – მომღერლები და მათი ვიდეოები ჩვენს ჩაცმის სტილზე პირდაპირ, თუ ირიბად, მაინც ახდენენ გავლენას. დევიდ ბოუი და პრინცი, ბიონსე და ბრიტნი სპირსი – გადავავლოთ თვალი საკულტო მოდურ მომენტებს ლეგენდარული შემსრულებლების მუსიკალურ ვიდეოებში.

David Bowie – Life on Mars?

დევიდ ბოუის, როგორც მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი შემსრულებლის სტატუსი უკვე გამყარებული იყო, როდესაც მან 1973 წელს სინგლისთვის Life on Mars? მუსიკალური ვიდეო გამოუშვა. მუსიკალურ ვიდეოში ბოუი ცისფერი კოსტიუმითა და ესთეტიკური მაკიაჟით წარსგდა, ახლა მსგავსი ლუქები სწორედ ბოუისთან ასოცირდება.

Prince – Purple Rain

შესაძლოა ითქვას, რომ პრინცმა ამ სიმღერითა და ლუქით იასამნისფერი თავიდან გამოიგონა. ახლა, ამ ფერის გახსენებისას ყველას მეხსიერებაში უნებლიედ სწორედ პრინცის სახელი ჩნდება. მას ახლა The Purple One-ადაც მოიხსენიებენ, მისი იასამნისფერის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამო.

Lady Gaga – Bad Romance

მაშინ, როდესაც ლედი გაგას ხორცის კაბა უკვე ეცვა, მან ლი მაკქუინის “უცნაური” ფეხსაცმლით ვერავინ გააკვირვა – გარდა ფეშენისტებისა. Bad Romance-ის მუსიკალური კლიპისთვის ლედი გაგამ ლუქები 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან მოირგო.

Beyonce – ALREADY

ფილმისთვის BLACK IS KING ბიონსემ მარინ სერეს ტანზე გამოყვანილი კომბინიზონი მოირგო, რომელიც თავიდან ბოლომდე დაფარულია ბრენდისთვის ხელწერად ქცეული მთვარის პრინტით.

Britney Spears – Oops!… I Did it Again

ბრიტნი სპირსის წითელი ტყავის კომბინიზონი ისეთივე საკულტოა, როგორიც თავად სინგლი Oops!… I Did it Again. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოშვებიდან 20 წელზე მეტი გავიდა, სინგლი პოპულარობას არ კარგავს.

Madonna – Vogue

მადონა საკამათო მოდის დედოფალია, თუმცა Vogue-ს მუსიკალური ვიდეოსთვის შერჩეული გამჭვირვალე ბლუზა ნამდვილად გამორჩეული, საკულტო და ისტორიული გახდა. აღსანიშნია ასევე მადონას პერფორმანსი 1990 წლის MTV Awards-ზე მარი ანტუანეტას სტილში, როდესაც მან Vogue შეასრულა.

Aaliyah – Try Again

22 წლის ალია ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა, თუმცა 20 წლის შემდეგ, მას კვლავ უსმენენ და მისი სტილი კვლავ ბევრისთვის წარმოადგენს შთაგონების წყაროს. Try Again დაიწერა ფილმისთვის Romeo Must Die, რომელშიც მთავარ როლს ჯეტ ლი ასრულებდა. შავი შარვალი, თეთრი ტოპი და ჩოკერი ახლა ალიას “signature look”-ად იქცა.

DJ Khaled – Wild Thoughts ft. Rihanna, Bryson Tiller

მიუხედავად იმისა, რომ რიანა მოდის სამყაროს ინსაიდერია და მას ბევრი დიდი მოდური მომენტი ჰქონია, საინტერესო იყო მისი ხილვა დემნა გვასალიას ბალენსიაგაში Wild Thoughts-ის მუსიკალურ ვიდეოში.