დევიდ რობერტ ჯონსი 1947 წლის 8 იანვარს, ლონდონში დაიბადა. ბავშვობიდანვე ნიჭიერი, მუსიკალური და არტისტული იყო. ადრეული თინეიჯერობის ასაკში, მამამისმა ამერიკულ მუსიკას გააცნო, არტისტებს, როგორიცაა ელვის პრესლი. მომავალში კამათის საკითხი გახდება, თუ ვინ წამოიწყო ანდროგინი, ელვისმა თუ ბოუიმ? ელვისის ფემინურობა ქალური ლამაზი ტუჩებითა და თვალის ჩრდილებით შემოიფარგლებოდა, მაშინ როდესაც ბოუი ბევრად უფრო შორს წავიდა. მუსიკით 1961 წელს დაკავდა, როდესაც დედამისი იძულებული იყო მისთვის საქსოფონი ეჩუქებინა, მას შემდეგ რაც ნახევარძმამ, ტერი ბარნსმა დევიდს ჩარლზ მინგუსი და ჯონ კოლტრეინი მოასმენინა. ტერიმ დიდი გავლენა მოახდინა დევიდზე და მის პერსონაზე. მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და დევიდმა ეს საკმაოდ რთულად გადაიტანა, ხშირად განიცდიდა ამის გამო. დევიდის სასცენო პერსონაჟები სწორედ ტერის მიერ იყო შთაგონებული.
1962 წელს, ბოუის ჩხუბი მოუვიდა მეგობართან, ჯორჯ ანდერვუდთან. მიზეზი გოგონა იყო. ანდერვუდმა დევიდს თვალში დაარტყა, რის შედეგადაც, ის 4 თვე საავადმყოფოში იყო და მთელი ცხოვრების განმავლობაში, ცალი გუგა გაფართოვებული დარჩა, რაც მოგვიანებით მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნიშანი გახდა. ანდერვუდთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა და მოგვიანებით მან დევიდის შემოქმედებისთვის ბევრი ნამუშევარი შექმნა.
დევიდს როკ მიუზიკლების წერა უნდოდა და სულ თვლიდა, რომ სწორედ ამით დაკავდებოდა, თუმცა, როგორც თვითონ იხსენებდა წლების შემდეგ, გაცნობიერებული არ ჰქონდა თუ რამდენი რამის გაკეთებაა საჭირო მუსიკის გარდა მიუზიკლის დასაწერად. ამასთან, არასდროს მოსწონდა სცენაზე გამოსვლა უამრავი ხალხის წინ, როგორც თვითონ ახასიათებდა თავს იგი მორცხვი თხისრქა იყო. ამ ასპექტში თეატრალური ელემენტები შველიდა სცენაზე დგომისას. შედეგად მან შექმნა მიუზიკლის სრულიად ახალი თავისებური ჟანრი მისი პერსონაჟებით, რომლებიც ალბომებს ქრონოლოგიურად მიჰყვებოდნენ და რომლებსაც ჰქონდათ თავიანთი ისტორია, დასაწყისი და დასასრული.
ბოუი იყო პირველი არტისტი, რომელმაც პუბლიკის წინაშე ფემინური სტილი მოირგო. თუ 50-იან წლებში, ხალხი და ისტორიები იყო შავ-თეთრი, კარგი ან ცუდი, სწორი ან არასწორი, სამოციანების ბოლოს და სამოცდაათიანების დასაწყისში, დევიდმა სცადა ეს ხალხი და ისტორიები სხვადასხვა ასპექტში ეჩვენებინა. მან არა მხოლოდ პოპის და როკ&როლის საზღვრები გააფართოვა, არამედ საზოგადოების მსოფლმხედველობისაც, მან სცადა გადმოეცა ერთი ისტორია, დანახული განსხვავებული რაკურსებით, რაც მანამდე არავის გაუკეთებია, იგი ღიად ალაპარაკდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ამან მისცა ბიძგი 70-იანების და 80-იანების Queer მოძრაობას აწ უკვე ღიად ყოფილიყვნენ ის, ვინც რეალურად არიან.
მისი ჰიტ ალბომის, The Man Who Sold The World-ის ყდაზე დევიდი აბრეშუმის კაბაშია გამოსახული, ფემინური ვარცხნილობით. ეს კაბა ცნობილი გახდა როგორც “THE MAN DRESS”, რომელიც ამავე ალბომის ამერიკის ტურზეც ეცვა, მიუხედავად საზოგადოების მხრიდან დაცინვისა. შემდეგი ალბომი 1971 წელს იყო – “Hunky Dory” და სწორედ ამ პერიოდში სინგლებმა “Life on Mars?”, “Space Oddity” და “Changes” შექმნეს დევიდის კარიერა და წამოიწყეს ის, რამაც გახადა დევიდ ბოუი აიქონად: მისი ალტერ ეგოები.
ზიგი სტარდასტი, მისი პირველი ყველაზე ცნობილი ალტერ ეგო, დაიწყო დევიდის ინტერესით კოსმოსისა და უცხოპლანეტელებისადმი. ეს ინტერესი მის პირველ ჰიტ სინგლში, “Space Oddity”-შიც ჩანს, რომელიც კუბრიკის “2001: Space Odyssey”-ით იყო შთაგონებული, თუმცა პროექტ აპოლო 11-ს წარმატების შემდეგ, ის კიდევ უფრო გაღვივდა. ზიგი სტარდასტის გენიალური კოსტიუმის დიზაინერი ჰყავდა – იაპონელი კანსაი იამამოტო. დევიდს აინტერესებდა იაპონია და მათი კულტურა, რადგან 60-იანების ბოლოს და 70-იანების დასაწყისში იაპონელებს არ ჰქონიათ მჭიდრო კავშირი დასავლეთთან, ჯერ კიდევ უცხო იყო დასავლეთში მათი ხელოვნება. კანსაის დევიდი აღმერთებდა, როგორც პირველ იაპონელ დიზაინერს, რომელმაც ლონდონში ჩვენება გამართა 1971 წელს. კანსაის სტილი იყო იაპონური ბასარა, რაც თარგმანში ნიშნავს ექსესს, ექსტრავაგანტულს, ექსცენტრიულს, გადაჭარბებულს, რაც იდეალურად ერგება ზიგის კონცეპტს.
კანსაისაც ჰქონდა პროტესტი გენდერული გამიჯნვის მიმართ მოდაში და როგორც ამბობდა, იგი კონკრეტულად არავისთვის არ ქმნიდა სამოსს, არც ქალებისთვის არც კაცებისთვის. დევიდმა კანსაისთან ერთად შექმნა ომნისექსუალი უცხოპლანეტელი როკსტარი, რომელსაც ჰქონდა მკვეთრად გამოკვეთილი როგორც მამაკაცური, ასევე ქალური მახასიათებლები. გარეგნობა და თეატრალურობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო პერსონაჟის შესაქმნელად, თუმცა მხოლოდ ამან არ განაპირობა ის, რომ ბოუიმ სწორედ ზიგის პერსონაჟით მიმართა საკუთარი კარიერა პირდაპირ კოსმოსში. ყველაფერი ზიგის შესახებ, ზიგის გარშემო და ზიგის შექმნილი იყო იმდენად ახალი და ამოუცნობი, რომ რთული წარმოსადგენია მსგავსი მასშტაბების სხვა არტისტის გახსენება. ზიგის იდეა უფრო მეტიც იყო, ვიდრე ახალი კონსეპტი. ეს იყო ის, რამაც სექსუალური, გამომწვევი სამოსით და მძიმე სასცენო, ფუტურისტული ვიზაჟით მიმართულება მისცა პოპს და როკ&როლს (და ზოგადად მუსიკას) და დასაბამი დაუდო ქემფსა და ანდროგენს.
ზიგი სტარდასტის სიკვდილის, ანუ ალბომის “The Rise and Fall of Ziggy Stardust and The Spiders From Mars”-ის გამოშვების შემდეგ, იყო ალადინ სეინი, რომელიც ამავე დასახელების ალბომის გამოშვებასთან ერთად დაიბადა. ეს კი არის ისტორიული ფოტო, რომელიც შექმნის მთელ ეპოქას, ფოტო ალადინ სეინის ალბომის ყდაზე, რომელიც ბრაიან დაფიმ გადაიღო და ამით მისი სახელიც ისეთივე უკვდავი გახადა, როგორიც თვით დევიდ ბოუის.
ალადინ სეინი ბევრად უფრო ბნელი და არაერთგვაროვანი პერსონაჟი იყო ზიგისთან შედარებით. როგორც თავად ბოუი აღწერს, ალადინი იყო ზიგი, რომელიც გადავიდა ამერიკაში. მიუხედავად იმისა, რომ სტილისტიკის თვალსაზრისით, ალადინ სეინის ერა ბევრად უფრო მწირია, მისი სიმბოლიზმი ნამდვილად უკვდავი და უფრო ცნობადია და გვხვდება ყველგან, როგორც მუსიკაში, ასევე პოპ კულტურასა თუ კინემატოგრაფიაში. ალადინ სეინი არის მცდელობა საღ აზროვნებასთან ჩაჭიდების, მაშინ როდესაც ზიგის სიკვდილის მიზეზი დოზის გადაჭარბებაა როგორც ნარკოტიკებში, ასევე თავდაჯერებულობასა და დიდებაში, ეს არის სიცოცხლე სიკვდილის მერე ან სიცოცხლე ზღვარზე, რომელიც გაჟღენთილია სექსით, ნარკოტიკებითა და როკ&როლით.
მერე რაღაც შეიცვალა, ანდროგინიმ უკანა პლანზე გადაინაცვლა და “Young Americans” ალბომის გამოსვლის შემდეგ, უკვე The Thin White Duke პერსონაჟის ერა დაიწყო – ელეგანტური ჰერცოგის პროტოტიპი, რომელიც ხანდახან ერთობოდა საკუთარი გარეგნობით.
1976 წელს, დევიდი ნამდვილად ძალიან მაღალი და ფერმკრთალი იყო. შარვალში და კოსტიუმში გამოწყობილი და უკან გადავარცხნილი თმებით, ევროპელი სამეფო ოჯახის წევრის ბასტარდს ჰგავდა, რომელიც მეამბოხეობის მიზნით თმას ხან წითლად ხან ყვითლად იღებავდა.
ეს იყო იმ მომენტში დევიდ ბოუის არსი. ის ცდილობდა გამოსულიყო ზიგი სტარდასტის ტექნიკოლორისგან და დაიკარგა შავ პიჯაკსა და თეთრ კოკაინში. დევიდი 29 წლის იყო და ლოს ანჯელესში ცხოვრობდა და არაფერს სვავდა ან ჭამდა რძისა და კოკაინის გარდა. ემოციურად მყიფე ზიგისგან განსხვავებით, ჰერცოგი არიელი ზე-ადამიანივით მშრალი, უხეში და ნეგატიურად მისტიური იყო. დევიდმა მალევე დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი. ყველაფერი იქამდეც კი მივიდა, რომ მას ნაცისტობაშიც დასდეს ბრალი, მაგრამ სიმართლე ის იყო, რომ ეს ჰერცოგის სიტყვები იყო და არა დევიდის. რაღაც მომენტში, დევიდი საკუთარი პერსონაჟი გახდა. პოპი რომ არა, ჰერცოგი გაიმარჯვებდა, მაგრამ ფსიქიატრიული კლინიკისა და ბერლინში გადასვლის შემდეგ, ჰერცოგი მოკვდა, რათა დევიდს ეცხოვრა.
როგორც თვითონ ახასიათებდა თავს, დევიდი კოლექტორი იყო. აგროვებდა სხვადასხვა ადამიანის ხასიათების ნიშნებს და აერთიანებდა ერთ პერსონაჟში. ცდილობდა ყველა შეესწავლა და ყველას მის გარშემო თავი კარგად ეგრძნო, ყველაფრის მიუხედავად. მაგალითად, ზიგის შთაგონება ნაწილობრივ გიტარისტი ვინს ტეილორი იყო. 60-იანებში დევიდი ვინსთან მეგობრობდა, მაგრამ ძალიან დიდი ხნის ნარკოდამოკიდებულების და ნერვული აშლილობის შემდეგ, ვინსი კულტში გაწევრიანდა და გადაწყვიტა, რომ დედამიწაზე გამოგზავნილი უცხოპლანეტელი ღმერთია. სხვების მდგომარეობის გაზიარება იმდენად კარგად გამოსდიოდა, იმდენად ცდილობდა ყველაფერი გულთან მაქსიმალურად ახლოს მიეტანა, რომ რაღაც მომენტში ჰერცოგის ერაში გადაიწვა. მაგრამ დაბრუნდა ბერლინის ტრილოგიით და ლეგენდარული სიმღერით Heroes.
ბერლინში ცხოვრებისას იყო ცნობილი ბერლინის ტრილოგია და “The Man Who Fell To Earth”, რაც ბევრად უფრო კომერციული იყო, ვიდრე დევიდის ფანებს სჩვევიათ, ამან, რა თქმა უნდა ფანების უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ “Lets Dance”-მა გაამართლა და შეიქმნა დევიდის მორიგი პერსონა, რომელსაც სახელი არ ჰქონდა, მაგრამ იყო 80-იანების მამაკაცური იმიჯის შემქმნელი, ფართო შარვლებითა და პაჟებით. თითქოს ჰერცოგის ოკუპაციის შემდეგ, დევიდს თავისუფლება და უბრალოება უნდოდა, უნდოდა ყოფილიყო ისეთივე, როგორიც ყველა და თითქოს ეს მხოლოდ კომერციალიზაციითა და “მასაში გარევით” გამოუვიდოდა.
კეთილ მისტიურობას მეფე გობლინთან ერთად დაუბრუნდა. ჯენიფერ კონელისთან ერთად, “ლაბირინტში” თამაშისას ახალი თაობა გაიცნო და ვარსკვლავური ომების გამო, ისევ გახდა შთაგონებული კოსმოსით. მეფე გობლინი მისი პერსონაჟი ფილმში იყო, თუმცა ამავე ფილმში მან სიმღერებიც შეასრულა, როგორც მეფე გობლინმა.
90-იანებში და მომდევნო წლებში, ბოუი უკვე აღარ გრძნობდა ექსპერიმენტულობის აუცილებლობას და საჭიროებას. 1990 წელს, იმანი გაიცნო და მალევე, 1992 წელს, ოჯახი შექმნა. იმანთან ცხოვრების ბოლომდე იყო და როგორც ახლა იმანი ამბობს, დევიდის გარდა, მის ცხოვრებაში სხვა სიყვარული ვერასდროს იარსებებს. მართლაც, ბოუის და იმანის ურთიერთობა ყველაფრისმომცველი იყო. 2000 წელს დევიდს და იმანს გოგონა, სახელად ლექსი შეეძინათ. ბოლო რამდენიმე წელი, დევიდისთვის ძალიან წყნარი და მშვიდი იყო, თუმცა მისდამი ინტერესი არ განელებულა. დევიდს წარუშლელი კვალი აქვს დატოვებული ყველაფერზე, რასაც შეეხო, მათ შორის, რა თქმა უნდა, მოდაზეც.
დრის ვან ნოტენმა 2011 წლის შემოდგომა-ზამთრის მამაკაცის კოლექციის ჩვენების შემდეგ აღიარა, რომ სწორედ ბოუიმ დააწყებინა ფიქრი “ზედაპირულობაზე და იმაზე, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ზედაპირებს სცდები”, ასევე დრისმა აღნიშნა, რომ დევიდ ბოუი მისთვის ყოველთვის იქნება შთაგონების წყარო და მისი საყვარელი გმირი. ამავე ჩვენებას ედო სიმღერა Heroes.
ედი სლიმანმა ერთხელ აღნიშნა, რომ დევიდ ბოუი მისთვის “ყველაზე მაგარი ადამიანი იყო მუსიკაში, მიკ ჯაგერი კი სატვირთო ავტომობილის მძღოლი იყო მასთან შედარებით.” და რომ ის “თავში დევიდ ბოუის ალბომით დაიბადა”. დრისის მსგავსად ედიზე დიდი გავლენა ჰერცოგის პერსონამ იქონია.
ბოუის გარდაცვალების შემდეგ, დავფიქრდით, თუ რომელ დიზაინერზე იქონია ყველაზე დიდი გავლენა ამ გენიალურმა არტისტმა, მაგრამ შემდეგ, მივედით დასკვნამდე, რომ ბოუი არის ყველგან, ვიქტორია სეკრეტიდან ჰაიდერ აკერმანამდე.
ბოუის ხელშეწყობით ცირკულირებს მოდა კულტურაში, მან გახსნა კარი მომავალი რეალობისთვის, რომელიც გვაქვს ახლა.
როდესაც ვფიქრობთ სტილისა და მოდის ლეგენდებზე, დევიდ ბოუი პირველია ვინც შეიძლება გაგვახსენდეს, როგორც პირველწყარო თანამედროვე ხედვისა. ბოუის გარეშე ალესანდრო მიკელე არ იქნებოდა ისეთი როგორიც არის დღეს, არ იქნებოდა დრის ვან ნოტენი ისეთი როგორიც არის დღეს და ბევრი სხვა, არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის დღეს.
მოდა და ლუქები როგორც პიროვნულობის გამოხატვის საშუალება, ვის შეეძლო ეს მანამდე გაეკეთებინა ისე, როგორც ბოუის? არც არავის.
ყოველ ჯერზე, დევიდ ბოუი ყველას აჩვენებდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია რისკზე წასვლა და მუდმივი პროგრესი საკუთარი თავის საპოვნელად და წარმატების მისაღწევად. ბოუიმ დაამტკიცა, რომ ცვლილებები სტაბილურობას ჯობია და ისიც, რომ ერთი ადამიანი შეიძლება იყოს კეთილიც, ბოროტიც, მამაკაცურიც, ქალურიც, ძლიერიც და სუსტიც, ბოუიმ დაამარცხა აბსოლუტიზმი და დაამკვირდა პარადოქსულობის სილამაზე. სწორედ ბოუიმ მოგვცა თავისუფლება და გვიბიძგა ადამინურ არასრულყოფილებაში გვეპოვა სრულყოფილება.
2016 წელს, 69 წლის ასაკში, დევიდი გარდაიცვალა კიბოსთან 18 თვიანი ბროლის შემდეგ. ბოლომდე ინარჩუნებდა არტისტულობას, ბოლო სტუდიური ალბომი “Blackstar” გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე გამოუშვა – ისევე როგორც მისი ცხოვრება, მისი სიკვდილიც საკუთარ წესებს მოარგო. ამავე ალბომში ერთ-ერთი სინგლის სახელწოდებაა “Lazarus” – ლაზარე. სიმღერის მოსმენისას პირველად დავფიქრდით, იქნებ ლაზარეს ბიბლიური ისტორია სიმართლეა?