2015 წელს ლანვინის მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ შეეძლოთ ბრენდიდან ის დიზაინერი გაეშვათ, რომელმაც ლანვინი პრესტიჟულ ბრენდად ხელახლა შექმნა, დიზაინერი, რომელსაც ძალიან ერთგული გულშემატკივრების არმია ჰყავს. ალბერისთვის “Every Woman’s Darling” არაფრისთვის არ შეურქმევიათ, თუმცა როგორც გამოჩნდა, ლანვინის მფლობელების გარდა, ამას ყველა ვხვდებოდით. ბრენდი გაკოტრდა და 4 წელში 4 დიზაინერი გამოიცვალა, თუმცა უშედეგოდ.
ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების თანადგომამ და გულშემატკივრების ერთგულებამ ელბაზს ლანვინთან განშორების შედეგად გამოწვეული დეპრესია გადაატანინა და როგორც დღეს გახდა ცნობილი, 4 წლის შემდეგ მზად არის, რომ ახალ წამოწყებას უხელმძღვანელოს. ალბერი Richemont -თან თანამშრომლობით ქმნის კომპანიას, რომლის სახელია AZFashion. აქვე გეტყვით, რომ Richemont შვეიცარიაში დაფუძნებული კონგლომერატია, რომელიც რამდენიმე ცნობილ ბრენდს ფლობს, მათ შორის: Azzedine Alaïa -ს, Cartier – ს და Chloé – ს. ალბერმა ახალ კომპანიას თავისი „ოცნების ქარხანა“ უწოდა. კომპანიის ოფიციალურ განაცხადში AZFashion-ზე საუბარია, როგორც სტარტაპზე, რომელიც ოცნებებს რეალობად აქცევს.
ჯერ-ჯერობით სხვა დეტალები უცნობია. საკულტო დიზაინერის მოდაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თვალი გადავავლოთ ელბაზის შექმნილ კოსტიუმებს და ფრაზებს, რომლებიც ვოგის გამოცემებში დაიბეჭდა.
„ზოგჯერ ჯავშანი არ გჭირდება, რათა თავი დაცულად იგრძნო, ზოგჯერ უბრალოდ შიფონის კაბა გჭირდება.”

„ივ სან ლორანმა ქალებს ძალა მისცა, შანელმა გაათავისუფლა ისინი და როდესაც ლანვინს შევუერთდი, ვფიქრობდი ‘რა მოვუტანო ქალებს?’ ერთ დღეს, ნიუ-იორკში, მეგობრისგან წერილი მივიღე – ტაქსში იჯდა და სასამართლოსკენ თავის საშინელ ქმართან შესახვედრად მიემართებოდა და მითხრა, ‘ალბერ, ლანვინის კაბა მაცვია და თავს ძალიან დაცულად ვგრძნობ.’ ეს ჩემთვის უდიდესი კომპლიმენტი იყო მათ შორიც, რაც კი ოდესმე მიმიღია. ხუთასმა გრამმა აბრეშუმის ნაჭერმა რომ მას თავი დაცულად აგრძნობინა – მართლა გამაბედნიერა.“

„ჩემი აზრით, მოდის მიზანი ბედნიერების გამოწვევაა.”

„მომწონს პირველი კლასი, პირველი კლასის ხალხი კი არა – მათ მატარებლის მგზავრებს ვამჯობინებ. მომწონს კარგი რესტორნები, მაგრამ გემო მაკდონალდსის მირჩევნია. მომწონს იყო სრულყოფილი, სრულყოფილება კი არა – ვფიქრობ ეს საშიშია. სრულყოფილების იქით არაფერია. ვიცი, მოსიარულე წინააღმდეგობა ვარ.”

„არ არსებობს მოდის მსგავსი ინდუსტრია. არცერთ კინო სტუდიას არ შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს წელიწადში 8 ბლოგბასტერის გადაღება. არცერთ მუსიკოსს არ შეუძლია წელიწადში 14 ჰიტის გამოშვება. მოდაში შეგვიძლია. ჰოლივუდში ნეტფლიქსი და ეფლი იღებენ კონტროლის სადავეებს ხელში. მუსიკაში ახლა ყველაფერს იწერენ,მაგრამ მოდაში ჩვენ დავრბივართ. დავრბივართ, დავრბივართ, დავრბივართ, მაგრამ კალორიებს არ ვწვავთ. ჩემი მწვრთნელი მეუბნება, რომ ათლეტის გონება მაქვს და არა – სხეული. ”

„არ ვარ პლასტიკური ქირურგი, ადამიანის შეცვლა არ შემიძლია, მაგრამ როცა ვხედავ ქალს, რომელიც ჩემი სამოსით უფრო ლამაზად გამოიყურება, ვხვდები, რომ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ.”

„რამდენიმე წელია უსახლკარო ვარ. ყველაფერი დავკარგე: ჩემი სტუდია, გუნდი, ეგო, ღირსება, ყველაფერი. ამბობენ, რომ ერთადერთი, რასაც უსახლკაროსგან ვერავინ წაიღებს არის გონება. შემოქმედებით ხელმღვანელად უკვე რამდენიმე წელია არ მიმუშავია, არ მქონია მარკეტინგის გუნდთან შეხვედრა, არ მქონია ნაჭრების შესარჩევად შეხვედრა, არ მქონია შოუსთან დაკავშირებული შეხვედრები, მაგრამ საკუთარ თავს კვლავ შევხვდი. კვლავ გავხდი დიზაინერი, კვლავ დავიწყე ოცნება და ფიქრი, დავიწყე ქუჩაში მუშაობა, რადგან ამბობენ, რომ მოდა ასევე არის ქუჩის მოდა. ასე რომ ჩემი სტუდია ქუჩაში გადავიტანე და უბრალოდ ვაკვირდებოდი გარშემო ხალხს.”

„მას შემდეგ, რაც სან ლორანის არქივებში 1 თვე გავატარე, დეპრესია დამეწყო. ვფიქრობდი მე რა უნდა გამეკეთებინა, როცა მას უკვე ყველაფერი შექმნილი აქვს. ფსიქოლოგმა მკითხა, ივის ხომ არ მშურდა. არა, არ მშურდა. მე მხოლოდ მათი მშურს, ვინც ბევრს ჭამს და წონაში არ იმატებს.“

„ჯერ ვიყავით კუტიურიეები, შემდეგ დიზაინერები, შემდეგ გავხდით კრეატიული დირექტორები, ახლა ინფლუენსერები ვართ.”

„ჩურჩული უფრო ეფექტურია, ვიდრე ყვირილი. ყვირილი ყველას ესმის, მაგრამ ყველა არ იგებს. როცა ჩურჩულებ შეიძლება არც ისე ბევრ ადამიანს შეუძლია შენი მოსმენა, მაგრამ ის უფრო ღრმად აღწევს მათში.”

„ორმა განსხვავებულმა ქალმა ორი განსხვავებული რამ მითხრა სხვადასხვა დროს, მე კი ყოველთვის მათ ვუბრუნდები. ერთმა მითხრა, რომ ყოველთვის, როცა ლანვინი აცვია, მამაკაცებს უყვარდებათ, ვიფიქრე, რომ ეს მშვენიერია. მეორემ მითხრა, რომ ტაქსში იჯდა და თავისი ქმრის ადვოკატთან შესახვედრად მიდიოდა, რადგან განქორწინება სურდა, მაგრამ მას ლანვინი ეცვა და თავს ძალიან დაცულად გრძნობდა. თუ ჩემი წყალობით კაცებს ქალები უყვარდებათ და თუ ქალების დაცვა შემიძლია, მაშინ შემიძლია მშვიდად მოვკვდე.”
