კიმ ჯონსის ფენდისთვის შექმნილი პირველი კოლექციის ჩვენება 27 იანვარს, პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება.

© Instagram / mrkimjones

ჯონსი ფენდის შემოქმედებით ხელმძღვანელად სექტემბერში დასახელდა. იტალიურ მოდის სახლში ბრიტანელმა დიზაინერმა  ქალის RTW, ოტ კუტიურ და ბეწვეულის ხაზები ჩაიბარა. მან თავისი როლი შეინარჩუნა დიორშიც, სადაც ის მამაკაცის ხაზზეა პასუხისმგებელი. ფენდიში მისი ამჟამინდელი პოზიცია სიცოცხლის ბოლომდე კარლ ლაგერფელდს ეკავა, ამიტომ მისთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იქნება კარლისნაირი აღიარებული დიზაინერის ჩანაცვლება. აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ კიმი დიორში მივიდოდა, მამაკაცის ხაზს შემოქმედებითად ლუი ვიტონში ხელმძღვანელობდა, თუმცა ქალის კოლექციებზე 2004 წლის შემდეგ არ უმუშავია.

როცა კიმი ფენდის შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა, მოდის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებებში აღნიშნული იყო, რომ ჯონსის სადებიუტო კოლექციის ჩვენება თებერვალში, 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე მილანის RTW მოდის კვირეულის ფარგლებში იგეგმებოდა. მაგრამ, ამ გადაწყვეტილების ცვლილების შედეგად, ბრენდში მის პირველ კოლექციას კიდევ უფრო ადრე ვიხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ კიმს სხვადასხვა ბრენდში არაერთი მიმართულებით უმუშავია, მას ასევე პირველად მოუწევს ოტ კუტიურ კოლექციის წარდგენა.

ბერნარ არნო და კიმ ჯონსი

ფენდის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექციის შექმნაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ აქსესუარებისა და მამაკაცის ხაზის სამხატვრო ხელმძღვანელი სილვია ვენტურინი ფენდი და სამკაულების ხაზის კრეატიული დირექტორი დელფინა ფენდი. ჯერ-ჯერობით უცნობია COVID-19 – თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ჩვენებას მიწვეული სტუმრები თუ დაესწრებიან, მაგრამ ვიცით, სად გაიმართება ის. კიმ ჯონსის ფენდისთვის შექმნილი პირველი კოლექციის ჩვენება პარიზში, Palais Brongniart – ში მოეწყობა.