6 აგვისტოს მაღალი მოდის ინდუსტრია დაამწუხრა სიახლემ, რომელიც რუსეთის ყველაზე პრესტიჟულმა ლაგჟერი მაღაზიამ გაავრცელა. ცუმის ოფიციალური საიტი იუწყებოდა, რომ მერკურის ვიცე პრეზიდენტი და ცუმის მოდის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალა ვერბერი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ალა ელი სააბის შვილის ქორწილში იმყოფებოდა. ის ესწრებოდა დოლჩე&გაბანას ალტა მოდა შოუსაც, რომელიც ივლისში გაიმართა.

სტეფანო გაბანა, ალა ვერბერი, დომენიკო დოლჩე 2019 წლის 7 ივლისს

ვერბერის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 2019 წელი ალასთვის უფრო საინტერესო და აქტიური ჩანდა, ვიდრე 2018, ამიტომ გულშემატკივრებისთვის, ალას ახლობლებისთვის და მოდაში დასაქმებული ადამიანებისთვის სიახლე შოკური იყო. რუსულ მოდაში ყველაზე გავლენიანი ქალი სააბის უფროსი ვაჟის ქორწილის შემდეგ დასასვენებლად იტალიას ესტუმრა. იტალიიდან გამოაქვეყნა ინსტაგრამზე თავისი ბოლო ფოტო, რომელიც 4 აგვისტოთი თარიღდება. როგორც ცნობილი გახდა, ალას 4 აგვისტოს სადილის დროს ალერგიული შეტევა დაემართა, რომელიც ზღვის პროდუქტმა გამოიწვია. ალერგიულმა რეაქციაც ანაფილაქსიური შოკი განავითარა. ვერბერი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმები ვერაფერს გახდნენ.

ალა ვერბერი და სოფო ჭყონია

70-იანებში ალას მშობლები საბჭოთა კავშირიდან კანადაში გადასახლდნენ. ალამ მშობლებთან ერთად კანადაში ჩაფრენა ვერ შეძლო და იძულებული გახდა იტალიაში დარჩენილიყო. მოდის ქვეყანაში გადაწყვიტა, რომ თავისი მომავალი მაღალი მოდის ინდუსტრიისთვის დაეკავშირებინა.  სწავლის დასრულების შემდეგ, ალამ მოახერხა კანადაში ჩასვლა, სადაც შექმნა ოჯახი და მოდის მყიდველად (ბაიერად) დაიწყო მუშაობა. 1991 წელს ერთ-ერთმა მსხვილმა კანადურმა კომპანიამ ვერბერი რუსეთში წარმომადგენლად დანიშნა. მაშინ დაბრუნდა სამშობლოში და გადაწყვიტა, რომ რუსეთში მაღალი მოდა შეეტანა. შანელი, ჟივანში, არმანი, დიორი, დოლჩე & გაბანა, ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ვერბერმა რუსულ ბაზარზე პირველმა შეიტანა. 20 წელიწადში ვერბერმა მილიარდიანი ბიზნესის შექმნაში უდიდესი როლი ითამაშა. ყოველწლიურად მისი ხელმძღვანელობით ცუმის შემოსავალი 100 მილიონ დოლარს აჭარბებდა. გავლენიანი გამოცემები წერდნენ, რომ მაშინაც კი, როდესაც რუსეთს დასავლეთმა სანქციები დაუწესა და რუსული ბიზნესი სახარბიელო მდგომარეობაში არ იყო, ვერბერის მოდის იმპერია ზრდას მაინც განაგრძობდა.

ალა ვერბერი და დემნა გვასალია 2019 წლის მარტში

წლების განმავლობაში ალას რუსეთში და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში დაახლოებით ისეთი გავლენა ჰქონდა, როგორიც ანა ვინტურს დასავლეთში. ის ერთადერთი რუსია, რომელიც BOF – ის “Hall of Fame” რეიტინგში არის მოხსენიებული მაღალი მოდის ინდუსტრიის ყველაზე დიდებული და მნიშვნელოვანი ადამიანების გვერდით.