კვირას პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Givenchy-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა. ეს იყო ფრანგული მოდის სახლის პირველი პრეზენტაცია ცოცხალი აუდიტორიის წინაშე მას შემდეგ, რაც მის კრეატიულ დირექტორად მეთიუ უილიამსი დაინიშნა.

შოუს კრიტიკა მოჰყვა. მიზეზი ოქროსფერსა და ვერცხლისფერში წარმოდგენილი ყულფის ფორმის ყელსაბამებია, რომლებიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა მიუღებლად მიიჩნა. ისტორია განმეორდა. ორი წლის წინანდელი მაგალითი Givenchy-ისთვის გაკვეთილი არ აღმოჩნდა.

2019 წელს Burberry-ის ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ჰუდი, რომელზეც თოკისგან გაკეთებული კვანძი იყო მიმაგრებული. შოუს შემდეგ მოდელმა ლიზ კენედიმ სოციალურ ქსელში კრიტიკული მიმართვა გაავრცელა, რასაც დიდი გამოხმაურება და Burberry-ის მხრიდან ბოდიში მოჰყვა. მოდელმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც მორგებაზე მისულმა ჰუდი იხილა, ჩვენებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. “სუიციდი მოდა არ არის. ის არც გლამურული არ არის და არც განსაკუთრებული,” – წერდა კენედი.

აღნიშნულ თემას ინსტაგრამზე გამოეხმაურა Diet Prada-ც, რომელიც, პირველ რიგში, მოდის ინდუსტრიაში გადადგმული არასწორი ნაბიჯების გამოვლენაზეა ორიენტირებული.

Givenchy-ის მოდის სახლს ჯერჯერობით არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია.