“Florals? For Spring? Grounbreaking”
ალბათ, თითქმის ყოველთვის, როდესაც გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის განკუთვნილ კოლექციებში ყვავილებს ვხედავთ, ეს ცნობილი ფრაზა გვახსენდება ფილმიდან – “ეშმაკს აცვია პრადა.” თუმცა Comme des Garcons Homme Plus-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში, ყოველგვარი ირონიის გარეშე, ყვავილები მართლაც ინოვაციურად გვეჩვენება.
რეი კავაკუბომ თავის ახალ კოლექციას “ყვავილების არსებობა” უწოდა და მათი განსხვავებული ბუნების წარმოჩენას შეეცადა. მან შეძლო თავის ქმნილებებში გამოეხატა ის ემოციები, რომლებიც ბუნების ამ უმშვენიერეს ქმნილებებთან ასოცირდება.
“ყვავილები მხოლოდ ბედნიერი მომენტებისთვის არ არის. მძიმე, სამგლოვიარო და მტკივნეული დროისთვისაც არსებობს. გზისპირას ამოსულ პაწაწინა ყვავილსაც კი შეუძლია ჩვენს დამსხვრეულ გულს უმკურნალოს,” – აღნიშნული იყო ჩვენების ჩანაწერებში.

კოლექცია მოიცავს კავაკუბოსთვის დამახასიათებელ ასიმეტრიულ და დეკონსტრუქციულ ელემენტებს, თრენჩებსა და პიჯაკებში გამოყენებულ ყვავილების პრინტიან ტექსტილებს, ასევე ყვავილოვანი მოტივებით გაფორმებულ დრამატულ შავ ლუქებს, არტისტ ტრევის ბედელთან (იგივე Bedelgeuse) თანამშრომლობით შექმნილ ნამუშევრებს, რომლებიც თეთრი პერანგებისა და ქურთუკების უკანა მხარეს არის წარმოდგენილი.
“ჩემი ნამუშევრების უმეტესობა სიყვარულს, დანაკარგს და ხელიდან გაშვებას წარმოაჩენს.”
ტრევის ბედელი
ცისარტყელას ფერებში განათებულ პოდიუმზე მოდელებმა ჩონჩხის თავებით გაფორმებული ლუქებიც წარმოადგინეს. შოუსთვის აბსტაქტული ქუდების შექმნაზე ბრიტანელმა სტილისტმა და Dazed-ის მთავარმა რედაქტორმა იბრაჰიმ ქამარამ იმუშავა. პრეზენტაციაზე შემოთავაზებული ფეხსაცმელები შექმნილი იყო კოლაბორაციების ფარგლებში: John Moore x George Cox x COMME des GARÇONS HOMME PLUS და Nike Air Max Sunder.
Comme des Garcons Homme Plus გაზაფხული/ზაფხული 2022