2008 წელს, ტომ ფორდის კითხვაზე, „სად ხედავ საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ?“ ნიკოლა ჟესქიერმა უპასუხა: „ვფიქრობ, ისევ ბალენსიაგაში ვიქნები.“

10 წლის შემდეგ, ჟესქიერი ლუი ვიტონის შემოქმედებითი ხელმძღვანელია, თუმცა ნიკოლას ბალენსიაგა ლუი ვიტონში არ გაუცვლია, მას სხვა გზა არ დაუტოვეს. ასეთი იყო ფრანგი დიზაინერის პოზიცია, როცა ბალენსიაგა დატოვა. ფრანგული მოდის სახლიდან წამოსვლის შემდეგ, ჟესქიერმა პირველი ვრცელი ინტერვიუ ჟურნალ System-ს მისცა და იმ იმედგაცრუებაზე, ბრაზზე და სტრესზე ისაუბრა, რომელიც ბალენსიაგას მფლობელებთან მუშაობამ გამოაცდევინა. სწორედ ეს ინტერვიუ გახდა ბალენსიაგას სარჩელის მიზეზი.

„ტომ ფორდის დროს, გუჩი გრუპში (დღევანდელი ქერინგი) ყველაფერი დაბალანსებული იყო, მოდაში შემოქმედებითობაზე უფრო საუბრობდნენ, ვიდრე ბიზნესზე და მარკეტინგზე. ტომის და დომენიკოს (დე სოლი) წასვლის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. ბალენსიაგაში ისეთ ადამიანებთან მიწევდა მუშაობა, რომლებიც მოდურ პროდუქტს და იოგურტს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. ამ ხალხს მოდა ავეჯი ჰგონია. ბიზნესმენები არიან და მოდა უბრალოდ არ ესმით. ძალიან ბევრჯერ მივედი მათთან სალაპარაკოდ, რომ ამეხსნა, მაგრამ არ მისმენდნენ. ჩვენებებიდან ყველაზე ძლიერ ლუქებს მიხსნიდნენ, შემოქმედებითად დამაშრეს.“

ნიკოლა ჟესქიერი ბალენსიაგას ჩვენების ფინალში

ბალენსიაგამ ნიკოლას უჩივლა და იმიჯის შემლახავი განცხადებების გაკეთების გამო, დიზაინერისგან კომპენსაციის სახით, 9 მილიონი ევრო მოითხოვა. როგორც ცნობილია, ნიკოლას თანხა არ გადაუხდია. სასამართლო სხდომის შემდეგ, საქმე მედიაციას გადაეცა.


ნიკოლა ჟესქიერი ბალენსიაგას 15 წელი ხელმძღვანელობდა და ის ითვლება დიზაინერად, რომელმაც ბალენსიაგა მოდის საერთაშორისო რუკაზე დააბრუნა.