სამი ათწლეულის განმავლობაში, Victoria’s Secret-ის მაღაზიების ვიტრინებიდან, სილამაზის აღიარებულ სტანდარტებში სრულყოფილად მორგებული “ანგელოზები”  გვიცქერდნენ, თუმცა საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ ახლა, როდესაც ანგელოზების ეპოქა ოფიციალურად დასრულდა. რებრენდინგის შემდეგ, Victoria’s Secret-ის მაღაზიიდან პირველი ფოტოები ვრცელდება. შესასვლელში, ქენდის სვანეფულის, ადრიანა ლიმას, ან ელსა ჰოსკის ფოტოებს ვეღარ შეხვდებით, არც ისეთი უსარგებლო, თუმცა სიმბოლური ნივთი დაგხვდებათ, როგორიცაა “ანგელოზის მოოქროვილი ფრთა”.

ნაცვლად ამისა, ახალი “ვიქტორია სეკრეტი” უფრო რეალისტურ მანეკენებს გვთავაზობს, რომლებიც არ ერგებიან მხოლოდ ერთი ფორმის და ზომის აგებულებას.

ცვლილება ერთი შეხედვითაც ადვილი შესამჩნევია.

მაღაზიებში კვლავ წარმოდგენილია მოდელების პოსტერები, თუმცა გოგონების უმრავლესობა, ფოტოებში, უფრო სპორტულად გამოიყურება, ვიდრე სექსუალურად.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს, ბრენდმა “ანგელოზების” ინსტიტუტის გაუქმებასთან ერთად, ორი ახალი ინიციატივა გააჟღერა. Victoria’s Secret Collective და Victoria’s Secret-ის გლობალური ფონდი ქალებში კიბოს გავრცელების წინააღმდეგ – სწორედ ამ ორი ახალი პროექტით იწყებს ბრენდი ახალ ეტაპს. Victoria’s Secret Collective გააერთიანებს ცნობილ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებაში დადებითი ცვლილებების დამკვიდრებასთან და აქტივიზმთან არიან დაკავშირებული. ისინი Victoria’s Secret-ის ერთგვარი ამბასადორები იქნებიან. კოლექტივის წამყვან სახეებს შორის არიან: პრიანკა ჩოპრა, ადუთ აკეჩი და ამერიკელი ფეხბურთელი ქალი – მეგან რაპინოუ.