მოდელობა, მიუხედავად თავისი თავბრუდამხვევი იმიჯისა, ერთ-ერთი რთული პროფესიაა. სამოდელო სააგენტოებისგან მიღებული უარი, ვიზუალთან დაკავშირებული მითითებები, ხანგრძლივი და შესაძლოა დაბალანაზღაურებადი გადაღებები და მრავალი სხვა. თუმცა, ამ ინდუსტრიასაც აქვს თავისი ზღაპრული ნაწილი – ეს არის ამბები უცაბედ, მოულოდნელ და დაუჯერებელ წარმატებაზე. ისტორები განსხვავებულია, თუმცა ერთი რამ აერთიანებს – მოდელები, რომლებიც უმოკლეს დროში, ან სულაც პირდაპირ, მწვერვალზე აღმოჩნდნენ. ეს სახეები, ძირითადად, შემთხვევით აღმოაჩინეს სკაუტებმა, დიზაინერებმა, ფოტოგრაფებმა, თუ ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა დაინტერესებულმა ადამიანმა.
გთავაზობვთ რამდენიმე ისტორიას, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობი სუპერმოდელების აღმოჩენის შესახებ გვიყვება.
სინდი კროუფორდი
სინდი კროუფორდის კარიერა 80-იან წლებში დაიწყო. სანამ პოდიუმსა და წამყვანი მოდური ჟურნალების გარეკანზე აღმოჩნდებოდა, ჩვეულებრივი გოგო იყო, რომელიც ილინიოსის შტატში ცხოვრობდა. როგორც მოგვიანებით ინტერვიუში გაიხსენა, მოდელობის ინტერესი მაშინ გაუჩნდა, როცა ადგილობრივმა ფოტოგრაფმა ფოტო გადაუღო და აჩვენა. ამის შემდეგ, კროუფორდი სამოდელო კარიერის ასაწყობად ჩიკაგოში გაემგზავრა, სადაც მას სააგენტო Elite-მა კონტრაქტი გაუფორმა.
ჟიზელ ბუნდჩენი
ჟურნალ Forbes-ის მიერ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად არაერთხელ დასახელებული ჟიზელ ბუნდჩენი ჯერ კიდევ მოზარდობისას სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. ის სან პაოლოში, შოპინგისას შენიშნეს და ასე დაიწყო მისი დიდებული კარიერა. ჟიზელი პოდიუმზე პირველად 14 წლის ასაკში გამოჩნდა. ამის შემდეგ, მისი კარიერა საოცარი სისწრაფით მიდიოდა წარმატებისაკენ. 1998 წელს კი, როცა ჟიზელი Alexander McQueen-ის ჩვენებაზე გამოვიდა, არნახული ყურადღება დაიმსახურა. ასე იქცა ჟიზელი 90-იანების მიწურულის და 2000-იანების დასაწყისის საკულტო სუპერმოდელად.
ნაომი ქემბელი
ნაომი 15 წლის იყო, როცა სამოდელო სააგენტო Pennington Models-ის სკაუტმა, ბეთ ბოლდტმა აღმოაჩინა. “ერთხელ ქალი მომიახლოვდა და მკითხა, თუ მინდოდა მოდელობა. ეს ბეთი იყო. მაშინ გაკვირვება და აღტაცება ერთად ვიგრძენი. დედაჩემს სურდა დავრჩენილიყავი და სკოლა დამემთავრებინა, თუმცა, მე მინდოდა მომავალი ჩემებურად მომეწყო”. ნაომი მსოფლიოში ყველაზე აღიარებულ მოდელად მიიჩნევა. ის 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია.
ქეით მოსი
ნაომის მსგავსად, ქეით მოსიც სამოდელო სააგენტოს სკაუტმა აღმოაჩინა. სარა დუკასმა ის მაშინ შენიშნა, როცა 14 წლის ქეითი მამასთან ერთად ნიუ იორკის ერთ-ერთ აეროპორტში იმყოფებოდა. დუკასმა მათთან ერთად, ინგლისის მიმართულებით აიღო ბილეთი და თვითმფრინავში პირველი შესაძლებლობისთანავე გაეცნო. 90-იან წლებში, Calvin Klein-თან კოლაბორაციამ ქეითს მოდის ინდუსტრიაში აღიარება მოუტანა და ამ აღიარებასთან ერთად, გაჩნდა Heroin Chic იმიჯი.
კრისტი ტარლინგტონი
კრისტი ტარლინგტონი ფოტოგრაფმა ადრეულ ასაკში მაშინ შენიშნა, როცა ცხენით ჯირითობდა. ამ აღმოჩენიდან ერთ წელში, კრისტი პარიზში გაემგზავრა დიდი კარიერის ასაწყობად. 90-იან წლებში კი, ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი მოდელი იყო.
ლინდა ევანჯელისტა
ლინდა ევანჯელისტა კანადაში, თავის მშობლიურ ქალაქ სენტ-კატარინსში, ადგილობრივ სამოდელო სააგენტოში დადიოდა. როგორც თავად ინტერვიუში მოყვა, ეს თაღლითობის მსგავსი სქემა იყო. “კურსებისათვის გადასახადს ჩემი ოჯახი იხდიდა. 16 წლის რომ ვიყავი, იაპონურმა სააგენტომ ამარჩია და საზაფხულო სამუშაო კონტრაქტი შემომთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები ტრადიციების დამცველი მკაცრი იტალიელები იყვნენ და საღამოს 10-ის შემდეგ, სახლიდან არ მიშვებდნენ, იაპონიაში გამგზავრებაზე დამთანხმდენ. ჩასულს ნამდვილი კატასტროფა დამხვდა. სააგენტოს უნდოდა შიშველს მეპოზიორა. საბოლოოდ მათ თავი დავაღწიე და კანადის საელჩოს მივმართე დახმარების თხოვნით. ორი დღე იქ ვიცხოვრე, ამის შემდეგ კი, სახლში დავბრუნდი. იმდენად დასტრესილი ვიყავი, რომ ამ სფეროსთან შეხებაც აღარ მინდოდა. თუმცა, მალევე სილამაზის კონკურსში აღმოვჩნდი და აქედან შემნიშნეს აგენტებმაც”. წლების შემდეგ, როცა მისი კარიერა დასრულდა, ლინდა ევანჯელისტა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოდელად არის აღიარებული. მისი ფოტო დაახლოებით, 700-მდე ჟურნალის ყდაზე დაიბეჭდა.