მოდაში ძალიან დრამატული დეკადი იწურება და ბევრ მოთამაშეს წარსულში ტოვებს. 2010 წლიდან დღემდე თითქმის ყველა და ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამ 10 წელს ბევრი ვერ გადაურჩებოდა. ამერიკაში კავალის ყველა მაღაზია იხურება, რადგან ბრენდი გაკოტრების ზღვარზეა.
2015 წლიდან კავალის 90%-ს კომპანია Clessidra ფლობს, დანარჩენი 10% კვლავ რობერტო კავალის მფლობელობაშია. ნიუ-იორკ ტაიმსი იუწყება, რომ Clessidra-ში ბრენდთან დაკავშირებით მიზნები აღარ აქვთ და მყიდველს ეძებენ, ვინც გაკოტრების ზღვარზე მყოფი იტალიური ბრენდით დაინტერესდება. ერთ-ერთ მყიდველად გერმანელი დიზაინერი, ფილიპ ფლეინი მოიაზრება.

2 კვირის წინ კავალი ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა დატოვა. პოლ სარიჯი კავალის 2015 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა.
‘’პროექტი, რომლისთვისაც სარიჯი შეირჩა, თანდათანობით შეიცვალა. მის დანიშვნას არანაირი ინვესტიცია არ მოჰყოლია, რაც იმაზეც აისახება, რომ ბრენდის მთავარი მაღაზიებიც კი არ განახლებულა და კვლავ ძველი ინტერიერი აქვს, რომელიც წინა კრეატიულმა ხელმძღვანელმა, პიტერ დუნდასმა შექმნა. ინვესტიციები შემცირდა რეკლამირებაშიც. ფულადი რესურსები იმდენად შემცირდა, რომ ჩვენებებიც ადეკვატური არ გამოდიოდა, რათა კავალი კვლავ მდიდრულ ბრენდად წარმოჩენილიყო, ამიტომ ბრენდის განახლება შეუძლებელი გახდა’’- ამბობს კავალისთან დაახლოებული პირი.