დრაგზე, როგორც ფენომენზე არაერთი საინტერესო ისტორია მოგვისმენია. გენდერული მნიშვნელობით განმსჭვალული ხელოვნების ეს ფორმა, განსაკურებული ექსპრესიულობით ხასიათდება, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს კულტურა აერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც არტისტულობის გამძაფრებული შეგრძნებით გამოირჩევიან. თუმცა, მექსიკელი დიეგო გარიხოს პირადი ისტორია მაინც ყველასაგან განსხვავდება. დიეგო რინგზე შერეული ორთაბრძოლების, იგივე MMA-ის პროფესოონალი მებრძოლია, მისი სპორტული პროფესიის მიღმა კი – დრაგ ქვინი, რომელსაც უბრალოდ ლოლას სახელით იცნობენ. ტატუირებული სხეულით დიეგო ძლიერი, მასკულინური გარეგნობის საშიში მოწინააღმდეგის განსახიერებაა, ხოლო მეორე ცხოვრებაში, მისი იმიჯი დრაგ კულტურის ყველა სახასიათო დეტალს აერთიანებს.

VICE.COM

გარიხო მექსიკაში დაიბადა და ადრეულ ასაკში შეერთებულ შტატებში გადავიდა სახცოვრებლად. როგორც მუშათა კლასის მექსიკელ ემიგრანტთა უმრავლესობას, მასაც რთული მოზარდობა ჰქონდა და კრიმინალურ სამყაროში მოხვდა. არაერთი მსჯავრის და ციხეში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, 2006 წელს, საკუთარი კარიერა ერთ-ერთ ყველაზე ძალისმიერ სპორტს დაუკავშირა და ადგილობრივ რინგზე მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც მოიპოვა. თუმცა, მოულოდნელად ბადურა დაუზიანდა და საგრძნობლად გაუარესებული მხედველობის გამო, მისი კარიერა გაიყინა. მიუხედავად ამისა, დიეგო გარიხო კვლავ დაუბრუნდა რინგს და 2018 წელს, ორთაბრძოლის კიდევ უფრო ექსტრემალური მიმართულება აირჩია, რომელშიც მოწინააღმდეგეები შერკინებისას დამცავ ხელთათმანებს არ იყენებენ.

ამ მომენტიდან დაახლოებით სამი წელი გავიდა – დღეს ის სან დიეგოს დრაგ სცენის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მიაჩნია, რომ საბრძოლო ხელოვნება და მისი დრაგ პერსონა ერთმანეთს ავსებენ. ახლახანს, დიეგო VICE-ის მორიგ აღმოჩენად იქცა და გამოცემამ ის მკითხველს ვრცელი ინტერვიუს მეშვეობით გააცნო. როგორც სტატიის ავტორი აღწერს, დიეგო დასთანხმდა ინტერვიუზე, რომელშიც მას უნდა ესაუბრა მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, ნოკაუტსა და ტოქსიკურ მასკულინობაზე.

VICE: რა არის მეტად მტკივნეული – ფეხის ცვილით გაკეთება, თუ რინგზე სახეში მიღებული დარტყმები?

ცვილი მტკივნეულია, თუმცა იცით რა არის უარესი? – დაგრძელებული ფრჩხილის მოტეხვა, ეს ნამდვილი კოშმარია. რაც შეხება ორთაბრძოლისას მიღებულ დარტყმებს – არ მაწუხებს. ეს ხშირი გამოცდილებაა, ტექნიკურად არც ისე გამართული მებრძოლი ვარ, ამიტომ ხშირად მიწევს დარტყმების მიღება. თუმცა, ეს პროცესი არ მაშინებს, მე ჩემი უპირატესობები მაქვს – მუდამ წინ მივიწევ, არასდროს ვჩერდები სწორედ ამიტომ ჩემზე ბევრად გამოცდილ პროფესიონალებს ვამარცხებ.

VICE.COM

დიეგომ ბრძოლის მიმართ საკუთარ სიყვარულზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ პროფესია, რომელსაც შემოსავლის გამო მისდევს. სინამდვილეში MMA და შიშველი ხელებით ბრძოლა ცხოვრებისეული გატაცება და ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა.

როცა თვალი დავიზიანე, ექიმმა მითხრა, რომ ჩემი სპორტული კარიერიდან გამომდინარე, ეს შესაძლოა ნებისმიერ დროს განმეორებულიყო და მხედველობა მეორე თვალშიც დამეკარგა, თუმცა, მზად არ ვიყავი რინგი მიმეტოვებინა. პირიქით, გადავწვიტე ახალი შეგრძნებები მიმეღო და ახალ მიმდინარეობაში ვცადე ბედი. მე მიყვარს ბრძოლა და მინდოდა ბოლომდე შემეგრძნო ის, მზად ვიყავი დაბრმავების რისკზეც კი წავსულიყავი.

VICE: როგორ გახდი დრაგის ნაწილი?

ერთი ძველი ფოტო მაქვს, რომელზეც 6 წლის ასაკში ვარ აღბეჭდილი, დედაჩემის ბიუსტჰალტერი და ტრუსები მაცვია. მე მარტოხელა დედა მზრდიდა, ამასთან ერთად, რამდენიმე გეი ბიძაშვილი მყავდა, ამიტომ მასკულინური სტერეოტიპებით არასდროს ვყოფილვარ განმსჭვალული. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ შემიძლია ვიყო ძალიან ფემინური. ვფიქრობ, ადამიანებს მუდამ აინტერესებთ ვარ თუ არა გეი, მაგრამ არ ესმით – ფემინურობა და სექსუალური ორიენტაცია ორი ერთმანეთისაგან სრულიან განსხვავებული რამეა. რამდენიმე წლის წინ, ემოციური ინტელექტის კურსებს ვესწრებოდი. იქ გვეუბნებოდნენ, რომ კომფორტის ზონიდან გასვლა იყო აუცილებელი. მე ყოველთვის მსიამოვნებდა აუდიტორიის წინაშე ბევრი ლაპარაკი და ყურადღების ცენტრში ყოფნა და როცა სიტყვა “დრაგი” ჩემს გონებაში ამოტივტივდა მაშინვე ვიცოდი: ეს იყო ის, რაც მინდოდა. მთლიანად გადავეშვი ჩემს ახალ იდეაში – დავიწყე ცეკვაზე სიარული, ყურები გავიხვრიტე და ცვილის დახმარებით მთელი სხეულიდან მოვიშორე თმა. ვისწავლე როგორ მევლო მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, ჩემი ნაცნობი კი სამოსის შერჩევაში დამეხმარა. დრაგ სცენაზე მოხვედრისთანავე, ადამიანებმა ძალიან თბილად მიმიღეს, განსაკუთრებულ სითბოს იჩენდნენ ტრანსი და გეი კომუნის წარმომადგენლები. თუმცა, ასევე ბევრი ვისწავლე რინგზე მებრძოლებისგანაც – შევამჩნიე, რომ მათში არის საინტერესო დაფარული დეტალები, ამ ადამიანებზე დაკვირვება და ამ დეტალების აღმოჩენა, მათი გაანალიზება საბოლოოდ დრაგ პერსონაჟის შექმნაში დამეხმარა.

VICE.COM

ნებისმიერი საქმისადმი თავდადებისას, მთავარი წამყვანი ძალა შინაგანი ენერგიაა, რაც საბოლოოდ თვალსაჩინო სახეს იღებს. დიეგოსათვის რინგი ისეთივე დიდი ვნებაა, როგორც – დრაგ სცენა. მათი შედარებისას, პასუხი ვრცელი და საინტერესო აღმოჩნდა.

შერეული საბრძოლო ხელოვნების მშვენიერება იმაში მდგომარეობს, რომ ის თვალსაჩინოს ხდის ადამიანის მიერ რეზისტენტობის გადალახვას. დრაგში, ეს მშვენიერება ტოქსიკური მასკულინობის დაძლევაა. ორივე მათგანს თან ახლავს საფრთხეები, მაგალითად ტრანსები, განსაკუთრებით კი ფერადკანიანი ტრანსგენდერები საზოგადოების მხრიდან ყველაზე სტერეოტიპულ დამოკიდებულებას განიცდიან, ამის გამო, ხშირია ძალადობისა და თვითმკველობის შემთხვევები. ვფიქრობ, ჩაგვრის ნაცვლად, სოციუმი მათ მხარდაჭერაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

დიეგო გარიხოსათვის მისი ორივე ცხოვრება საშემსრულებლო ხელოვნებასთან არის დაკავშირებული. როგორც თავად განმარტავს, რინგსა და დრაგ სცენასთან შორის მსგავსებას არამხოლოდ კონცეპტუალურად აღიქვამს, არამედ ეს კავშირი მის პერსონალურ დამოკიდებულებასა და ქცევით ჩვევებშიც კარგად ჩანს.

ჩემი პირველი დრაგ შოუს წინ, ზუსტად ისევე ვგრძნობდი თავს, როგორც რინგზე კარიერის დასაწყისში. შოუში ჩემთან ერთად გამომსვლელის წინ ვიჯექი გამოსაცვლელ ოთახში, ზუსტად ისევე, როგორც ორთაბრძოლის დაწყებამდე ჩემი მოწინააღმდეგის წინ ვზივარ ხოლმე. ამ დროს, ჩენ ვუყურებთ ერთმანეთს და ვფიქრობთ – “შევძლებ მის დამარცხებას? ასევე ხდება დრაგ შოუს კონკურსის წინ. თუმცა, არასდროს ვნერვიულობ, ამ განცდას ცნობისმოყვარეობა ანაცვლებს. ზოგადად, საკმაოდ მყარი ნერვები მაქვს. შესაძლოა ზედმეტად სულელი ვარ იმისათვის, რომ რამის მეშინოდეს.

VICE: საიდან მოდის შენში უკიდურესობის ასეთი წყურვილი?

ერთხელ ბავშვობაში, მისიონერმა მითხრა, რომ ჩვენ სამყაროს დასასრულის ჟამს ვცხოვრობდით. ამ ამბავმა ჩემზე თავზარდამცემად იმოქმედა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ვიქეცი იმპულსურ ადამიანად. ბავშვობაში ხშირად შევეჯახე ძალადობას, ბულინგს. ეს ყველაფერი თავს სუსტად და აუთსაიდერად მაგრძნობინებდა, ამის გამო კი, სირცხვილს განვიცდიდი. სწორედ ამიტომ, შევქმენი პერსონაჟი, რომელსაც არაფრის რცხვენია. მე ყოველთვის წინ ვდგამ ნაბიჯს ისეთ ბრძოლაში, რომელშიც სხვები უკან იხევენ… თუმცა, ამ დროს ჩემი ბავშვობის ტრავმები თან დამყვებიან, მათთან ყოველდღიურად მაქვს ბრძოლა.