მარტივია შენთან ცხოვრება?

ვფიქრობ, რთული უნდა იყოს ჩემთან ერთად ცხოვრება. ძალიან ჯიუტი ვარ და ეს ვერ იქნება მარტივი. გადაწყვეტილებას არ ვცვლი და ვიცი, რომ ეს შეიძლება უსიამოვნო იყოს. მე რომ ჩემთან მეცხოვრა, ცუდად გავხდებოდი და დავიღლებოდი ყოველთვის რიკ ოუენსის მოთხოვნების შესრულებით.

მაშინ როგორ ეგუება შენი ცოლი მიშელი ამას?

მიშელმა ისწავლა საკუთარი სივრცის განსაზღვრა, რაც მგონია, რომ შესანიშნავია. მას ძალიან ძლიერი პიროვნულობა და ჩამოყალიბებული შეხედულებები აქვს, ამიტომ მის სივრცეში შეჭრისას… შეგიძლიათ ფეიერვერკები წარმოიდგინოთ! სახალისოა, როდესაც მდგომარეობის გამწვავებისას ერთმანეთს ვუყურებთ და, უეცრად, სიტუაციის მთელ არსს ვხვდებით. შეგვიძლია სიცილი დავიწყოთ, “ორივემ ვიცით ეს სადამდეც მიგვიყვანს” და შემდეგ მას სხვაგვარად გავარკვევთ. ძალიან კარგია, როდესაც ასეთი მომენტები გვაქვს. მაგრამ ეს დელიკატურია.

გამიკვირდა როდესაც გავიგე, რომ შენს ცოლზე ოცი წელიწადია დაქორწინებული ხარ მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ძირითადად კაცებს ხვდებოდი. როგორც წესი პირიქით ხდება ხოლმე.

არ ვიცი… ამასთან დაკავშირებით ყოველთვის მართლა გახსნილი ვიყავი, რადგან ვიღაცისთვის სათქმელად ძალიან მარტივია, “ოთხმოციან წლებში მას სექს კლუბებში ვხედავდი ხოლმე, ახლა კი თავს აჩვენებს რომ ჰეტეროსექსუალია?” მაგრამ ის აზრი, თითქოს თავს ვაჩვენებ, რომ ჰეტეროსექსუალი ვარ სასაცილოა. ამასთან, მომწონს იდეა, რომ არსებობს სამაგალითო და არასამაგალითო პიროვნებები. შესაძლებელია მე არასამაგალითო ვიყო, თუმცა ვფიქრობ ვიღაცისთვის…

რატომ თვლი, რომ არასამაგალითო ხარ? მე ასე არ ვფიქრობ.

ვფიქრობ, მამაჩემს ჰგონია. მამაჩემს ელაპარაკე! (იცინის) ყოველშემთხვევაში, ის აზრი, რომ ვიღაცას რაღაც მესიჯს ვუგზავნი სასაცილოა, თუმცა თუ ვინმე ამაზე ყურადღებას ამახვილებს, მინდა ვაცნობო, რომ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ნებისმიერის შესაყვარებლად შეგიძლია შენი გულის გახსნა. შეგიძლია იმაზე მეტი ადამიანისთვის იყო გამოსადეგი, ვიდრე წარმოგიდგენია. წესები არ არსებობს. არ არის აუცილებელი იყო უბრალოდ გეი ან ჰეტეროსექსუალი. გახსენი გონება! შეიძლება უმეტესობასთან გეი ვერ იყო, თუმცა შესაძლოა არსებობდეს ის ერთი, ვისთანაც ეს გამოგივა. ასე, რომ ეს არ არის დიდი ფართო რადიკალური ზოგადი წესი… ეს მხოლოდ სექსს არ ეხება. მთელი რიგი რამეების კომბინაციაა, რაც ამას ახდენს. 

რა როლს თამაშობს მიშელი შენს სამუშაოში?

ის სულის ნაწილია. მგონია, ხალხი უშვებს, რომ ის შესაძლოა პიერ ბერჟეა – თუ ლეგენდარული ივ სან ლორანის თვალსაზრისით ვიმსჯელებთ – მაგრამ ჩემი აზრით, ის უფრო კატრინ დენევის პერსონაჟია იმ ლეგენდიდან. მას შესანიშნავი შთაგონება და ხედვა აქვს. ყოველ დღე ოფისში კომპიუტერთან კი არ ზის, გარეთაა, ძიების პროცესშია და რაღაცებს უკან მიბრუნებს. ეს თითქმის ეფემერულ როლს ჰგავს. ძალიან რთულია ასახსნელად.


მსგავსად მუზისა?

მუზები… ეს სიტყვა “fag hag-ს” (ჰეტეროსექსუალი ქალი, რომელიც უმეტეს დროს ჰომოსექსუალ კაცთან ატარებს) ჰგავს. მას ყოველთვის როგორც ჩემს უკეთეს მეორე ნახევრად წარმოვადგენ, რადგან მგონია, ეს ძალიან კარგად ხსნის ჩვენს ურთიერთობას. ნამდვილად არ ვიცი, სად არის რომელიმე ჩვენგანის დასასრული ან მეორეს დასაწყისი. ეს ბიზნეს პარტნიორობაზე უფრო ღრმაა. ჩვენ გვექნებოდა ლამაზად ესთეტიკური ცხოვრება, მაშინაც კი თუ არ გაგვიმართლებდა, ჩვენი ნამუშევარი უბრალოდ როგორღაც საყოველთაოდ ცნობილი გავხადეთ და ის გაიყიდა, ასე რომ ხალხი მას აღიარებს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ცხოვრება მაინც შესანიშნავი იქნებოდა. მასთან სიღარიბეში ყოფნაც შესანიშნავია, ამიტომ გაჭირვებაშიც ერთად ვიქნებოდით! მანქანაში ვიცხოვრებდით, რაც ძალიან სახალისო იქნებოდა. თუმცა მიშელი კოლექციას ბოლო მომენტამდე არ ნახულობს.

რატომ არა? 

თუ მიშელი რამეს ნახავს და შუბლს შეჭმუხნის, თუ მისგან სასურველ პასუხს არ მივიღებ, ეს ჩემზე დამანგრეველად იმოქმედებს. არ შემიძლია! არ შემიძლია მისი ჩართვა. კარგია თუ ცუდი: თავად უნდა გადავწყვიტო. გინდა საქმის კურსში გყავდეს ის ვისთანაც ძალიან ახლოს ხარ, მაგრამ გარკვეული დისტანციაც უნდა დაიცვა. ეს პატარა უცნაური ბალანსია. ალბათ არის ზოგი ისეთი ურთიერთობა, რომელიც დისკუსიისას და ბევრად მეტი ერთობლივი მუშაობისას უკეთესი გახდებოდა და ვისურვებდი შემეძლოს, მაგრამ მივხვდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მინდა, როცა არ შემიძლია. ეს იმას ჰგავს… ფრანგულს რომ ვერ ვსწავლობ. უბრალოდ საკუთარ თავს ვერ აიძულებ. ყველასთვის უკეთესია პატარა კუთხეში ჩემთვის წყნარად ვიმუშაო ისე, როგორც ვიქცევი.