ბრიტანულ ბრენდში კიდევ ერთ დიდ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. როგორც ბარბერის წარმომადგენელი პრესასთან საუბარში აღნიშნავს, სპეკულაციების და გავრცელებული ჭორების მიუხედავად, იტალიელი დიზაინერი, რიკარდო ტიში შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობაზე რჩება. მოდის სახლის ახალი ფინანსური განცხადებიდან ვიგებთ, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში, ბარბერი დაუბრუნდა პანდემიამდელ გაყიდვების მაჩვენებელს, რაც პიზიტიურ პროგნოზებს აჩენს.
ჯერ 5 წელიც არ არის გასული, მას შემდეგ, რაც ტიში ბარბერის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა, თუმცა ბრიტანული მოდის სახლი უკვე მეორედ აკეთებს განცხადებას იმის თაობაზე, რომ რიკარდო არ ტოვებს დაკავებულ თანამდებობას. ეს კი, თავისთავად, აჩენს აზრს, რომ მიუხედავად გაყიდვების მაჩვენებლის ზრდისა, ბრენდის და დიზაინერის კავშირი საკმარისად მყარი არ არის.
აღსანიშნავია, რომ ბარბერიში რიკარდო ტიშის კანდიდატურა მარკო გობეტიმ წარადგინა. გობეტიმ ბრიტანული მოდის სახლის გენერალური დირექტორის პოზიცია ტიშის დანიშვნამდე ერთი წლით ადრე დაიკავა.
გასულ თვეს, ყველასთვის მოულოდნელად მარკო გობეტი გადადგა. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს Burberry -ის გენერალური დირექტორის თანამდებობას, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გობეტის მხარდაჭერის გარეშე, რიკარდო ტიში მმართველობა კიდევ უფრო ხშირად დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
ახალ განცხადებებთან ერთად, ბრენდმა ახალი სარეკლამო კამპანიაც გამოაქვეყნა. ერთ-ერთი პირველი, რაც იტალიელმა დიზაინერმა ბარბერიში გააკეთა, განახლებული მონოგრამა იყო. თომას ბარბერის ინიციალებით შთაგონებული მონოგრამის და ლოგოს წარდგენის შემდეგ, რიკარდო ყოველ სეზონზე გვთავაზობს ‘TB Monogram’ კამპანიას. 2021 წლის გაზაფხულზე, ბარბერის მონოგრამის მთავარი სახე სუპერმოდელი ნაომი ქემბელია.