ვერსაჩეს ბრენდის ისტორიაში პირველად, დონატელა ვერსაჩე ქალის და მამაკაცის მთავარი კოლექციების ჩვენებას 1 შოუში გააერთიანებს.
„ვიგრძენი, რომ მჭირდება ჩემი შემოქმედებითი ყურადგება 1 ხედვისკენ, კოლექციისკენ, ვერსაჩეს 1 სამყაროსკენ მოვმართო. მთავარი ინკლუზიურობა, ან მრავალფეროვნება არ არის, ეს თანასწორობა უფროა, პოდიუმზეც კი.“ – დონატელა ვერსაჩე.
ვერსაჩეს მამაკაცის და ქალის პირველი გაერთიანებული შოუ მილანის მოდის კვირეულზე, 2020 წლის თებერვალში გაიმართება.

Chloé – ს მფლობელი კომპანიის ფინანსური რელიზით ცნობილი ხდება, რომ 2019 წლის შედეგი დამაკმაყოფილებელია, თუმცა არასასურველი. რიჩმონტი არაერთ სხვა ბრენდს ფლობს, თუმცა Chloé კომპანიისთვის ტანსაცმლის ყველაზე განხილვადი ბრენდია. როგორც ირკვევა, ქლოეს გაყიდვები 500 მილიონი ევროს ზღვარს აღწევს, რაც რიჩმონტის შემოსავლის მხოლოდ 4% შეადგენს.
გავრცელებული ჭორების თანახმად, ბრენდის მფლობელებს ქლოეს გარშემო მეტი მღელვარება, ჰიტები და ტოპ აქსესუარები სურთ, რასაც ნატაშა რემსი-ლევის კოლექციებისგან ვერ იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ნატაშას ტანისამოსი კრიტიკოსებისგან დადებით შეფასებებს იმსახურებს, იმხელა ხმაურს ვერ იწვევს, რამხელაც რიჩმონტში სურთ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთს ნიშნავს. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ 2020 წელს ნატაშას კონტრაქტი აღარ გაგრძელდება.

2019 წლის მესამე მესამედში ბოთეგა ვენეტას გაყიდვები 9.8% – ით გაზრდილია, რაც მოსალოდნელია, თუ გავითვალისწინებთ რამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია დანიელ ლის სადებიუტო კოლექციებმა. როგორც ქერინგის ფინანსური რელიზისგან ვიგებთ, ფეშენისტები ბოთეგა ვენეტას ჩანთებში და ფეხსაცმელებში ბოლო ცენტს იმეტებენ. განსაკუთრებით დიდი ზრდა ამერიკაში და ჩრდილოეთ ევროპაში შეიმჩნევა. ლის უახლესი კოლექცია, რომელიც სექტემბერში ვიხილეთ და მაღაზიებში 2020 წლის გაზაფხულზე გამოჩნდება, მყიდველებში უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

პრადიბასი? ჭორები გამართლდა, პრადამ ადიდასთან კოლაბორაცია დაანონსა. თანამშრომლობა Prada for Adidas 2 ფეხსაცმელს გააერთიანებს და გასაყიდად დეკემბერში გამოჩნდება.

რიკარდო ტიშის ჟურნალ WSJ -ს დაჯილდოებაზე მოდის ნოვატორის ჯილდო გადასცეს. რიკარდო ამშვენებს ჟურნალის ახალ გარეკანსაც. ბარბერის შემოქმედებითი დირექტორი, რომელიც 12 წელი ჟივანშის მოდის სახლს ხელმძღვანელობდა, წითელ ხალიჩაზე და სცენაზე ვარსკვლავ მეგობრებთან ერთად გამოჩნდა. ტიშის ჯილდო კანიე უესტმა და კიმ კარდაშიანმა წარუდგინეს. კანიეც და კიმიც დაჯილდოებაზე რიკარდოს ბარბერის სამოსით გამოჩნდნენ.
რიკარდო ტიში WSJ -ს ახალ გარეკანზე

კანიე უესტი, კიმ კარდაშიანი და რიკარდო ტიში დაჯილდოებაზე

