რიანას და LVMH-ის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ჭორები იანვარში გავრცელდა, მაგრამ მაშინ მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. დღეს LVMH-მა დაანონსა, რომ რიანასთან პარტნიორობით ახალ მოდურ სახლს “Fenty” შექმნიან. როგორც ცნობილია ახალი ბრენდის პირველი პროდუქტები რამდენიმე კვირაში გავრცელდება. რიანა იქნება პირველი ქალი, რომელიც LVMH-ის ქვეშ საკუთარ ბრენდს შექმნის, პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელიც LVMH-ის კუთვნილ ბრენდს ჩაუდგება სათავეში და ”Fenty” იქნება პირველი ბრენდი, რომელიც ფრანგული კონგლომერატის მიერ შეიქმნა 1987 წელს კრისტიან ლაკრუას ბრენდის დაარსების შემდეგ.

ბრენდის ლოგო ”Fenty”-ს გრაფიკული გამოსახულებაა ბერძნული გასაღების სტილში და თეთრი წარწერით ცისფერ ფონზე

ბრენდი პარიზში იქნება წარმოდგენილი და მოიცავს Ready-To-Wear ხაზს, ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს და როგორც LVMH იუწყება კონცენტრირებული იქნება რიანაზე, მის მიერ იქნება განვითარებული და მისი ხედვით ჩამოყალიბდება. ბრენდმა ინსტაგრამის გვერდი უკვე შექმნა.

”მსგავსი ხაზის შექმნა LVMH-თან ერთად განსაკუთრებული მომენტია ჩვენთვის” – განაცხადა 31 წლის ბარბადოესლმა მომღერალმა – ”ბატონმა არნომ უნიკალური შანსი მომცა ფუფუნების სექტორში მოდური სახლის განვითარების, ყოველგვარი შემოქმედებითი ლიმიტების გარეშე. უკეთეს ბიზნეს და კრეატიულ პარტნიორს ვერც კი წარმოვიდგენდი და მზად ვარ მსოფლიოს ვანახოთ, თუ რა შევქმენით ერთად”