დღეს ჯანი ვერსაჩეს მკვლელობიდან 23 წელი გავიდა. 1997 წლის 15 ივლისს, ვერსაჩე მაიამიში, საკუთარი სახლის წინ მოკლეს. მისი სიკვდილით მოდაში მნიშვნელოვანი თავი დაიხურა. ჯანიმ მოდა ისეთად აქცია, როგორსაც დღეს ვიცნობთ. ის პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც მომავალი დაინახა და პოპ ვარსკვლავები მოდაში მიიღო. თუ ვერსაჩემდე მოდურ ჩვენებებს მხოლოდ პარკ ავენიუს მილიონერები და მათი ცოლები ესწრებოდნენ, ჯანი ისეთ ცნობილ ადამიანებს იწვევდა, როგორებიც არიან: მადონა, ჯორჯ მაიკლი, ბონ ჯოვი, სტინგი. დღეს პოპულარული დიზაინერებისგან განსხვავებით, ვერსაჩეს თავის ვარსკვლავ მუზებთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და ის მათ ტანსაცმლის ტარებაში ფულს არ უხდიდა. ჯანისთან ყველაფერი ნამდვილ მეგობრობაზე იდგა და სწორედ ეს ხდიდა ვერსაჩეს და პოპ კულტურის კავშირს ასეთ განსაკუთრებულს.

ჯანი ვერსაჩე 1946 წლის 2 დეკემბერს იტალიაში დაიბადა. ის საშუალო კლასის ოჯახიდან იყო. ჯანის მამა, ანტონიო, ნახშირით ვაჭრობდა, ხოლო დედა, ფრანჩესკა, მკერავი იყო. ჯანი 9 წლის იყო, როდესაც პირველი საღამოს კაბა შეკერა, რომლის ვერსიაც 40 წლის შემდეგ პრინცესა დაიანამ მოირგო.
არქიტექტურის სწავლის შემდეგ, ჯანი მილანში გადავიდა. მას შემდეგ არაერთ „მეინსტრიმ“ ბრენდებთან უმუშავია, თუმცა ყურადღების ცენტრში 1970-იანი წლების ბოლოს აღმოჩნდა, როდესაც მილანში საკუთარი ჩვენება პირველად მოაწყო. ჯანის სამოსი რევოლუციური იყო, განსაკუთრებით მატერიების მიქსი – ტყავისა და მაქმანების მიქსი ლითონთან, სვაროვსკის კრისტალებთან. სამი ელემენტის გამოყენება ერთი კაბისთის აქამდე გაუგონარი მოვლენა იყო. ჯანი ფერებსაც არაჩვეულებრივად იყენებდა, ამიტომ ხშირად იხსენიებენ როგორც იტალიის პასუხს ივ სან ლორანზე.

ჯანის ბიზნესი, რომელიც სანტო ვერსაჩეს (ჯანის ძმის) მხარდაჭერით ფუნქციონირებდა, ძალიან სწრაფად იზრდებოდა და მალევე გადაიქცა ოჯახურ იმპერიად. ვერსაჩეს მოდის სახლი მოიცავდა ყველაფერს, დაწყებული საქორწინო კაბებიდან, სუნამოებითა და ვერსაჩეს საკულტო მედუსას ლოგოს აქსესუარებით დამთავრებული.
„მან მედიის ყურადღებას გემო გაუსინჯა და გენიალურად დაეუფლა. შემდეგ ყველა მის ნაბიჯებს მისდევდა“
ანა ვინტურის ეს სიტყვები განსაკუთრებით ვერსაჩეს შემოდგომა/ზამთრის 1991 წლის შოუს შეეფერება. ეს იყო ჩვენება, რომელმაც მოდას სუპერმოდელები აჩუქა და ერთი დეკადა განსაზღვრა. ლინდა ევანჯელისტა, სინდი კროუფორდი , ნაომი ქემბელი და კრისტი ტორლინგტონი მანამდეც ხშირად ჩნდებოდნენ პოდიუმზე, მაგრამ ამ შოუს შემდეგ ყველას მათ შესახებ საუბრობდა. სუპერმოდელები განსაკუთრებულ ყურადღებას იღებდნენ მედიისგან და მათ სელებრითებივით ექცეოდნენ, ამაში კი უდიდესი როლი ჯანი ვერსაჩემ ითამაშა.


„თუ ჩემი სუპერმოდელად შექმნის მომენტის მონიშვნა მომიწევს, ვიტყვი რომ ეს ვერსაჩეს შოუ იყო“ – სინდი კროუფორდი.

ყველაფერი ჯორჯ მაიკლის მუსიკალური კლიპით დაიწყო, რომელშიც სუპერმოდელებმა მიიღეს მონაწილეობა. ამ კლიპმა სუპერმოდელები იმ აუდიტორიას წარუდგინა, რომელიც მოდით დაინტერესებული არ იყო.
„იქ სხვა აუდიტორიას შევეხეთ“ – იხსენებს ლინდა ევანჯელისტა – „სადაც არ უნდა წავსულიყავი, ვიდეო კლიპიდან მიცნობდნენ და არა ჩემი კამპანიებიდან“.
ლეგენდარულმა რედაქტორმა, ლიზ ტილბერისმა დაარწმუნა ვერსაჩე, რომ შოუშიც ის მოდელები გამოეყვანა, რომლებიც მის კამპანიებს ამშვენებდნენ. ჩვენებაში მონაწილეობა კარლა ბრუნიმ, სტეფანი სეიმურმა და კლაუდია შიფერმაც მიიღეს, მაგრამ ამ ჩვენებიდან ყველას მხოლოდ ფინალი ახსოვს. ვერსაჩემ ნათელი გახადა, რომ მოდაში პოპ კულტურა დამკვიდრდებოდა.
„ამ ქალების გასაოცარ ძალას ვერსად გაექცეოდი, რაც ვერსაჩემ გამოიყენა თავის სასარგებლოდ, როდესაც პოდიუმზე ისინი გააერთიანა. მაშინ ეს მხოლოდ ერთი გოგოზე არ იყო. „ვაუ“ მომენტი იყო. ვფიქრობ, ამ გოგოებმა მთელი ერა განსაზღვრეს იმ მხრივ, რა მხრივადაც ეს აქამდე არც ერთ მოდელს უქნია“ – მოდის კრიტიკოსი ტიმ ბლანკსი.
დღეს თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ბრენდები, სადაც ცნობილ სახეებს ვერ ვიხილავთ ჩვენებებზე, თუ წინა რიგებში. დიზაინერები ითხოვენ ცნობილ მოდელებს და ვარსკვლავებს, რადგან ეს ბრენდისთვის დიდ პიართან ერთად იმიჯის ნაწილია, მაგრამ 90-იანებში ჯანი იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც მოდა და პოპ კულტურა დააკავშირა და ამ მხრივ რევოლუცია მოახდინა.
2017 წლის სექტემბერში ჯანის გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე, დონატელა ვერსაჩემ გადაწყვიტა ძმისთვის პატივი მიეგო. მან ჯანის მიერ შექმნილი სამოსის რეინტერპრეტაციები შემოგვთავაზა, გააცოცხლა მისი ლეოპარდისა და კიჩის პრინტები და საღამოს კაბები. და ვის წარმოუდგენია ჯანისთვის მიძღვნილი ჩვენება მისი სუპერმოდელების გარეშე? დონატელამ ჩვენება სუპერმოდელებს დაახურინა: ნაომი ქემბელი, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჰელენა კრისტენი და კარლა ბრუნი ჯორჯ მაიკლის “Freedom”ის ფონზე გამოვიდნენ პოდიუმზე.
