Pharrell Williams და adidas Originals
ფარელ უილიამსი და ადიდასი უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ. ამჯერად მათი კოლაბორაციით საკულტო Superstar-ის განახლებული ვერსია შეიქმნა. ორ ფერში – შავსა და თეთრში – წარმოდგენილი კედები ნაქსოვი ზედაპირით გვევლინება, რომელსაც კომპანიის ლოგოსთან ერთად უკანა მხარეს ფარელთან ასოცირებული ბრენდინგი – Humanrace აფორმებს მწვანე ფერში. ფეხსაცმლის შეძენა 9 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.
Supreme და Dr. Martens
Supreme x Dr. Martens-ის “5-eye” შესაძლოა სეზონის ნამდვილ ჰიტად იქცეს. Supreme-სთან თანამშრომლობის ფარგლებში Dr. Martens-ის კლასიკური მოდელი მალე ნარინჯისფერში, შავსა და Pony Hair ეფექტის მქონე ზებრას პრინტში გამოვა გაყიდვაში. შავი თასმებით და ტონალური ნაკერებით წარმოდგენილი სამივე ვერსია განსხვავებული გემოვნების ადამიანებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. Supreme x Dr. Martens-ის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის შეძენა მსურველებს Supreme-ს ოფიციალურ საიტზე 8 აპრილიდან შეეძლებათ, ხოლო იაპონიაში მოგვიანებით, 10 აპრილიდან გაიყიდება.
Balenciaga-ს Track-ის ახალი ვერსია
ბალენსიაგა თავის პოპულარულ სნიკერ Track-ს განახლებული დიზაინით გვთავაზობს. დემნა გვასალიამ ახალი სილუეტი mule-ს სტილს მიამსგავსა და შავ, თეთრ და ბეჟ ფერებში წარმოგვიდგინა. ფეხსაცმელს თავდაპირველი ვარიანტისგან უმთავრსესად უკანა ზედა ნაწილის არარსებობა განასხვავებს, რაც მას კომფორტის დამატებით ელემენტს სძენს და ცხელი სეზონისთვის უფრო შესაფერისს ხდის. მისი წინასწარი შეკვეთები ონლაინ უკვე დაიწყო. ფეხსაცმლის ფასი 895 დოლარია.
Comme des Converse
Comme des Garcons x Converse მოდაში თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითია. პირველი საერთო სნიკერი 2009 წელს შექმნეს, მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ლეგენდარული ფეხსაცმლის უკვე ოცზე მეტი ვერსია ვიხილეთ. ამჯერად Converse x Comme des Garcons PLAY საერთო ხედვით Jack Purcell-ის მოდელს ანახლებენ, რომელშიც ფერთა შემდეგი კომბინაცია გვხვდება: ნაცრისფერი, წითელი, თეთრი და შავი. ისინი 120 ევროდ უკვე ხელმისაწვდომია Dover Street Market-ის ოფიციალურ საიტზე და ლონდონში მდებარე მაღაზიაში.