მარტის თვისთვის ვოგის ყველა საერთაშორისო გამოცემა „შემოქმედებითობაზე“ კონცენტრირდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ვოგი ერთი თემის გარშემო ერთიანდება. ჟურნალის 128 წლიან ისტორიაში პირველად, მსგავსი რამ, 2020 წლის სექტემბერში ვიხილეთ. მაშინ, შერჩეული თემა „იმედი“ იყო. „ახლა ჩვენს ცხოვრებაში იმედი ყველას ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. ამიტომ ამ ხმაურიან დროს, ვოგმა ყველა საერთაშორისო გამოცემა ამ ოპტიმისტური, ჰუმანური, შორსმჭვრეტელი თემის გარშემო გააერთიანა,“ ამბობდა ანა ვინტური 2020 წლის სექტემბერში.

რაც შეეხება 2021 წლის მარტს და კიდევ ერთ უნივერსალურ თემას, ვოგის მთავარი რედაქტორი და Condé Nast-ის ყველა გლობალური ჟურნალის საგამომცემლო სამსახურის უფროსი აღნიშნავს: „ძალიან ბევრი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ უფრო ნათელი მომავლის გვწამდეს, ამიტომ ვოგში ვიფიქრეთ რა შეიძლებოდა ამის აღსანიშნავად უკეთესი ყოფილიყო თუ არა მთელი მსოფლიოს შემოქმედებზე კონცენტრირება – რომელთა საუცხოო და ბრწყინვალე, ინკლუზიური და სასიამოვნო იმიჯები დღევანდელი მოდის შთამაგონებელ სახეს წარმოაჩენს.“

თვალი გადავავლოთ ვოგის 2021 წლის მარტის ნომრების ყდებს

პირველად შერჩეული თემის ინტერპრეტაცია ბრიტანულმა ვოგმა შემოგვთავაზა. გამოქვეყნებულ ორივე გარეკანს ანჯელინა ჯოლი ამშვენებს.

ფოტოგრაფი: Craig McDean

შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტი ჯიჯი ჰადიდის გამოჩენა იყო. ახალი თაობის წამყვანი სუპერმოდელი, მშობიარობის შემდეგ, პირველად გამოჩნდა ჟურნალის გარეკანზე. ჯიჯის ექსკლუზივი ამერიკული ვოგს ხვდა წილად. ყდაზე ჰადიდს Prada -ს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია აცვია, რომელიც ბრენდის ისტორიაში შევიდა, როგორც რაფ სიმონსის შემოქმედებითი თანადირექტორობით შექმნილი პირველი კოლექცია.

ფოტოგრაფი: Ethan James Green

კიდევ ერთი ჰადიდი ვიხილეთ ვოგის ყდაზე მარტის თვისთვის. ბელა ჰადიდი ესპანური ვოგის ქავერ-მოდელია.

ფოტოგრაფი: Micaiah Carter

ახალი სახე ვიხილეთ პარიზის ვოგის ყდაზე. საფრანგეთში ვოგს დამწყები მოდელი ქუინ მორა ამშვენებს. ქუინ მორამ ყურადღება მომენტის წამყვანი ბრენდის, ბოთეგა ვენეტას სარეკლამო კამპანიებით და ჩვენებებით მიიქცია. ეს მისთვის ვოგის პირველი გარეკანია.

ფოტოგრაფი: David Sims

ბოთეგა ვენეტა მოირგო ირინა შეიკმა რუსული ვოგის მარტის გარეკანზე. ირინასთან ერთად, ყდას კიდევ ორი რუსი მოდელი ამშვენებს, მათ შორის ნატალია ვოდიანოვა.

Tanya Ch – ფოტოგრაფი: Yan Yugay

Natalia Vodianova – ფოტოგრაფი: Elizaveta Porodina

Irina Shayk – ფოტოგრაფი: Harry Nuriev

როგორც ანა ვინტურმა აღნიშნა, „ინკლუზიურობა დღევანდელი მოდის შთამაგონებელ სახეს წარმოაჩენს“. პოლონური ვოგი, მარტში, გარეკანზე +ზომის, ფერადკანიან მოდელს, პალომა ელსესერს წარმოგვიდგენს.

ფოტოგრაფი: Chris Colls