2010 წელს, ალექსანდრ მაკქუინის გარდაცვალების შემდეგ, შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიცია თავისუფალი დარჩა. არჩევანი მაკქუინის მთავარ ასისტენტზე, სარა ბარტონზე შეჩერდა, რომელიც უკვე თითქმის 10 წელია, რაც ბრენდს ხელმძღვანელობს. ბარტონმა ბრენდს თავისი ფემინური ხედვა მოარგო და მიუხედავად იმისა, რომ მაკქუინისგან გასნხვავებით არც ექსპერიმენტებითა და თეატრალური შოუებით გამოირჩევა, ის ქალებისთვის სასურველ სამოსს ქმნის.

3 ივნისს სარა ბარტონს მოდის ოსკარად წოდებულ დაჯილდოვებაზე (CFDA Awards) 2019 წლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო გადაეცემა, რომელიც ვალენტინო გარავანიმ და მისმა ბიზნეს და ცხოვრების პარტნიორმა, ჯანკარლო ჯამეტიმ შექმნეს. ჯილდოს მნიშვნელობის გასააზრებლად საკმარისია იმ დიზაინერების ჩამოთვლა, რომლებიც ამ ჯილდოს ფლობენ: რეი კავაკუბო, ალექსანდრ მაკქუინი, კარლ ლაგერფელდი, ფიბი ფაილო, ჯონ გალიანო და იოჯი იამამოტო. 2017 წელს ეს ჯილდო გადაეცა დემნა გვასალიასაც.

როგორ დაიწყო მოდაში მოღვაწეობა?

ბარტონი მოდის განხრით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში
Central Saint Martins სწავლობდა. მისმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ის ალექსანდრ მაკქუინს გააცნო, ამ უკანასკნელმა კი სარას ინტერნობა შესთავაზა თავის ბრენდში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ბარტონი მაკქუინის პირადი ასისტენტი გახდა, 2000 წელს კი უკვე ქალების სამოსის ხელმძღვანელობა ევალებოდა.

როგორ გახდა მაკქუინის შემოქმედებითი ხელმძღვანელი?

მაკქუინის სუიციდის შემდეგ, ბარტონი შეირჩა შემოქმედებით ხელმძღვანელად. მან პირველი კოლექცია დამოუკიდებლად 2011 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე წარადგინა და მოწონებაც დაიმსახურა იმისთვის, თუ როგორ შეუხამა ბრენდის იდენტობას თავისი ფემინური ხედვა.

რა არის მისი კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი?

2011 წელს დიზაინერმა საქორწინო კაბა შეუქმნა კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონს. სარამ შექმნა ქეითის დის, პიპა მიდლტონის კაბაც, რომელიც მას ქეითის ქორწილში ეცვა.

Credit: Photo by REX/Shutterstock

რა ჯილდოები აქვს მიღებული დიზაინერს?

2011 წლის British Fashion Awards -ზე სარას წლის დიზაინერის ჯილდო გადაეცა. შემდეგ წელს კი Academy of Art University-მ დოქტორის წოდება მიანიჭა. ეს წოდება მიიღო საკუთარი უნივერსიტეტისგანაც, Central Saint Martins-სგან. 2012 წელს პრიცნმა ჩარლზმა დიზაინერს ბრიტანული იმპერიის ორდენი გადასცა. სარას ჯილდოების ჩამონათვლას მალე CFDA-ის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდოც შეუერთდება.