თანამედროვე ქალს აღარ სურს მოერგოს საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულ იდეალიზირებულ იმიჯს. დღეს ქალები საკუთარ თავებს იღებენ ისეთად, როგორებიც სინამდვილეში არიან. ახლა მათ სურთ იყვნენ გამორჩეულები და ხაზს უსვამდნენ თავიანთ ინდივიდუალიზმს. თანამედროვეობა მათ ავალდებულებთ გამოხატონ თავიანთი თავები და მოძველებულ წარმოდგენებს შეეწინააღმდეგონ. ამ ეპოქაში ქალღმერთები მსოფლიოს ვერ გაუძღვებიან. დღევანდელ სამყაროს ლიდერებად სჭირდება ნამდვილი ადამიანები, რომლებსაც ძლიერი პიროვნულობა აქვთ და ეს, რა თქმა უნდა, მათი ჩაცმულობითაც გამოიხატება. ამიტომ როცა მარია გრაცია ქიური თავისი კოლექციით იმას არ გვაჩვენებს, რასაც თავისი ჩვენებების სლოგანებით გვეუბნება, თავის ფემინისტურ აქტივიზმს მნიშვნელობას უკარგავს.
დიორი არის ბრენდი, რომელიც დროს ყოველთვის უსწრებდა, მარია კი ბრენდის სხვა შემოქმედებითი ხელმძღვანელებისგან თავისი ძველმოდური ხედვით განსხვავდება.
თავად ის ფაქტი, რომ მარია ისეთი მნიშვნელოვანი მოდის სახლის პირველი ქალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა, როგორიც დიორია, ნათლად გვანახებს, რომ ქალებსაც შეუძლიათ აკეთონ ის, რასაც მამაკაცები აკეთებენ. ახლა ის დროა, როდესაც წარსულში ქალთა უფლებებსა და ფემინიზმზე გაუთავაბელმა საუბარმა შედეგი გამოიღო, ამიტომ მორიგი ეტაპი საქმით იმის დამტკიცებაა, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ. მარია თავისი დიზაინით ამას არ აკეთებს.
ყველაფერთან ერთად კოლექცია უფრო მეტად ვალენტინო იყო, ვიდრე დიორი. იტალიური მოდა და არა ფრანგული. ქალღმერთის იდეით გადმოცემულ უკვე უამრავჯერ ნანახ სილუეტთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს, რომ მას ბევრი თაყვანისმცემელი გამოუჩნდება, მოთხოვნადი იქნება და კარგად გაიყიდება. ამით ბრენდის ხელმძღვანელობა ბედნიერი იქნება, მოდის მოყვარულები კი, რომლებმაც იციან რა იქმნებოდა ამ მოდის სახლის სახელის ქვეშ – არა.
ჩვენების მთავარი მესიჯი იყო: „რა მოხდებოდა ქალები მსოფლიოს რომ მართავდნენ?“ ალბათ, პირველ რიგში, საკუთარ თავებს მისცემდნენ თავისუფლებას გამოეწვიათ იდეები, რომლებიც მათ გარშემო გადაულახავ საზღვრებს ქმნიდა. ეს კოლექციაში ნამდვილად არ ჩანდა.