2005 წელს ჟივანშის შემოქმედებით ხელმძღვანელად უცნობი დიზაინერი რიკარდო ტიში დაინიშნა. 12 წლის შემდეგ რიკარდოს ბრენდისთვის უკვე 93 ქალისა და მამაკაცის, rtw, ოტ კუტიურ და რესორთ კოლექცია ჰქონდა შექმნილი. ის ერთ-ერთი პირველი იყო ჩვენს თაობაში, რომელიც მიხვდა ინფლუენსერების და სოციალური ქსელების მნიშვნელობას. შედეგმაც არ დააყოვნა. მისი ხელმძღვანელობით ჟივანშის მოდის სახლი 500 მილიონი დოლარით გამდიდრდა. ჟივანშის მაღაზიების რაოდენობა ათჯერ გაიზარდა. ის ახალ თაობაში პირველი დიზაინერიც იყო, რომელმაც ქუჩის კულტურა მაღალი მოდის ბრენდში წარმატებულად შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ჟივანშის შემოქმედებითი სადავეები ისეთ გენიოსებსაც ებარათ, როგორებიც ჯონ გალიანო და ალექსანდრ მაკქუინი არიან, არცერთის ერას არ მოჰყოლია ისეთი წარმატება, როგორიც რიკარდო ტიშისას.
როდესაც რიკარდო ფრანგულ მოდის სახლში თავისი პირველი ნაბიჯების გადადგმას იწყებდა, სადილზე იუბერ დე ჟივანშიმ მიიწვია, რომელმაც ორი რამ ურჩია: „არასდროს დაგავიწყდეს საიდან ხარ“ და „იყავი ვინც ხარ.“ მისი შემოქმედება მოწმობს, რომ მან ეს სიტყვები კარგად გაიგო, გაითავისა, გაითვალისწინა და არ დაივიწყა. რიკარდო ტიშის ჟივანში გოთიკურ სენსუალურობას, ბნელ რომანტიზმს, მოგვიანებით კი ახალგაზრდულ, ურბანულ და ჰიპ-ჰოპ კულტურას ეტრფოდა და ნაკლებად ეფუძნებოდა ოდრი ჰეპბერნისეულ სრულყოფილებას, თუმცა ბრენდის კოდებსაც ითვალისწინებდა.
რიკარდო ტიშის ჟივანშის კომერციული წამატება იმ გაჰიტებულ პროდუქტებსაც უნდა მივაწეროთ, რომლებმაც ბრენდი კიდევ უფრო პოპულარული გახადა. 12 წლის განმავლობაში იტალიელმა დიზაინერმა არაერთი მოტივით ჩამოაყალიბა ფრანგული მოდის სახლის ესთეტიკა. მათ შორის იყო პრინტები რელიგიურ თემატიკასა და ცხოველებზე.
2011 წელს რიკარდომ მამაკაცის კოლექციის ჩვენებაზე როტვეილერის პრინტი წარმოადგინა და მაღალი მოდის პოდიუმზე ქუჩის სტილი შეიტანა. კოლექციებში გრაფიკული პრინტები აღარ გვიკვირს, მაგრამ ცხრა წლის წინ ჟივანშის მსგავს ოტ კუტიურ ბრენდში როტვეილერის გამოსახულება არ იყო ის, რისი ნახვის მოლოდინიც შოუს დაწყებამდე შეგექმნებოდა.
დონატელა ვერსაჩესთან ჩაწერილ ინტერვიუში ტიში ამბობს:
„მიუხედავად იმისა, რომ ყველას როტვეილერი ვგონივარ – თითქოს ძალიან ბნელი ვარ და ასე შემდეგ – სხვა მხარეც მაქვს, რომელიც ძალიან რომანტიულია და მას ძალიან ცოტა ადამიანს ვაჩვენებ.“

რიკარდომ „ჯიქიუს“ უთხრა, რომ როტვეილერის პრინტის იდეამდე ის ბოისკაუტის წიგნიდან მივიდა და მრისხანე ძაღლის დახასიათებისას აღნიშნა, რომ მას ის ასეთად არ წარმოუდგენია:
„სურათი არ არის აგრესიული. ჩემთვის ეს საყვარელი ძაღლია, რომელიც ძლიერებას და სიტკბოს წარმოაჩენს.“
კანიე უესტი, ლივ ტაილერი, რიანა – იმ ცნობილი ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც როტვეილერის პრინტიანი მაისურები მოირგეს. ტიშის ამ ნამუშევარს მაღაზიების თაროებზე მტვერი არ დასდებია – ის ყველგან იყო და ყველას ეცვა. მისი უამრავი რეპლიკა და ვარიანტი შეიქმნა სხვა ბრენდების და დიზაინერების მიერ. რამდენიმე წლის შემდეგ ჟივანშიში როტვეილერის გამოსახულებით კიდევ გამოუშვეს სხვა პროდუქტები, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის ასეთი წარმატების ფონზე.

ახლა მოდაში ქუჩის სტილი დომინირებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ გასულ ათწლეულში ამ მხრივ მაღალი მოდის პოდიუმზე პირველი სერიოზული ჰიტი რიკარდო ტიშის ეკუთვნის.
დამაინტრიგებელია იმის წარმოდგენა, როგორ განავითარებს მეთიუ უილიამსი ჟივანშის მოდის სახლს. მისი ესთეტიკა სწორედ ქუჩის სტილს ეფუძნება და მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანია ოტ კუტიურში გამოვლენილი პარიზული ელეგანტურობის იდეაზე აღმოცენდა, ტიშის შემთხვევა და ბრენდში კლერ უაით კელერის სამ წლიანი მოღვაწეობა ნათელი მაგალითია, რომ ახლა მთავარი დროულობა და მომხმარებლის არსებულ საჭიროებებზე სათანადო რეაგირებაა.