Netflix-ის სერიალის, The Crown-ის გამოსვლის შემდეგ, ბრიტანული სამეფო ოჯახის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. სერიალის პოპულარობა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორისაა მსახიობების შემადგენლობა, სცენარი, რეჟისურა და ისტორიული სიზუსტე. ისტორიული სიზუსტე ეხება არა მხოლოდ მოვლენებს, არამედ კოსტიუმებსაც და მათ სიმბოლურ დატვირთვასაც.
ალბათ შეამჩნევდით, რომ ბრიტანეთის დედოფალს ელიზაბეთ II-ს ოფიციალურ შეხვედრებსა თუ ღონისძიებებზე თან ყოველთვის აქვს მინიატურული ხელჩანთა. მასში, როგორც ჩანს, დედოფალი შემდეგ ნივთებს ინახავს: ხელსახოცები, ტუჩსაცხი, კომპაქტური სარკე, მენთოლის ტაბლეტები, საკითხავი სათვალე, დღიური, საწერი კალამი და რა თქმა უნდა მისი საყვარელი ოთხფეხა მეგობრების – კორგის ჯიშის ძაღლების საჭმელი.
რაც შეეხება ჩანთის ბრენდსა და დიზაინს, სერიალმა სიზუსტე აქაც შეინარჩუნა და სერიალში დედოფალი, რეალური დედოფლის მსგავსად ბრიტანული მემკვიდრეული ბრენდის Launer-ის ჩანთებით ჩნდება. ელიზაბეთ II-ის საყვარელი მოდელები Traviata და Bellini-ა. ასევე აღსანიშნია ისიც, რომ “რკინის ლედი” მარგარეტ ტეტჩერიც უპირატესობას სწორედ ამ ბრენდის ჩანთებს ანიჭებდა, თუმცა მისი საყვარელი მოდელი Olympia იყო. საინტერესოა ასევე დედოფლის ხელჩანთის სიმბოლური დატვირთვაც. როგორც ჩანს, როდესაც დედოფალს ჩანთა ხელში უჭირავს ეს მისი თანამშრომლებისთვის იმის მანიშნებელია, რომ უკვე წასვლის დროა.