გასულ წელს, როდესაც მსოფლიოს თავს გლობალური პანდემია დაატყდა, მოდის ინდუსტრია იძულებული გახდა გაეფართოვებინა ჩვენებების წარდგენის ტრადიციული ფორმატი. ისტორიული ბრენდები, რომლებიც ტენდენციების ავტორებად გვევლინებიან, ციფრული მოდის კვირეულების აქამდე უპრეცედენტო მარათონში ჩაერთვნენ. სტრესული ლოქდაუნების და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, დიზაინერებისთვის შექმნილი რეალობა საინტერესო შემოქმედებითი გამოწვევა აღმოჩნდა. ამის მაგალითად შეგვიძლია არაერთი საინტერესო, კრეატიული და ინოვაციური ციფრული ჩვენება მოვიყვანოთ. თუმცა რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო რთული ხდება შექმნა ონლაინ გამოცდილება, რომელიც მაყურებელში პოზიტიურ განწყობას ხელახლა გააღვივებს. თანამედროვე მოდის ამ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას სილვია ფენდიმ თავი ოსტატურად გაართვა.
„ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც შეიქმნა წარმოდგენა, რომ ჩვენი თავისუფლება საზღვრებშია მოქცეული, მნიშვნელოვანია არ დავნებდეთ… ამიტომ ჩემი სურვილი იყო ამ კაცისთვის თავისუფლების შეგრძნება მიმენიჭებინა. საზღვრების დამსხვრევის დროა,“ – აღნიშნავს დიზაინერი Fendi -ს მამაკაცის ხაზის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის შესახებ, რომლის პრეზენტაცია 19 ივნისს, ციფრულ ფორმატში შედგა.
პანდემიით გამოწვეული რადიკალურ ცვლილებებთან ერთად, აღსანიშნავია, რომ შარშან, იტალიურ ბრენდში ქალის ხაზის ახალი კრეატიული თანადირექტორიც დაინიშნა. სილვიას და კიმ ჯონსის შემოქმედებითი დუეტი მნიშვნელოვან გამოცდას სწორედ ახლა, ამ გამოწვევებით დატვირთულ მომენტში გადის, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ფენდის მამაკაცის ხაზის ახალი კოლექცია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ იტალიელი დიზაინერი სტაბილურობის და ბალანსის ჩვეულ ჰარმონიას არ კარგავს, პირიქით.
ჩვენების ლოკაციად მოდის სახლის მშობლიური ქალაქი და შენობა შეირჩა. რომის Palazzo Della Civiltà Italiana -ს ულამაზესი ხედების ფონზე, სილვია შეეცადა შეექმნა რაღაც ძალიან ახალი და თავისუფალი, თუმცა ამავდროულად ნაცნობი და ახლო.
„როდესაც ამ შენობის ბოლო სართულზე ხარ და ქალაქს გადაჰყურებ, გრძნობ, რომ ცხოვრება მშვენიერია, მსოფლიო მშვენიერია.აქ თავს ოპტიმისტურად ვგრძნობ. ეს ობსერვატორიას ჰგავს, ყველაფერს ხედავ, მაგრამ ყველაფერი ძალიან პატარაა, შეგიძლია ხელახლა გაიაზრო რაღაცები და სწორად წარმოიდგინო. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რაც ახლო და ნაცნობია, უფრო შთამაგონებელია, ვიდრე ის, რაც შორეულად და ეგზოტიკურად გვეჩვენება.“
-სილვია ვენტურინი ფენდი.
კოლექცია, ძირითადად, ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი. ტრადიციულად, თვალშისაცემი აქცენტია გაკეთებული ჩანთებზე, რის გარეშეც ფენდის მოდის სახლი წარმოუდგენელია. ელეგანტური, თანამედროვე სილუეტების, საზაფხულო ქსოვილების, ფერების და აქსესუარების ფონზე, ყურადღებას იქცევს ერთი დეტალი, ე.წ. – “Half-Suit”. მიუხედავად იმისა, რომ სილუეტი 2022 წლისთვის განკუთვნილ კოლექციაშიც ბადებს ეჭვებს, კითხვებს და არაერთგვაროვან რეაქციებს, მას მოდის ახალ ახირებას ვერ ვუწოდებთ, რადგან სტილი ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინაც იყო განხილვის საგანი.
Fendi გაზაფხული/ზაფხული 2022