ბრიტანეთის მოდის საბჭომ ლონდონის მოდის კვირეულის განრიგი გამოაქვეყნა. ღონისძიება 16-დან 20 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ხუთი დღის განმავლობაში, 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციებს 110 ბრენდი წარადგენს.
კვირეულის პირველ დღეს ჩვენებას გამართავს რაფ სიმონსი. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ბელგიელი დიზაინერი თავისი კოლექციის პრეზენტაციას ლონდონში მოაწყობს. “უკვე დიდი ხანია ვოცნებობ ჩვენების ლონდონში გამართვაზე,” – განაცხადა რაფმა. “ქალაქში, რომლის ქუჩებშიც მოდა და შემოქმედებითობა ყველგან შეგხვდება და რომელშიც შთამბეჭდავად უნიკალური სტილის მქონე განსაკუთრებულ ხალხს ვხედავ. უკიდურესად მაღელვებს ჩემი ამ ოცნების ახდენა.”
რაფ სიმონსმა კარიერა 1995 წელს პარიზში კაცის კოლექციების წარდგენით დაიწყო. ახალგაზრდული სულისკვეთების წარმოჩენითა და კაცის სამოსის კოდების ხელახალი განსაზღვრებით მან მალევე დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი მოდის დიზაინერთა რიგებში. მისი კარიერა ახალ ეტაპზე გადავიდა, როდესაც 2005 წელს Jil Sander-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა და ქალის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე დაიწყო მუშაობა. ბრენდში ეს პოზიცია რაფს 2012 წლამდე ეკავა. შემდგომში ის Dior-ის მოდის სახლის , მოგვიანებით კი – Calvin Klein-ის კოლექციებზე გახდა პასუხისმგებელი. ამჟამად ის მიუჩია პრადასთან ერთად, Prada-ს შემოქმედებითი თანახელმძღვანელია. გარდა ამისა, განაგრძობს კოლექციების შექმნას საკუთარი ბრენდის სახელის ქვეშ, რომელსაც გასულ წელს ქალის ხაზიც დაამატა.