რაფ სიმონსის 2014 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში ორი შემოქმედებითი გონება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. თინეიჯერობის პერიოდის მიმართ არსებულ ნოსტალგიაზე დაყრდნობით რაფმა სტერლინგ რუბისთან ერთად თავის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავი ჩაწერა.
„გვინდოდა მჭიდრო კავშირი დაგვემყარებინა იმ ჩაცმულობასთან და ქცევასთან, რამაც იმად გვაქცია, რაც დღეს ვართ. ახალგაზრდობას დავუბრუნდით.“ – რაფ სიმონსი
პინკ ფლოიდის The Dark Side Of The Moon-ის თანხლებით მოდელებმა წარმოადგინეს არტისტის და დიზაინერის თანამშრომლობით შექმნილი თრენჩები, ოვერსაიზ ქურთუკები, ბომბერები, ნაქსოვი მაისურები, გაფართოებული ფეხსაცმელები. სამოსზე მიმაგრებული იყო პატჩები, წარმოდგენილი იყო კოსმოსური გამოსახულებები, სლოგანები და წარწერები. სტერლინგის თქმით, abus lang გულისხმობს abusive language-ს (დამამცირებელ ენას). რაც შეეხება father-ს, არტისტსტმა აღნიშნა, რომ კოლექციაში ის „კაცის ინდოქტრინაციის“ მნიშვნელობით არის გამოყენებული.
„კარგად ვიცნობთ წარსულიდან არტისტების და დიზაინერების კოლაბორაციებს და გვინდოდა რაღაც განსხვავებული გაგვეკეთებინა. გვინდოდა ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილი ბაუჰაუზის ძალისხმევით შემდგარიყო.“ – სტერლინგ რუბი
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რაფმა და სტერლინგმა ითანამშრომლეს. დაახლოებით ათი წლის წინ არტისტმა დიზაინერის ტოკიოში მდებარე მაღაზიის ინტერიერზე იმუშავა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მათ კოლაბორაციებს შორის კი სიმონსის დიორისთვის წარმოდგენილი სადებიუტო ოტ კუტიურ კოლექციაა, რომლისთვისაც რუბის ნახატები მან კაბებად გარდაქმნა.
ქსოვილის, როგორც სახატავი ტილოს იდეა ვლინდებოდა სიმონსის 2014 წლის ჩვენებაზეც.
„ეს ჩვენი ბავშვია,“ – ამბობს სიმონსი კოლექციაზე საუბრისას
უახლოესი წარსულიდან სიმონსმა და რუბიმ 2017 წელს კელვინ კლაინის მთავარი მაღაზიის ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად და ჩვენებისთვის პოდიუმის მოსაწყობად ითანამშრომლეს. ახლა სტერლინგი მოდის სცენაზე საკუთარი ბრენდით გამოსვლას აპირებს, რომელსაც S.R. STUDIO. LA. CA ერქმევა და მოიცავს როგორც ქალის, ისე მამაკაცის ხაზს და აქსესუარებს. დამაინტრიგებელია რას შემოგვთავაზებს დამოუკიდებლად იმ სფეროში, სადაც, შეიძლება ითქვას, რომ სხვასთან ერთად მუშაობით თავი უკვე დაიმკვიდრა და აღიარებაც მოიპოვა.