სიმართლე უნდა ითქვას, 2016 წლის სექტემბერში, როდესაც მოდის დედაქალაქი, პარიზი დატვირთული იყო მნიშვნელოვანი სადებიუტო შოუებით, არავინ ელოდა, რომ დიზაინერების კარუსელის ცვლილებებით გამოწვეულ აურზაურში, 16 წლის ახალბედა მოდელი თავის მომენტს შექმნიდა. ადუთ აკეჩის მომენტი შეიქმნა ზუსტად მაშინ, როდესაც სენ ლორანში ენტონი ვაკარელოს სადებიუტო კოლექციის მოლოდინში ვიყავით.

„როდესაც მოდელი განსაზღვრავს და წარადგენს მოდაში არსებულ მომენტს, ის უფრო მეტი ხდება, ვიდრე მოდელი. ახლა მოდაში ადუთის მომენტია.” – ტიმ ბლანქსი.

ადუთ აკეჩი ხურავს ვალენტინოს ჩვენებას პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულზე

ადუთ აკეჩი დაიბადა სამხრეთ სუდანში, სადაც თავისი ცხოვრების პირველი 8 წელი დევნილების ბანაკში გაატარა. როგორც იხსენებს, ზუსტად ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს, მაგრამ საფრთხეს გრძნობდა. ადუთის ბავშვობაში ნორმალური და სტაბილური არაფერი იყო, თუმცა მაინც ცდილობდა ჩვეულებრივი 8 წლის გოგონა ყოფილიყო.

შემდეგ იყო მიგრაცია ავსტრალიაში, სადაც ცხოვრება ხელახლა უნდა დაეწყო. ახალ რეალობაში ყველაზე მიმზიდველად სკოლაში სიარულის შესაძლებლობა ევლინებოდა. სამხრეთ სუდანში ადრეული ქორწინების ტრადიციით შეშინებული ადუთის ყველაზე დიდი მიზანი განათლების მიღება იყო.

„დედაჩემი მარტოხელა დედაა, მას ბევრი ადამიანი ჰყავდა სარჩენი,ეს ადვილი არ იყო. სკოლის ფული არ გვქონდა, ამიტომ ჩემი პირველი ემოციები, როდესაც ავსტრალიაში გადმოვედით, „ ეს ის ადგილია, სადაც სკოლა უფასოა და შევძლებ განათლება მივიღო?“ ძალიან მინდოდა და უბედნიერესი ვიყავი. შაბათ-კვირა არ მიყვარდა, რადგან სულ სკოლაში მინდოდა.“

ადუთ აკეჩი ჟივანშის, ვერსაჩეს, ვალენტინოს, ალექსანდრ ვენგის, ვიქტორია ბექჰემის და შანელის ჩვენებებზე.

მოდელის კარიერაზე იმ დღიდან ოცნებობდა, როდესაც ალეკ ვეკის და ნაომი ქემბელის ფოტოები იხილა, არც სიმაღლე აკლდა და არც მოდელის აღნაგობა, თუმცა საკუთარი თავის რწმენით ვერ დაიკვეხნიდა.

„ძალიან მორცხვი ვარ, შეგიძლიათ შეამჩნიოთ, თუ ადამიანს კარგად არ ვიცნობ, საუბარიც მიჭირს. პოდიუმზე როცა ვდგები, სხვა პიროვნება ვხდები. სკოლაში ხშირად მეუბნებოდნენ, „მაღალი და გამხდარი ხარ, გრძელი ფეხები და მოდელის ფიგურა გაქვს, მოდელი უნდა გახდე,“ 15 წლის ასაკში სამოდელო სააგენტოში მივედი. ავსტრალიაში მოდის კვირეულებში ამიყვანეს, მელბურნში რამდენჯერმე გამოვედი. ერთხელ ჩემი აგენტი აღელვებული ხმით მირეკავს, ძლივს სუნთქავს, მეუბნება: „ახალი ფოტოები უნდა გადაგიღოთ და 3 დღეში პარიზში მიდიხარ, სენ ლორანში შენი ნახვა უნდათ!“ იმედები არ დამიმყარებია, საკუთარი თავი უარისთვის მოვამზადე, ამას შევხედე, როგორც პარიზში უფასოდ მოგზაურობას. “

Saint Laurent-მა ადუთი ექსკლუზიურად აიყვანა და ეს იყო მომენტი, როდესაც ყველამ იცოდა, რომ მოდას ახალი ვარსკვლავი ჰყავს – გოგონა სამხრეთ სუდანიდან, დევნილი, ემიგრანტი, ავსტრალიის მოქალაქე, მორცხვი ხასიათით, თუმცა ძლიერი სიარულის მანერით. 2016 წელს, როდესაც ამერიკაში ყველაზე განხილვადი თემა ემიგრანტებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოლიტიკა იყო, ხოლო მოდაში – სოხუმელი ქართველი დევნილი ემიგრანტის, დემნა გვასალიას მონუმენტური დებიუტი ბალენსიაგაში, ადუთი თავისი ისტორიით, წარმომავლობით და ვიზუალით იყო სახე, რომელიც ირეკლავდა თანამედროვე კულტურას.

ადუთ აკეჩი სან ლორანის ჩვენებებზე

ერთ ჟურნალს მეორე მოსდევდა, კამპანიას – კამპანია, ჩვენებას – ჩვენება, 3 წელიწადში ადუთ აკეჩი გახდა სახე, რომელსაც ყველგან ვხედავდით და გვახსენდებოდა არა მხოლოდ მისი პარამეტრები, რომელიც ძალიან გამორჩეული და თვალშისაცემია, არამედ მისი ისტორიაც.

„მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მოდელიც რომ გავხდე, მე ყოველთვის დევნილი ვიქნები. უამრავი აფრიკელი გოგონა მწერს, მეუბნებიან, რომ ჩემი წარმატებით მათი თავდაჯერებულობა და თვითშეფასება ავამაღლე.“

Vogue გერმანია სექტემბერი 2019


Vogue ბრიტანეთი სექტემბერი 2019


Vogue იაპონია სექტემბერი 2019


Vogue იტალია სექტემბერი 2019


Vogue ავსტრალია სექტემბერი 2019 (ციფრული)