ჩრდილოეთ ირლანდიელი დიზაინერი ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი შემოქმედებითი ხელმძღვანელია, რომელიც მოდამ გასულ ათწლეულში შეიძინა. უნდა ვივარაუდოთ, რომ 2020-იანი წლები ანდერსონისთვის კიდევ უფრო დიდი აღიარების მომტანი იქნება.
ჯონათანმა, გასულ 4 კვირაში, სამი ბრენდისთვის სამი კოლექცია სამ ქალაქში წარადგინა. ჯერ იყო მშობლიური დიდი ბრიტანეთი. ლონდონის მოდის კვირეულზე საკუთარი სახელობის ბრენდის ჩვენება 17 თებერვალს გამართა. ედვარდიანული პერიოდის მხრებიანი მოსაცმელები, ბუმბულებიანი ბრჭყვიალა კაბები და კომფორტული ნაქსოვი პონჩოები – კოლექცია იყო ექსპერიმენტული, მაგრამ საკმაოდ საინტერესოდ დაკომპლექტებული, ამასთან ძალიან ჯონათან ანდერსონი.

Vogue Runway

Vogue Runway
ლონდონის შემდეგ, ჯონათანმა მილანში გადაინაცვლა, სადაც მონკლერთან თანამშრომლობით შექმნილი კოლექცია 19 თებერვალს წარადგინა. Moncler Genius პროექტი განსხვავებულ დიზაინერებს ბრენდის ესთეტიკასთან თანხვედრაში მყოფი კაპსულა კოლექციის შესაქმნელად სეზონურად აერთიანებს.
„ჩვენი სლოგანია: ერთი მოდის სახლი განსხვავებული აზრებით. ანდერსონი გამორჩეულია თავისი ესთეტიკით, მამაკაცურის და ფემინურის ინდივიდუალური ინტერპრეტაციით. ვთხოვე პროექტს მარტივად მიუდგეს, რადგან შედეგი იყოს ყველასთვის – უნისექსი. ის მართლა განსხვავდება ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებისგან“ – მონკლერის პრეზიდენტი, რემო რუფინი.

Vogue Runway

Vogue Runway
ჯონათანის მოდურ მოგზაურობაში მონკლერი ახალი გზა იყო, ისეთი პროდუქტის შესაქმნელად, რომელსაც ჩვეულებრივ საკუთარ ბრენდში და ლუევეში არ აკეთებს.
დიზაინერის მოდური თვე პარიზში გაგრძელდა, სადაც ფრანგული კომპანიის, LVMH-ის მფლობელობაში არსებული ესპანური ბრენდის, ლუევეს ახალი კოლექციის ჩვენება გამართა. ლუევეს ახალი კოლექციით ანდერსონმა ფორმებისადმი ლტოლვა და ოტ კუტიურისადმი დაინტერესება კიდევ უფრო ღიად გამოამჟღავნა.

Vogue Runway

Vogue Runway
ჩვენი საყვარელი ხელოვანების შემოქმედება საკმარისი არასდროს არის და ყოველთვის უფრო მეტი გვსურს, მაგრამ რთულია რეალობისთვის თვალის არიდება. რეალობა კი, უმრავლეს შემთხვევაში, ძალიან მწარეა, როდესაც საქმე იმ დიზაინერებს ეხებათ, რომლებიც რამდენიმე ბრენდისთვის მუშაობენ.
მოდის ინდუსტრიის სისწრაფე, წარმატებასთან ერთად მოთხოვნის ზრდა და დაუსრულებელი მოდის კვირეულები შემოქმედებს აშრობთ, რაც შედეგში იჩენს თავს. შესაძლოა ანდერსონის მიერ მართულ ბრენდებში მსგავსებები ხშირად აღმოვაჩინოთ, მაგრამ მის კოლექციებში ყოველთვის იგრძნობა სიმშვიდე და ჰარმონია, რომელიც ძალიან აკლიათ დიზაინერებს, რომლებიც ჯონათანის მსგავსად საკუთარ ნიჭს, ერთ სეზონზე, რამდენიმე ბრენდს უზიარებენ.

JW Anderson – შემოდგომა/ზამთარი 2020 – ლონდონი
Moncler – შემოდგომა/ზამთარი 2020 – მილანი
LOEWE – შემოდგომა/ზამთარი 2020 – პარიზი