20-დან 30 წლამდე პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში კარიერული განვითარების მთავარი და, ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი პერიოდია. ეს არის დრო, როცა უმეტესობა ჩვენგანი ზრდასრულ და სრულად დამოუკიდებელ ცხოვრებას ვაწყობთ, შესაბამისად, ვგეგმავთ მომავალს და თავს ვიმკვიდრებთ პროფესიულად. ცხადია, არსებობს გამონაკლისებიც – არაერთი ადამიანი გაცილებით დიდ ასაკში იცვლის პროფესიას, იწყებას ახალ საქმეს, საკუთარ თავში აღმოაჩენს სრულიად ახალ უნარებს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, 20-დან 30 წლამდე მიღებული ცოდნა და ბექგრაუნდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გვხვდება ამის საპირისპირო შემთხვევაც – როცა ჩვენთვის ცნობილმა ადამიანებმა სახელი ჯერ კიდევ მოზარდობისას გაითქვეს. ასეთ დროსაც, 20-30 წლის ასაკის მონაკვეთი მათი კარიერისათვის სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.
ცნობილ ადამიანებზე საუბრისას, ხშირად ჩნდება ინტერესი, რას საქმიანობდნენ ისინი, სანამ კარიერულ მწვერვალზე აღმოჩნდებოდნენ. თვალი გადავავლოთ მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე წამყვან პროფესიონალებს და გავიგოთ, თუ როგორი იყო მათი ცხოვრება მაშინ, როცა “ოცდარაღაც” წლის იყვნენ.
დაიანა ვრილენდი / Diana Vreeland

დაახლოებით 25 წლის იყო, როცა დაიანა ვრილენდი Vogue-მა შენიშნა, ოღონდ სრულიად განსხვავებულ კონტექტსში. დიანა მაღალი კლასის საზოგადეობას მიეკუთვნებოდა, ისეთი ახალგაზრდა ქალების რიგში იყო, რომლებიც ძვირადღირებული საგნების თანხლებით ელიტარულ შეკრებებზე დადიოდნენ. Vogue-ში დაიბეჭდა სტატია, რომელიც აღწერდა, თუ როგორ გამოჩნდა საჯარო თავშეყრის ადგილას ახალგაზრდა მის დიანა თავისი კადილაკით. მალევე, ლონდონში გადავიდა და როგორც მაღალი კლასის წარმომადგენელი ქალების დიდმა ნაწილმა, საკუთარი ბუტიკი გახსნა. ამის შემდეგ კი, გადაწყვიტა ქალის თეთრეულის ბიზნესი დაეწყო. ამასობაში, ვრილენდი მოდის ინდუსტრიას უფრო მეტად დაუახლოვდა და ამ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ რედაქტორად იქცა.
ნაომი ქემბელი / Naomi Campbell

თავისი ასაკის 20-იან წლებში, ნაომი უკვე ვარსკვლავი იყო. მისი კაერიერა მოზარდობიდან დაიწყო – 18 წლის იყო, როცა უკვე მონაწილეობდა წამყვანი ფოტოგრაფების გადაღებებში, კამპანიებში, ჩნდებოდა ლეგენდარული დიზაინერების ჩვენებებზე. 20 წლის ნაომი კი ჩამოყალიბებული სუპერმოდელი და თაობის ხატი იყო.
ჯონ გალიანო / John Galliano

21 წლის ჯონ გალიანო Central Saint Martins-ში ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწავლის პერიოდში, ის ბრიტანეთის ეროვნულ თეატრში გარდერობის თანამშრომელი იყო. მის მოვალეობაში შედიოდა ეზრუნა იმაზე, რომ სპექტაკლისათვის ყველა მსახიობი შესაბამისად გამოწყობლიყო. როცა გალიანომ უნივერსიტეტი დაამთავრა, საკუთარი ბრენდი დააარსა. მისმა ნამუშევრებმა, რომლებიც დრამატულობისა და სირთულეების სინთეზით გამოირჩეოდა, სახელი მალევე გაითქვა თავად დიზაინერი კი, მოდის სფეროს ლეგენდად აქცია.
რალფ ლორენი / Ralph Lauren

დაახლობით 20 წლის იყო, როცა რალფ ლორენმა ბიზნესის შესწავლა დაიწყო. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მცირე დროით სამხედრო სამსახურშიც მოღვაწეობდა. ამის შემდეგ, გაყიდვების მიმართულებით დაიწყო მუშაობა. 28 წლის იყო, როცა მამაკაცის ჰალსტუხების შექმნა დაიწყო, რომელსაც “POLO”-ს სახელით უშვებდა. მისი ნამუშევრების შეძენა მალე მსხვილმა მაღაზიებმა დაიწყეს. ფინანსურმა წარმატებამ მას საშუალება მისცა მამაკაცის სრულ ხაზზე ემუშავა და მალევე გაითქვა სახელი. მისმა ამერიკულმა სტილმა მალევე მოიპოვა აღიარება, რალფი კი დღემდე ყველა დროის ყველაზე აღიარებულ ამერიკელ დიზაინერად მიიჩნევა.
დაიან ფონ ფურსტენბერგი / Diane von Furstenberg

1966 წელს, დაიანი ჟენევას უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც პრინცი ედვარდი გაიცნო. მალევე, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს. პრინცესას სტატუსით, დიანმა შეძლო თავისი ოცნებები რეალობად ექცია და იტალიური ტექსტილის მწარმოებელ ანჯელო ფერეტისთან დაიწყო თანამშრომლობა. 23 წლის ასაკში, ნიუ იორკში გადავიდა, მუშაობდა დიზაინზე და ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ბრენდის და მწარმოებლის დაინტერესებას ცდილობდა. ამ პერიოდში, დიან ფონ ფუნსტერბერგმა არ იცოდა, რომ უდიდეს წარმატებას და აღიარებას მოიპოვებდა – 28 წლის ასაკში, ე.წ. Wrap Dress წარადგინა, რომელიც მოდის ინდუსტრიაში, დღემდე ერთ-ერთ საკულტო მოდელად მიიჩნევა.
სინდი კროუფორდი / Cindy Crawford

სანამ 20 წლის გახდებოდა, სინდი კროუფორდმა ჩიკაგოს Northwestern University-ში ქიმიური ინჟინერიის მიმართულებით დაიწყო სწავლა, თუმცა ამ განხრით მისი პროფესიული კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა. ერთ წელში სწავლა მიატოვა და გადაწყვიტა, სამოდელო კარიერა შეექმნა, რაც ნამდვილად სრულყოფილად შეძლო. 20 წლის ასაკში, სინდიმ სამოდელო კონკურსში – Look of the Year-ში გაიმარჯვა. კონკურსი Elite Modeling Agency-ის მიერ იყო მოწყობილი, შესაბამისად, ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი ტრამპლინი აღმოჩნდა. სულ ხანმოკლე პერიოდში კი, სინდი კროუფორდი უკვე სუპერმოდელის სტატუსით სარგებლობდა.
მაიკლ კორსი / Michael Kors

სკოლის დამთავრების შემდეგ, მაიკლ კორსი ნიუ იორკში ჩავიდა საცხოვრებლად და Fashion Institute of Technology-ის სტუდენტი გახდა. კორსს მეტად მოსწონდა ნიუ-იორკული ცხოვრება, ვიდრე სწავლა, ამიტომ ორი სემესტრის შემდეგ, უნივერსიტეტი მიატოვა და ფრანგულ ბუტიკ Lothar-ში დაიწყო მუშაობა. აქ კოსრმა თავისი პირველი კოლექცია შექმნა და კომერციულ წარმატებაზეც თავადვე იზრუნა. მოდის სამყარომ მისი ნამუშევრები დადებითად მიიღო და კორსმაც საკუთარი ბრენდი შექმნა. მისი კოლექციები მარტივი, თუმცა ელეგანტური სტილით გამოირჩევა. დიზაინერი დღეს, მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან სახედ მიიჩნევა.
კარლ ლაგერფელდი / Karl Lagerfeld

14 წლის ლაგერფელდი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, 16 წლისამ კი, მოდის სკეჩების კონკურსში მიიღო მონაწილეობა და პალტოების კატეგორიაში გაიმარჯვა. რამდენიმე წლის შემდეგ, კარლმა დიზაინერ პიერ ბალმანთან სრულ განაკვეთზე დაიწყო მუშაობა.. 25 წლის ასაკში, დიზაინერ Jean Patou-ს ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო მისი კარიერული აღმავლობა და წლებთან ერთად, ლაგერფელდმა თავისი კარიერა დაუკავშირა ისეთ მოდის სახლებს, როგორებიც არის: Chloé, Fendi და Chanel.
კარლი კლოსი / Karlie Kloss

კარლი კლოსი 13 წლის იყო,როცა საქველმოქმედო მოდის ჩვენებაზე შენიშნეს, 15 წლის ასაკში კი, Elite Model Management-თან კონტრაქტი გააფორმა. ამის შემდეგ, მან ეტაპობრივად მიიპყრო სხვადასხვა ცნობილი დიზაინერის ყურადღება. მოდის კვირეულებზე ის ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. ამჟამად, კარლი კლოსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერმოდელია.
ჯორჯო არმანი / Giorgio Armani

არმანი თავდაპირველად სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო, თუმცა, მალევე აღმოაჩინა, რომ არჩეული პროფესია საკმარისად არ აინტერესებდა და სწავლას თავი დაანება. ამის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა. სწორედ ამ პერიოდში, მილანში გაემგზავრა და პირველად აღმოაჩინა მოდის მიმართ თავისი ინტერესი. როცა სამხედრო სამსახური დაასრულა, ერთ-ერთ მაღაზიაში ვიტრინის გამფორმებლისა და ფოტოგრაფის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. შემდეგ, Nino Cerruti-ის შემოქმედებით გუნდს შეუერთდა დიზაინერის სტატუსით. მალევე, მეგობრების რჩევით, ბრენდი დააარსა და საკუთარი ნამუშევრების შექმნა დაიწყო. დროსთან ერთად არმანის მოდის სახლი დიდ იმპერიად იქცა, თავად კი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული დიზაინერის სახელი დაიმკვიდრა.
მარკ ჯეიკობსი / Marc Jacobs

მარკ ჯეიკობსს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი,რომ საკუთარ ცხოვრებას მოდას მიუძღვნიდა. ჯერ 20 წლის არ იყო, როცა ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის კურსებს ესწრებოდა, პარალელურად კი, ტანსაცმლის მაღაზია Charivari-ში ღამის ცვლაში მუშაობდა. მაღაზიის ხელმძღვანელობამ ნება დართო, ბუტიკისათვის საკუთარი დიზაინით შეექმნა სვიტრების მოდელები. ეს ნამუშევრები მისი ადრეული პორტფოლიოს მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, რაც პარსონის დიზაინის სკოლაში ჩაბარებაში დაეხმარა. ჯეიკობსი კრეატიულობით გამოირჩეოდა, სწავლის დასრულების შემდგომ, მან Perry Ellis Gold Thimble Award მოიგო და წლის სტუდენტად დასახელდა. 21 წლის ასაკში, ერთ-ერთი ბრენდისათვის თავისი პირველი კოლექცია შექმნა. რამდენიმე წელში, ჯეიკობსმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა, მან ამერიკულ კონკურსში გაიმარჯვა და მოდის ახალი ტალანტის სტატუსი დაიმსახურა. ამის შემდეგ, მარკ ჯეიკობსის ცნობადობა დროსთან ერთად იზრდებოდა. მის კარიერაში იყო მცირედი წარუმატებლობები, თუმცა, საბოლოოდ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ბრენდის დამაარსებლად იქცა.
ქეით მოსი / Kate Moss

ქეით მოსი სამოდელო სააგენტოს სკაუტმა აღმოაჩინა. ის მაშინ შენიშნეს, როცა 14 წლის ქეითი მამასთან ერთად ნიუ იორკის ერთ-ერთ აეროპორტში იმყოფებოდა. აგენტმა მათთან ერთად, ინგლისის მიმართულებით აიღო ბილეთი და თვითმფრინავში პირველი შესაძლებლობისთანავე გაეცნო. 90-იან წლებში, როცა ქეითი დაახლოებით 20 წლის იყო, Calvin Klein-თან კოლაბორაციამ ინდუსტრიაში აღიარება მოუტანა და ამ აღიარებასთან ერთად, გაჩნდა Heroin Chic იმიჯი.
ლინდა ევანჯელისტა / Linda Evangelista

ლინდა ევანჯელისტა კანადაში, თავის მშობლიურ ქალაქ სენტ-კატარინსში, ადგილობრივ სამოდელო სააგენტოში დადიოდა. კურსებისათვის გადასახადს მისი ოჯახი იხდიდა. 16 წლის იყო, როცა იაპონურმა სააგენტომ კონკურისის მეშვეობით აარჩია და საზაფხულო სამუშაო კონტრაქტი გაუფორმა. როცა ჩავიდა, სააგენტოს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ სურდათ შიშველს ეპოზიორა. საბოლოოდ, ლინდამ კანადის საელჩოს მიმართა დახმარების თხოვნით და ამ გზით სახლში დაბრუნდა. შემთხვევის შემდეგ, ევანჯელისტამ სამოდელო საქმიანობისათვის თავის დანებება გადაწყვიტა, თუმცა მალევე საკმაოდ რეპუტაციული აგენტებისაგან შეთავაზებები მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა წლების წინ დასრულდა, ლინდა ევანჯელისტა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოდელად არის აღიარებული. მისი ფოტოები დაახლოებით, 700-მდე ჟურნალის ყდაზე დაიბეჭდა.
ანა დელო რუსო / Anna Dello Russo

ანა დელო რუსო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდის სტილისტი და ამ ინდუსტრიის გავლენიანი პერსონაა. 20-25 წლის ასაკში, რუსო იტალიაში, ბარის უნივერსიტეტში იტალიურ ლიტერატურასა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა. ამის შემდეგ კი, მილანის უნივერსიტეტში, მოდის მიმართულებით, მაგისტრის დიპლომი მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ, Donna magazine-ში საგამომცემლო განყოფილებაში მუშაობდა. მოგვიანებით, იტალიური ვოგის მთავარმა რედაქტორმა, ფრანკა სოზანიმ მიიწვია სამუშაოდ. იტალიურ ვოგში, ანა დელო რუსომ სტილისტის პოზიციაზე 18 წელი იმუშავა.