ბრიტანული ვოგის პირველი შავკანიანი რედაქტორი და ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსაიდერი სამართალდამცავის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
„გასულ კვირას 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის ვიდეო ვნახე, რომელშიც ის კვდება მას შემდეგ, რაც მინეაპოლისის პოლიციის განყოფილების ოფიცერი მას რვა წუთის და 46 წამის განმავლობაში კისერზე მუხლით აწვება. ზუსტად გეტყვით რა ვიგრძენი.
პირველ რიგში, ცხოვრების უაზროდ დაკარგვით გამოწვეულმა ძლიერმა მწუხარებამ მომიცვა. შემდეგ ემი კუპერის კადრები ვნახე, თეთრკანიანი ქალის, რომელმაც პოლიცია გამოიძახა კრისტიან კუპერის გამო, შავკანიანი მამაკაცის, რომელმაც მას ნიუ-იორკის ცენტრალ პარკში სთხოვა, რომ ძაღლისთვის საბელი მიემაგრებინა. ამან განრისხებული დამტოვა. მას შემდეგ ვერ ვიშორებ განცდას, რომელიც მთელ მსოფლიოში მცხოვრები შავკანიანი ადამიანებისთვის ნაცნობი იქნება: რომ ჩემი ცხოვრება როგორღაც უვარგისია.

გამიმართლა, რომ ჩემს სამყაროში უზარმაზარი პრივილეგიით ვსარგებლობ, მაგრამ როგორც ფერაფკანიანი და როგორც გეი მამაკაცი, ვერ გავექცევი იმ აზრს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რისთვის მიგიღწევია ან საზოგადოებისთვის რა სარგებელი მოგიტანია, შენი ცხოვრება თითქოს მაინც არ არის ღირებული. როდესაც დილით სახლიდან გავდივარ, რათა მარტომ ვისეირნო, ყოველთვის ვფიქრობ იმ გაზრდილ პერსონალურ საფრთხეზე, რომელიც საკუთარი კანის ფერის გამო მემუქრება.
ეს ბოლო დღეებია ერთდროულად განვიცდი ბრაზს, სევდას და შიშს. რასაც ეს რასისტული ქმედებები კიდევ ბევრ სხვა რამესთან ერთად ცხადყოფს არის ის, რომ ბევრად მეტი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ იქ ვართ, სადაც საჭიროა, რომ შევქმენით საზოგადოება, სადაც ყველა თანასწორია, მაშინ მინდა ვუთხრა, რომ ცდება. რასიზმი გლობალური პრობლემაა. რასიზმი ბრიტანეთის პრობლემაა. ამ საკითხში მარტო შეერთებული შტატები არ ფიგურირებს – ეს ყველგან გვხვდება და სისტემურია.

როგორც შავკანიანი პიროვნება, ადრეული ასაკიდანვე სწავლობ, რომ საკუთარი ჭკუა უნდა იხმარო. ბავშვები უპრობლემოდ იბადებიან, მაგრამ როდესაც ლონდონში სკოლაში სწავლა დავიწყე, გავაცნობიერე, რომ განსხვავებული ვიყავი. ზედმეტსახელები მხოლოდ ერთ-ერთი პირველი რამ არის, რასთან გამკლავებაც გიწევს, უარესი მომენტებიც ყოფილა. ლედბროკ გროუვში გავიზარდე, სადაც ვხედავდი როგორ დევნიდნენ, აკავებდნენ, ამცირებდნენ შავკანიან ადამიანებს — ეს ყოველთვის ხდებოდა. დედაჩემი მეუბნებოდა, რომ საკუთარი თავისთვის მიმეხედა ყოველთვის, როდესაც სახლს დავტოვებდი. დღესაც ისეთივე შფოთვას ვგრძნობ სახლიდან გასვლისას, როგორსაც მაშინ. ორმოცი წელი გავიდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა.
ეს განვითარებადი საუბარია, რომელიც განვითარებად განათლებას ითხოვს. უნდა გავაგრძელოთ საკუთარი და ჩვენი მეზობლების ცნობიერების ამაღლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საშინელებები არ დამთავრდება. არ მივესალმები ძალადობას, რომელიც ამერიკაში და სხვა ქალაქებში ხდება. არც მაროდიორობას ვემხრობი. მე მხარს ვუჭერ თავისუფალ სიტყვას და ადამიანების თავისუფლებას, რომ თავიანთი პროტესტი გამოხატონ, თუმცა კარგი იქნებოდა, პანდემიის დროს ადეკვატურ უსაფრთხო ზომებს თუ მიიღებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ რასიზმის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, რათა ინფორმირების გზით ანტი-რასიზმი დაინერგოს. ეს კი ერთად უნდა გავაკეთოთ.
მოდას ამ ყველაფერში თავისი წვლილი შეაქვს. მას ეპოქის სულში უნიკალური ადგილი აქვს მოცული და შეხედულებების შეცვლის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გააჩნია. ვევედრები მოდურ ბრენდებს, გამოცემებს და საცალო მოვაჭრეებს უფრო მეტი მრავალფეროვანი წარმომავლობის მქონე ადამიანი დაასაქმონ — მართლა მჯერა, რომ ეს არის რეალური ცვლილებისთვის ერთადერთი ეფექტური საშუალება. აუცილებელია, რომ შავკანიანი ადამიანები არამხოლოდ კამერის მეორე მხარეს ან ინსტაგრამის გვერდზე ჩანდნენ, არამედ მოდის ინდუსტრიის ინფრასტრუქტურაში ჩაერთონ. ადამიანებს მაგიდასთან სჭირდებათ დასხდომა.

ბოდიშების დრო აღარ არის: უკვე 2020 წელია. რიგში ახალი თაობა იწყებს ამობრწყინებას, ისინი კი უკეთესს იმსახურებენ. გაიცანით სხვა რასის ადამიანები. წაიკითხეთ წიგნები, რომლებიც თქვენს წინასწარ შექმნილ ცუდ მოსაზრებებს გამოიწვევენ. უყურეთ დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც თქვენს ღირებულებებს გადაგაფასებინებთ. იყავით ცნობისმოყვარეები. ნუ დახუჭავთ თვალებს რასისტულ ქმედებაზე, არ აქვს მნიშვნელობა დიდი იქნება ის თუ პატარა. ახლა მოქმედების დროა.“