13 სექტემბერს ნიუ-იორკში მოდისა და პოპ-კულტურის ყველაზე სანახაობრივი ღონისძიება – Met Gala გაიმართა. მას არაერთი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის: რიანა, ამანდა გორმანი, ფრენკ ოუშენი, ჯასტინ და ჰეილი ბიბერები,  ტიმოთი შალამე, ბილი აილიში, ტრეისი ელის როსი, ემილი ბლანტი და სხვები. 2021 წლის Met Gala-ს თემად “ამერიკული მოდის ლექსიკა” შეირჩა. ყოველწლიურად შერჩეული თემა ხდება “დრესკოდი,” რომელიც სასურველია, მიწვეულმა სტუმრებმა წითელ ხალიჩაზე დაიცვან.

წელს წითელ ხალიჩაზე ვიხილეთ ლუქები, რომელთა კავშირიც ამერიკულ მოდასთან თვალსაჩინო იყო, მაგალითად, ლუპიტა ნიონგ’ოს ვერსაჩეს დენიმის კაბა ამერიკისთვის ჯინსის მნიშვნელობას აცხადებდა. და ასევე ისეთი ნამუშევრები, რომლებიც თემას არ შეესაბამებოდა ან ცალკეულ განაცხადად გვევლინებოდა. რაც შეეხება ბრენდებს, რომლებიც განსაკუთრებით ხმაურიანი მომენტების შექმნაზე არიან პასუხისმგებლები, მათ შორის უპირობო ლიდერი ბალენსიაგაა.

Met Gala-ზე მიმავალი დემნა გვასალია

სწორედ Balenciaga ეცვა Met Gala-ს ერთ-ერთ ვარსკვლავს, კიმ კარდაშიანს. ის წითელ ხალიჩაზე ბრენდის კრეატიულ დირექტორ დემნა გვასალიასთან ერთად წარსდგა, რომელიც ბევრს მისი ყოფილი ქმარი, რეპერი და დიზაინერი ქანიე უესტი ეგონა, სანამ ოფიციალურმა წყაროებმა არ დაადასტურეს, რომ ეს ასე არ იყო.

გასულ ათწლეულში კარდაშიანმა უესტთან ერთად Met Gala-ზე არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა, მათ შორის აღსანიშნავია Givenchy-ის ყვავილებიანი კაბა, რომელიც მას ორსულობის პერიოდში, 2013 წელს ეცვა, 2016 წლის ბალმანის ლუქი და ბოლოს თიერი მუგლერის შექმნილი სველი შესახედაობის კუტიურ კაბა, რომელიც მან 2019 წელს მოირგო. ეს იყო პირველი ნამუშევარი, რომელიც თიერიმ 20 წლის შემდეგ თავისი ბრენდისთვის შექმნა, რასაც რვა თვე დასჭირდა. მაშინ მას თან ქანიე ახლდა, Dickie-ის 40 დოლარიანი ჟაკეტით. 2021 წელს კიმის ლუქი წინააღმდეგობრივობით გამოირჩეოდა და მას კიდევ ერთხელ აქცევდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა განსხვავებული ფორმით.

მიმდინარე წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ დიდი ხნის მეგობრები და შემოქმედებითი პარტნიორები დემნა გვასალია და ქანიე უესტი კიდევ ერთხელ გეგმავდნენ თანამშრომლობას, რაც ქანიეს რიგით მე-10 ალბომის, Donda-ს, გამოშვებას უკავშირდებოდა. მის გამოსვლამდე სამი შოუ მოეწყო, ყველა მათგანის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია იყო. სწორედ ქართველმა დიზაინერმა იმუშავა როგორც ქანიეს, ისე კიმის იმიჯზე, რომელიც შოუებს ესწრებოდა. ბოლო ღონისძიებაზე ის საქორწინო კაბით გამოჩნდა – გვასალიას ბალენსიაგასთვის შექმნილი პირველი ოტ კუტიურ კოლექციიდან.

ალბომის გამოშვებასთან დაკავშირებული აქტივობების მიღმაც, ბოლო პერიოდში დემნას ხელწერა კიმის სტილზე უცვლელი რჩება. და ეს Donda-ს სტილში ხდება, მთლიანად შავში.

Met Gala-მდე ჯერ კიდევ ორი დღით ადრე კარდაშიანი Vetements-ის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციით ვიხილეთ, რომელიც დემნამ საქართველოს მიუძღვნა.  ეს ერთ-ერთი ბოლო ჩვენება იყო გვასალიასთვის ვეტმანის კრეატიული დირექტორის ამპლუაში. სამოსი და აქსესუარები მთლიანად ფარავდა მის სხეულსა და სახეს. ბევრი ლუქის ასოცირებას BDSM-თანაც ახდენდა.

ბუნებრივია, ის, ვინც კიმს ბოლო პერიოდში თვალს ადევნდებდა, Met Gala-ზე მის გამოჩენას სწორედ დემნას შექმნილი სამოსით ელოდა. მაგრამ ვარსკვლავი, რომელიც ცნობილი საჯაროობითა და პირადი ცხოვრების ფართო მასებისთვის გაზიარებით გახდა, ღონისძიებაზე, რომელსაც თვალს მილიონობით ადამიანი ადევნებს და მთავარ ყურადღებას იქცევს თუ რა გაცვია და როგორ გამოიყურები, ანონიმურად, სრულად შენიღბული მიდის.

© THEO WARGO / GETTY IMAGES

დემნასთან ერთად, მან ისევ Donda-ს სტილი არჩია. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მის ლუქსა და ავღანეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შორისაც კი გაავლო პარალელი. რას ნიშნავს იყო ანონიმური იქ, სადაც ყველა ცდილობს, იყოს შესამჩნევი? კიმ კარდაშიანის შემთხვევაში, მეტი ყურადღების მიპყრობას და მოკრძალებლი თამამი განაცხადის გაკეთებას.