ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის ახალ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის Met Gala-ს შემოსავალმა რეკორდული 17.4 მილიონი დოლარი შეადგინა.

დღესდღეისობით “მეტ გალა” კულტურული ფენომენია, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ინტერესით ელის, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ისტორიულად, Met Gala მეტროპოლიტენის მუზეუმში კოსტიუმების განყოფილების ფონდის მხარდასაჭერად შეიქმნა. საქველმოქმედო ღონისძიებამ სანახაობრივი გალა წვეულების სახე 1970-იან წლებიდან მიიღო, რაც ვოგის რედაქტორის, დაიანა ვრილანდის ინიციატივა იყო.

დროთა განმავლობაში, იზრდებოდა “მეტ გალას” მასშტაბები და დღეს უკვე თანამედროვე კულტურის ერთ-ერთი უდიდესი ღონისძიებაა. ასე მაგალითად, Launchmetrics-ის კვლევის მიხედვით, გასულ წელს, მეტ გალას 543 მილიონი დოლარის ღირებულების მედია გამოხმაურება ჰქონდა, მაშინ, როდესაც სუპერთასის (Super Bowl) იგივე მონაცემი 520 მილიონ დოლარს შეადგენდა. რაც შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ Met Gala მაყურებელს წითელი ხალიჩის გარდა არაფერს სთავაზობს.

ანა ვინტური, კიმ კარდაშიანი, ბლეიკ ლაივლი, ჰამიშ ბოულსი – Met Gala 2022

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებამ მრავალფეროვანი დატვირთვა შეიძინა და მასშტაბებიც გაიზარდა, “მეტ გალას”, როგორც საქველმოქმედო წვეულების მიზანი არ შეცვლილა. მიწვეული სტუმრები, რომელთა შორის არიან მოდის, კინოს, მუსიკის, სპორტის, პოლიტიკის ცნობადი სახეები, სოლიდური თანხებით უჭერენ მხარს კოსტიუმების ინსტიტუტის ფონდს და შესაბამისად მუზეუმსაც. როგორც მოდის პრესის გავლენიანი გამოცემა The Business of Fashion წერს, “მეტ გალაზე” მაგიდის დაჯავშნა 200,000-იდან 300,000 დოლარამდე ჯდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ კომპანიებსა და ვარსკვლავებს, რომლებსაც გამოფენის გახსნაზე ფეხზე დგომა არ აკმაყოფილებთ და სურთ რომ წვეულებას მაგიდიდან ადევნონ თვალი, 300,000 დოლარის გადახდა უწევთ.