ოც წელზე მეტია გასული პრინცესა დიანას გარდაცვალებიდან. დიანას სტილზე ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში საუბრობდნენ, მისი გადაწყვეტილებები ხშირად თამამი და არაორდინალური იყო, რაც საზოგადოებაში ორაზროვნებას იწვევდა.
2017 წელს კენსინგტონში დიანასადმი მიძღვნილი გამოფენის კურატორმა ელერი ლინმა აღნიშნა, რომ დიანას და ხალხს შორის კომუნიკაციის წყარო სწორედ მისი სამოსი იყო, “საოცარია, თუ რამდენად ცოტა ვიდეორგოლი არსებობს, სადაც დიანას საუბარი ჩანს. ძირითადი წარმოდგენა დიანაზე ფოტოებიდან და მისი ჩაცმის სტილიდან გვაქვს”, “მოდის აიქონი, ვისი სტილს გამეორებასაც ყველაზე ხშირად ცდილობენ და რომელიც ძალიან, ძალიან უყვარს ხალხს.”
დიანას გარკვეული სამოსის და აქსესუარების ტარების მიზეზი მხოლოდ სტილით არ ყოფილა განპირობებული. ტანსაცმელმა გაამყარა მისი სტატუსი, როგორც თბილი, თანაგრძნობით სავსე და მოსიყვარულე ადამიანის. მაგალითად, მას არ მოსწონდა ხელთათმანების ტარება, რადგან უყვარდა ადამიანებისთვის ხელი ჩამორთმევა, საქველმოქმედო საღამოებზე ატარებდა დიდ სამკაულებს, რათა ბავშვებს ეთამაშათ და ასევე ბავშვებთან შეხვედრებზე არ ატარებდა დიდ ქუდებს, რადგან მათი ჩახუტება ძალინ არაკომფორტულია დიდი ქუდებით. ხშირად სტუმრობდა ბრმა პაციენტებს და ასეთ შეხვედრებზე იცვამდა ველვეტს, რათა მათ შეხებით შეეგრძნოთ და დაემახსოვრებინათ დიანას მათთან ყოფნა.
საინტერესო მხოლოდ მისი შინაგანი სამყაროს გადმოცემა სამოსით არაა, საინტერესოა მისი განვითარება, რადგან ძალიან დიდი განსხვავებაა ლედი დიანა სპენსერსა და უელსის პრინცესა დიანას შორის. მაგრამ დიანამ საკმაოდ სწრაფად ისწავლა ყველაფერი, რაც საჭირო იყო მისთვის.
დიანასთვის არ იყო დამახასიათებელი ტრენდულობა, მას მხოლოდ ის ეცვა, რაც მან იცოდა, რომ უხდება. ეს ნამდვილად გამოარჩევდა დიანას მრავალრიცხოვანი სელებრითებისგან. მაგრამ ეს არ ხდიდა მას მოსაწყენს, პირიქით, ის ძალიან ერთობოდა პროცესით.
დიანა პირველი იყო სამეფო ოჯახიდან, ვინც შარვლებით დადიოდა ფორმალურ საღამოებზე. ამ საკმაოდ გამბედავი და რისკიანი ნაბიჯებით ყველას შთააგონებდა გაერისკათ და ენახათ, თუ რა მოჰყვებოდა დადგენილი წესებიდან გადახვევას. ყველაფერი რასაც ის იცვამდა თუ აკეთებდა, იყო ძალიან დიანა, არანაირი ძალდატანება და სიყალბე.
მისი თავდაჯერებულობა არის მისი მთავარი იარაღი, რადგან, როცა ხედავ დიანას, რომელსაც ძალიან კარგად აცვია, ხედავ არა სამოსს, არამედ დიანას და მის პერსონას. ხედავ იმას, თუ რამდენად ადვილად და მსუბუქად გრძნობს თავს სამოსში, რომელიც საერთოდაც არ არის პრინცესული.
Lyst-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ დიანას დღესაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს ქალების სტილზე მსოფლიოს გარშემო. არ არსებობს გული, რომელშიც დიანამ ვერ შეძლო შეღწევა.
რთულია სულ რაღაც 20 წლის ასაკში გახდე ასეთი ცნობილი სახე, ცოლი და დედა ერთდროულად. დიანამ ყველა სირთულის მიუხედავად შეძლო შეენარჩუნებინა მისთვის დამახასიათებელი ახალგაზრდული, მეამბოხე სული, რომელიც ნორფოლკელი მორცხვი გოგონათი იყო დაბალანსებული მის ხასიათში.