პრადა პანდემიამ სერიოზულად დააზიანა – გაყიდვები 24%-ით დაეცა, ხოლო შემოსავალი თითქმის 90%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, კომპანიის აქციები ახლა, 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა, რადგან 2020 წლის მეორე ნახევარში გაყიდვები მოულოდნელად გაიზარდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა პოზიტიურ მოლოდინებს.

იტალიური მოდის სახლებმა სერიოზული დარტყმა მიიღეს პანდემიის დაწყების შემდეგ, Tod’s და Ferragamo-ში გაყიდვები თითქმის სამჯერ შემცირდა. პრადას 24%-იანი ვარდნა მათთან შედარებით უკეთესია, თუმცა ბევრად უარესია ვიდრე LVMH-ის, ან Kering-ის დაქვემდებარებაში მყოფი მოდის სახლების მონაცემები. საბედნიეროდ, გასულ ოთხშაბათს, ინვესტორებთან შეხვედრაზე, ბრენდის გენერალურმა დირექტორმა პატრიციო ბერტელიმ განაცხადა, რომ დეკემბრისთვის პრადას შემოსავლები დაუბრუნდა 2019 წლის მონაცემებს, “2020 წელი გამანადგურებელი იყო ჩვენი ბიზნესისთვის”, თქვა ბერტელიმ “თუმცა პრადა ზრდას განაგრძობს და წინ კვლავ დიდი პოტენციალი და შესაძლებლობებია”.

Fashionista

მართლაც, პრადამ ჩინეთში დიდ წარმატებას მიაღწია – გაყიდვები 52%-ით გაიზარდა. ამერიკის ბაზარიც განაგრძობს ზრდას, თუმცა მხოლოდ 4 %-ით. რაც შეეხება ევროპას, პრადას განცხადებით, ადგილობრივი მყიდველის ინტერესიდან გამომდინარე, გაყიდვები “ორი ციფრით” გაიზარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახლა პრადა ბევრად უფრო პოპულარულია სოციალურ ქსელებში. 2018 წელთან შედარებით, ბრენდის ინსტაგრამზე გამომწერების რაოდენობა 11 მილიონით გაიზარდა. გარდა ამისა, ბრენდმა დაარეგულირა ონლაინ გაყიდვების სისტემაც (2017 წლამდე პრადა ონლაინ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ნივთებს ყიდდა და მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში). კომპანიის განცხადებით, ონლაინ გაყიდვები 2020 წელს გასამმაგდა. ბრენდის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება, რომელიც პირველი იყო რაფ სიმონსის კრეატიულ თანადირექტორად დანიშვნის შემდეგ, ჩინურ პლატფორმებზე 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. მაშინ, როდესაც ბრენდები უამრავ ფულსა და ენერგიას ხარჯავენ სოციალური მედიის კამპანიებში, პრადას ყურადღების მიქცევისთვის მსგავსი ნაბიჯების გადადგმა არ სჭირდება. ბრენდი, 2019 წლის მონაცემებს, 135 დაკეტილი მაღაზიითა და ტურისტების გარეშე დაუბრუნდა, რაც საკმაოდ შთაბმეჭდავია.

თუმცა ბაზარი საკმაოდ მერყევი და მოულოდნელობებით სავსეა. პრადამ უნდა შეძლოს შეინარჩუნოს მაჩვენებლები. საინტერესოა, თუ რა მოხდება ახლა, როდესაც ძალიან ცოტა დროა გასული მას შემდეგ, რაც რაფ სიმონსი და მიუჩია კოლექციებზე ერთად მუშაობენ. Сleo Bag-ის წარმატება კარგი ნიშანია (აღნიშნული ჩანთა ერთ-ერთი პირველი პროდუქტი იყო, რომელიც გაყიდვაში რაფის დანიშვნის შემდეგ ჩაეშვა).

მომავალში, პრადას სილამაზისა და სუნამოების პროდუქტების ახალ ტალღასაც უნდა ველოდოთ, – კომპანიამ ლორეალთან დადო კონტრაქტი. ცნობილია, რომ სილამაზისა და სუნამოების შემოსავალი ბევრი ბრენდის მამოძრავებელი ძალაა, ისევე, როგორც აქსესუარები.