მოდის ინდუსტრიისთვის უცხო არ არის სოციალური თუ პოლიტიკური შეხედულებების გამჟღავნება, მაგრამ, გლობალური საშოპინგო პლატფორმა Lyst – ის მიხედვით, კომერციულ არენაზე აქტივიზმი 2020 წლიდან განსაკუთრებით გაიზარდა. საკმარისია გავიხსენოთ Black Lives Matter საპროტესტო ტალღა და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელთაც დიდი გავლენა ჰქონდა ხალხზე. ნივთები, რომლებიც საზოგადოებას არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა, ლურჯი და წითელი ფერის მაისურები თუ კეპები, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნით სარგებლობდა.
თუმცა თავად პოლიტიკური ფიგურების სტილიც ზემოქმედებდა ხალხზე. მაშინ, როცა ვიცე-პრეზიდენტად არჩეული ქამალა ჰარისი ისტორიული გამარჯვების შემდეგ ხალხს მიმართავდა, მას კაროლინა ჰერერას თეთრი შარვალი და პიჯაკი ეცვა. მომდევნო 24 საათში ქალის თეთრ კოსტუმებზე ძიება 129% – ით გაიზარდა.
95% – ით გაიზარდა თეთრი ბაფთიანი ბლუზების მიმართ მომხმარებლის ინტერესიც. პიჯაკებს აქტიურად ეძებდნენ მაშინაც, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, კონგრესის ყველაზე ახალგზარდა ქალი წარმომადგენელი ალექსანდრია ოკასიო-კორტეზი სექსიზმზე სასაუბროდ კონგრესის წინაშე წარსდგა. მაშინ ალექსანდრიას წითელი ფერის პიჯაკი ეცვა, რომელსაც შემდეგ 74% – ით ხშირად ეძებდნენ.
ოკასიო-კორტეზმა „თაობა ზეტის“ საყვარელი ჩანთის მიმართ არსებული მღელვარებაც გააძლიერა. როდესაც ის Telfar – ის „იტ“ ჩანთით გამოჩნდა, ბრენდზე ძიება 163% – ით გაიზარდა.