მიმდინარე წლის თებერვალში მოულოდნელი სიახლე გავრცელდა – ბელგიელი დიზაინერი პიტერ მიულე Alaïa-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა და გახდა პირველი ადამიანი, ვინც ეს პოზიცია დაიკავა მას შემდეგ, რაც მოდის სახლის დამაარსებელი – აზადინ ალაია 2017 წელს გარდაიცვალა.

პროფესიით არქიტექტორი, პიტერი 15 წელზე დიდი ხნის განმავლობაში რაფ სიმონსის მარჯვენა ხელი იყო. ისინი ერთად ქმნიდნენ კოლექციებს, როგორც რაფის საკუთარი ბრენდისთვის, ისე ჯილ სანდერისთვის, დიორისა და კელვინ კლაინისთვის.

“თაყვანისცემის და პასუხისმგებლობის უდიდესი განცდით შევუდგები მისი დატოვებული მემკვიდრეობის გაგრძელებას, რომელიც ფემინურობას წარმოაჩენს და ქალებს შემოქმედების უმთავრეს ადგილს უთმობს,” – ამბობდა პიტერი თავის ახალ როლთან დაკავშირებით.

ცნობილი გახდა, როდის გაიმართება მიულეს ალაიას მოდის სახლისთვის შექმნილი სადებიუტო კოლექციის ჩვენება: პარიზის მოდის კვირეულის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 4 ივლისს, საღამოს 9 საათზე (CET), ბელგიელი დიზაინერი ready-to-wear და haute couture კოლექციებს წარადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს თარიღი მოდის სახლისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. 2021 წლის 4 ივლისს ოთხი წელი გავა მას შემდეგ, რაც აზადინმა თავისი უკანასკნელი შოუ გამართა.

შეგახსენებთ, ივლისში Balenciaga-ს ქართველი კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას, სადებიუტო ოტ კუტიურ შოუც იგეგმება, რომელიც ასევე იქნება ფრანგული მოდის სახლის პირველი HC პრეზენტაცია 1968 წლის შემდეგ. ჩვენება 10 Avenue Georges V-ზე მდებარე კრისტობალ ბალენსიაგას თავდაპირველ სალონში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, 7 ივლისს გაიმართება.