5 მაისს, როდესაც გავიღვიძე და ანუკი არეშიძის ჩვენებისთვის მზადება დავიწყე, ვფიქრობდი, თუ არეშიძეს, აეროპორტში, მორიგი „ძალიან ანუკი“ კოლექციის სანახავად მივყავდი, აეროპორტის ლოკაციად არჩევა პრეტენზიული და სნობური იქნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ არეშიძე ჩვენებებს მოდის კვირეულის ძირითადად ლოკაციაზე იშვიათად მართავს, აეროპორტი მაინც არ არის ადგილი, რომელსაც ქართველი დიზაინერისგან ველოდი. მაშინ როდესაც ვირჯინია ვიარდი შანელში თავის სადებიუტო შოუს მოკრძალებულად წარადგენს, მე ვიჯექი ტრანსპორტში და მივდიოდი ქართველი დიზაინერის ჩვენებაზე, რომელიც შოუს აეროპორტში მართავს. გზაში ბევრმა აზრმა გამიელვა, მათ შორის ყველაზე გიჟურმაც, კოსმოსური ხომალდების და თვითმფრინავების გარშემო მოსიარულე მოდელები, აეროპორტი.. ნუთუ შანელის საპატივცემულოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება?! მაგრამ უფრო რეალისტურ ფიქრებში, ჩემი ყველა აზრი მიდიოდა იქითკენ, რომ ეს ჩვენება პირადად ანუკისთვის და ბრენდ ANOUKI – სთვის უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი. შემოდგომა/ზამთარი 2019 არეშიძისთვის უნდა ყოფილიყო სიახლის დასაწყისი, სხვა შემთხვევაში, აეროპორტის ლოკაციად არჩევას პრივილეგირებული შესაძლებლობების წარმოჩენას და დიდ ეგოს მივაწერდი.
არეშიძემ ჩვენება შავი ლუქებით გახსნა. 5 წლის განმავლობაში, ანუკიმ შექმნა გოგონა, რომელიც შავთან არ ასოცირდება. ჩემთვის ANOUKI -ს გოგო თავისუფალი, ჰაეროვანი და მშვიდია. მას დადებითი აურა აქვს, წითელი კაბა აცვია თეთრი კოპლებით, თავზე ლამაზი ბაფთა უკეთია და ნებისმიერ ასაკში ბავშვური სილამაზე აქვს. ის არ არის გოგო, რომლისთვისაც ნათია ჩიქოვანი და ბეატრის კლიმენკო საუკეთესო წარმდგენები არიან. დღესდღეობით, ქართულ პოდიუმზე მატილდა გვარლიანი არის ბავშვური, მაგრამ ამავდროულად ქალური გარეგნობის მაგალითი. მატილდაც ვიხილეთ ჩვენებაზე, თუმცა გამჭირვალე შუშის სათვალით.
ANOUKI შემოდგომა/ზამთარი 2019
თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული

გვარლიანის ბავშვური სილამაზე უკანა პლანზე იყო გადაწეული. ჩვენების პირველ გოგონებს შორის კი ზუსტად ნათია ჩიქოვანი და ბეატრის კლიმენკო იყვნენ. სათვალესაც უფრო მეტი დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე მოდური აქსესუარის გაყიდვა. იდეა საერთო სურათის დახატვა იყო. ამაზე მიანიშნებდა მოდელების სიარულის მანერა, ფერი, რომლითაც შოუ გაიხსნა, მოდელები, რომლებიც პირველები გამოჩნდნენ პოდიუმზე და თავად ანუკის ჩაცმის სტილიც.
ANOUKI შემოდგომა/ზამთარი 2019
თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული

ანუკის გოგოს ახლა შავი ტყავიც აცვია, ხელი შარვლის ჯიბეში აქვს მოთავსებული და თავდაჯერებულად, ცოტა აგრესიულადაც მოაბიჯებს. ის არ ერიდება მამაკაცურ ფორმებს, ძლიერ მხრებს, დაბალქუსლიან ფეხსაცმელს, მუქი ფერის ტუჩსაცხს და სათვალეს, რომელსაც ბრჭყვიალა დეტალები არ დაყვება.
ANOUKI შემოდგომა/ზამთარი 2019
თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული

ცვლილება არეშიძის პიროვნულ ტრანსფორმაციას შეიძლება დავუკავშიროთ. მას შემდეგ, რაც ბრენდი შექმნა, ანუკის პირად ცხოვრებაში ბევრი სიახლე მოხდა. 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებით, ანუკიმ სცადა ჩვენთვის ეთქვა, რომ სიახლეებს, პასუხისმგებლობას, რომელიც აქვს, როგორც საჯარო ფიგურას, უკვალოდ არ ჩაუვლია.

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენების ლოკაციად კვირეულის ძირითადი ადგილი, სახვითი ხელოვნების მუზეუმი შეარჩიეს, მაჭარაშვილების Mach & Mach – ის ახალ კოლექციაშიც სივრცე დიდ როლს თამაშობდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განათება იყო, რადგან კოლექციაში აქცენტი მანათობელ ფეხსაცმელებზე და დეტალებზე გაკეთდა.
Mach & Mach ბრენდი 2011-12 წლებში დაფუძნდა. ამ მოკლე დროში ბრენდმა ახალგაზრდა გოგონების ყურადღება მიიქცია, რაც მეტწილად სწორედ ფეხსაცმელების დამსახურებაა.
ჩაბნელებულ სივრცეში , ძლიერი მუსიკის ფონზე, წარდგენილმა სამოსმა, რომელიც სინათლის სხივებს ასე ირეკლავს, შესაძლოა, სან ლორანის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის შოუც გაგვახსენოს. YSL – ს ჩვენების ბოლო ნაწილი ნეონის განათების ეფექტით მიმდინარეობდა. მსგავსი ვიზუალი ჰქონდა მაჭარაშვილების შოუს ფინალურ ნაწილსაც, თუმცა ვაკარელოს სან ლორანისგან განსხვავებით, Mach & Mach-ის გოგო ძალიან თავდაჯერებულია.

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული
როგორც 2 თვის წინ, YSL-ს ჩვენების შემდეგ ვწერდი, თავდაჯერებულობა ენტონი ვაკარელოსთვის კვლავ დიდი გამოწვევაა. მაჭარაშვილების შემთხვევაში, პოდიუმზე ყურადღების მოყვარული და თავდაჯერებული გოგონა დგას. ნუ დავივიწყებთ, რომ Mach & Mach-ის გოგოს მაისურზე აწერია: „გოგონებს შეუძლიათ აკეთონ ის, რაც თავად მოესურვებათ!“ ის გლამურულია, ხშირად გადაჭარბებულად გლამურულიც.
Mach & Mach შემოდგომა/ზამთარი
2019 თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული

60-იანებში ივ სან ლორანმა ქალებს თავისუფლება მიანიჭა, როცა კოსტუმი მათ გარდერობში შეიტანა. მამაკაცის სამოსისთვის დამახასიათებელი პროდუქტის გარდაქმნა და ქალისთვის მორგება, რევოლუციური იდეა იყო, რომელმაც მოდა შეცვალა და თაობები შთააგონა. ახლა, როცა ვუყურებ Mach & Mach-ის ახალი კოლექციის ჩვენებას, რომელიც კოსტუმებით და შარვლით იხსნება, ვრწმუნდები, რომ მათი გოგონა შესაძლოა გაზვიადებულად, ან ზედმეტად ბრჭყვიალად მომეჩვენოს, მაგრამ არასერიოზული არ არის.
Mach & Mach შემოდგომა/ზამთარი
2019 თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული

მაჭარაშვილებისთვის ყოველი კოლექცია გამოწვევაა, როგორ დააბალანსონ ბრჭყვიალა სამოსის სიყვარული და ბრენდის ფემინისტური ხედვა ისე, რომ Mach & Mach-მა არ დაკარგოს იდენტობა და თან გულწრფელი დარჩეს ბრენდის დამფუძნებლების ფილოსოფიასთან.