ციფრული ტექნოლოგიები მოდის ინდუსტრიაში დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. დიდი ბრენდები მომხმარებლებს ფიზიკურის ნაცვლად, ციფრულ პროდუქტებს სთავაზობენ, ხოლო მაღაზიებს მეტავერსში ხსნიან. ბრენდის გამოცდილების მიღების ციფრული გზა დღესდღეობით საკმაოდ მოთხოვნადი და საინტერესოა.
საქართველოში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები CROSTY-მ გადადგა და პირველი ქართული ციფრული ფეხსაცმლის კოლექცია შექმნა. ქროსთი პირველი ქართული ბრენდი გახდა, რომელიც მსოფლიო ციფრულ მოდის სამყაროს შეუერთდა. 

CROSTY

ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი DRO ციფრულ ვერსიაში მკვეთრი ნეონის ფერებითაა ინტერპრეტირებული. 

”ეს არის სრულიად ახალი გზა იმისა, რომ გამოსცადო და მოირგო ქროსთი. გზა, რომელიც სცდება მატერიალურ პროდუქტს იმისათვის, რომ შეაბიჯო მომავალში და აღმოაჩინო მეტავერსის შესაძლებლობები.” – აცხადებს ქროსთის კომერციული დირექტორი შოთა მიქაია.

CROSTY


პირველი ციფრული პროდუქტის გარდა, ბრენდის გეგმებში შედის ინოვაციური ტექნოლოგიების მაქსიმალური ადაპტირება, მათ შორის კრიპტოვალუტით გადახდების დანერგვა, დეცენტრალიზებული ქსელების გამოყენება, NFT კოლექციების შექმნა და მეტავერსში ქროსთის მაღაზიის გახსნაც კი.

კოლექციის ნახვა და შეძენა მომხმარებელს ექსკლუზიურად Dressx.com-ზე შეუძლია. Dressx ონლაინ მაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს დიზაინერების კოლექციებს ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით.