2020 წლის დასაწყისში, მოდის სამყაროს შესახებ ერთ-ერთი მორიგი მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა – House of Cardin არის ნამუშევარი, რომელიც მაყურებელს პიერ კარდენის შესახებ უყვება. ფილმმა ისეთი საკულტო ფიგურები გააერთიანა, როგორებიც არიან ჟან პოლ გოტიე, ნაომი ქემბელი და სხვა ის ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა დროს, მოდის პიონერთან თანამშრომლობა აკავშირებდათ. ეს იყო ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ შექმნა ერთმა ადამიანმა მოდის იმპერია და როგორ აქცია საკუთარი სახელი მსოფლიო ბრენდად.
აღსანიშნავია, რომ ფილმში ინტერვიუს რამდენიმე ფრაგმენტით თავად კარდენიც გამოჩნდა და ეს იყო ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როცა მაყურებელმა ის, ეკრანზე, თავის სიცოცხლეში იხილა. ფილმის მსოფლიო პრემიერიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როცა 2020 წლის 29 დეკემბერს, ლეგენდარული დიზაინერი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამჯერად, კარდენის გარდაცვალებიდან ოთხი თვის თავზე, დოკუმენტური ნამუშევარი House of Cardin ონლაინ ჩვენებებით ბრუნდება. პირველ ეტაპზე, 26 აპრილიდან, დოკუმენტური სურათი ბრიტანეთისა და ირლანდიის ციფრულ პლატფორმებზე განთავსდება. როგორც უკვე აღინიშნა, ფილმი ვრცელ ინტერვიუებს და უნიკალურ დოკუმენტურ საარქივო კადრებს აერთიანებს.