ოტ-კუტიურ მოდის კვირეული წელიწადში მხოლოდ ორჯერ და მხოლოდ პარიზში იმართება. ის მკაცრ ჩარჩოებშია მოქცეული, რაც საფრანგეთის მოდის ფედერაციის მიერ განისაზღვრება და კონტროლდება. მაღალი სტანდარტებიდან და მკაცრი კონტროლიდან გამომდინარეობს, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის უფლება რამდენიმე ათეულ ბრენდს აქვს. უმრავლესობას ფრანგული მოდის სახლები შეადგენენ, თუმცა როგორც ყველა თანამედროვე ღონისძიება, პარიზის მაღალი მოდის კვირეულიც მრავალფეროვანია.




ფრანგების გვერდით, განსაკუთრებული ადგილი, რა თქმა უნდა, იტალიელებს უკავიათ. პიერპაოლო პიჩოლის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, იტალიური ბრენდი – Valentino მომენტის ყველაზე დაფასებული კუტიურ სახლად იქცა. გასულ წლებში, ვალენტინოს იმ ბრენდების გვერდით პოზიციონირდა, რომლებსაც შეუძლიათ ოტ-კუტიური საფრანგეთის საზღვრებს მიღმა ისე გაიტანონ, რომ ლეგიტიმაცია არ დაკარგონ.


ამგვარად ბრენდმა ახალი კუტიურ კოლექციის ჩვენება არა პარიზში, არამედ მშობლიურ რომში გამართა. პიერპაოლომ კოლექციას „დასაწყისი“ უწოდა, რაც შესაძლოა ირონიულად მოგეჩვენოთ, თუ გავიხსენებთ, რომ პიჩოლი ვალენტინოში უკვე თითქმის 25 წელია მუშაობს. მიუხედავად ამისა, როგორც დიზაინერი ამბობს, ოტ-კუტიურში ყოველთვის არსებობს ახალი თავი, რომლის გახსნაც დაგვიანებული არასდროს არის.

ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე, იტალიელმა დიზაინერმა პრესასთან შეხვედრა გამართა, “ეს ჩემთვის ძალიან პირადული კოლექციაა, იმიტომ რომ ვალენტინოს ისტორიას ასახავს,”-აღნიშნა მან. ვალენტინოს ისტორია რომში, ესპანურ კიბეს უკავშირდება, რადგან სწორედ ამ სახელგანთქმულ ადგილთან ახლოს მდებარეობდა ვალენტინოს პირველი სალონი. სიმბოლურია, რომ ჩვენებაც სწორედ ესპანურ კიბეზე გაიმართა. აღნიშვნას იმსახურებს მოდელების ოსტატობაც, რომლებიც ტანსაცმლის სტილის გათვალისწინებით, საკმაოდ თავდაჯერებულები მოძრაობდნენ პოდიუმად ქცეულ კიბეზე.
იხილეთ ჩვენება სრულად: